27 სექტემბერი - სოხუმის დაცემის დღე, ხსოვნისა და იმედის დღე საქართველოში

ზუსტად 11 წლის წინ, 27 სექტემბერს, სოხუმი ქართველებისგან დაიცალა. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმიდან გამოდევნილმა ქართველებმა დატოვეს ცეცხლში
გახვეული მშობლიური ქალაქი, სადაც აფხაზები გამარჯვებას ზეიმობდნენ.

მას შემდეგ 27 სექტემბერი ენგურსაქეთა საქართველოში გლოვის, ხსოვნისა და იმედის დღეა, ენგურს იქით კი - ქართველებზე გამარჯვების დღე. ომმა და მსხვერპლმა ქართველებსა და აფხაზებს შორის, ერთ დროს კარგ მეზობლებსა და მეგობრებს შორის, მტრობა დათესა. გავიდა დრო და აფხაზეთიდან დევნილები - ადამიანები, რომლებმაც აფხაზეთის ომში შვილები დაკარგეს, რომელთა შვილებიც აფხაზის ნასროლმა ტყვიამ შეიწირა, აფხაზებს მტრებად არ მიიჩნევენ. ამაში 27 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალურ დაფასთან შეკრებილ სოხუმელებთან საუბარმა დამარწმუნა.

[აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის დედის ხმა]

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ეს ქალბატონი აფხაზეთის ომში დაღუპულ შვილს თბილისში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალურ დაფასთან, დასტიროდა. მემორიალური დაფა, სადაც აფხაზეთში დაღუპული ქართველი მებრძოლების სახელები და გვარებია ამოტვიფრული, ბევრი შვილმოკლული დედისთვის არის გულის მოსაოხებელი ერთადერთი ადგილი - შვილების უსახელო საფლავები მათ აფხაზეთში დარჩათ. აფხაზეთის ომში დაღუპულები 27 სექტემბერს აფხაზეთშიც გაიხსენეს. ომში დაღუპული შვილების გამო, ალბათ, აფხაზმა დედებმაც იტირეს, მაგრამ სოხუმის დაცემის დღე, 27 სექტემბერი, აქ, ენგურს აქეთ საქართველოში, ხსოვნისა და იმედის დღეა, აფხაზეთში კი - ქართველებზე გამარჯვების დღე. აფხაზებსა და ქართველებს შორის ომმა დიდი უფსკრული გააჩინა, თუმცა ომში დაღუპულთა ჭირისუფლებს, ქართველებსაც და აფხაზებსაც, საერთო ტკივილი აქვთ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალურ დაფასთან სოხუმის დაცემის დღეს მისულმა ერთ-ერთმა სოხუმელმა მითხრა, რომ აფხაზებისა და ქართველების შერიგება სწორედ ამ საერთო ტკივილის გათავისებით უნდა მოხდეს:

[სოხუმელი ვაჟა თოდუას ხმა] “როდესაც ჩვენ ვიტირებთ ომში დაღუპულ აფხაზებზე, ისინი კი ქართველებზე, მაშინ მოხდება ჩვენი შერიგება. ისინი რომ დღეს გამარჯვებას ზეიმობენ, არ შეიძლება, იმიტომ რომ ორივეს გასაჭირი ერთნაირი იყო.”

ენგურსაქეთა საქართველოში აფხაზეთის ომში დაღუპულების დედები რომ მზად არიან აფხაზი დედების ტკივილი გაიზიარონ, ამაში არაერთ მათგანთან საუბარმა დამარწმუნა.

[გულნარა კეკელიას ხმა] “ რა იყო ვაჟკაცების ტყული დაღუპვა. ჩვენი ქუჩა სულ ამოწყდა. სექტემბრის თვეში საშინელება დატრიალდა. ცეცხლი რომ ეკიდა სოხუმს, გადმოვედი იმ დროს. “ (სტილი დაცულია)

სოხუმელ გულნარა კეკელიას აფხაზეთის ომში ვაჟი, ბესარიონ ბაღაშვილი, დაეღუპა. ცეცხლში გახვეულ სოხუმში შვილის საფლავის და სახლ-კარის დატოვების ტკივილი მას დღემდე არ განელებია, თუმცა ამბობს, რომ არ გაუჭირდება აფხაზ მეზობლებთან შერიგება, მათ გვერდით ცხოვრება. “ომამდე აფხაზი მეზობლებისგან ცუდი არ მახსოვს, დამნაშავეები ისინი არ ყოფილან, დამნაშავე ის ადამიანები იყვნენ, ვინც ომი დაიწყოო,” - მითხრა მან.

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთიდან დევნილმა მოსახლეობამ თბილისში ხელიხელჩაჭიდებული მსვლელობა გამართა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალისკენ. ამ დღეს მემორიალთან შეკრებილი დევნილები, მათ შორის, დედები, რომლებმაც ომში შვილები დაკარგეს ერთმანეთს საკუთარ ტკივილს უზიარებდნენ და არამარტო შვილების დაკარგვის ტკივილს. ისინი უსახსრობისა და მათი პრობლემების მიმართ ხელისუფლების გულგრილობის გამოც ჩიოდნენ.