საქართველო ერაყში სამხედროთა რაოდენობას ზრდის

თამარ ჩიქოვანი, თბილისი ოქტომბრის დასაწყისიდან ერაყში ქართველ სამხედროთა დამატებითი ძალები გაემგზავრებიან. ამის შესახებ 25 სექტემბერს განაცხადა ვაშინგტონში ვიზიტით მყოფმა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ, რომლის განმარტებითაც, ერაყში ქართველ სამხედროთა ზრდის საკითხი პირდაპირ იქნება დამოკიდებული სამხედრო სფეროში ამერიკული დახმარების ოდენობაზე. „ჩვენ ამაში ორმხრივ ინტერესს ვხედავთ - ამერიკელები მეტ მხარდაჭერას მიიღებენ, საქართველოს კი მეტი კარგად მომზადებული ჯარისკაცი ეყოლება,“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ დონალდ რამსფელდთან შეხვედრის შემდეგ.


საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამშობლოში 27 სექტემბერს დაბრუნდება და ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის შედეგებზე აეროპორტშივე ისაუბრებს. შესაბამისად, ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რასაც ქართული თუ რუსული საინფორმაციო სააგენტოები აქვეყნებენ. კერძოდ, გიორგი ბარამიძემ დონალდ რამსფელდთან შეხვედრის შემდეგ რამდენიმე საინტერესო განცხადება გააკეთა - რომ საქართველო მხარს უჭერს რუსეთის ბრძოლას ტერორიზმთან, რომ საქართველო დიდ პრობლემად არ განიხილავს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხს, რომ საქართველოში დასრულდა ამერიკული მხარის მიერ დაფინანსებული წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ გაფართოვდება ამერიკა-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა. ამავე დროს, გიორგი ბარამიძეს იმედი აქვს, რომ სამხედრო თანამშრომლობა რუსეთთანაც გახდება შესაძლებელი.
ამ ბოლო მოსაზრებას უცნაურს უწოდებს ექსპერტი სამხედრო საკითხებში კახა კაციტაძე, რომლის თქმითაც, რას ნიშნავს რუსეთის შეიარაღებული ძალები - ეს კარგად გამოჩნდა ბესლანის მოვლენების დროს:
[ კახა კაციტაძის ხმა] „დიდი მადლობა რუსეთს - კარგი ბიჭები არიან და ა.შ., მაგრამ მათი ყველაზე უკეთესი დახმარება ის იქნება, თუკი თავის თავს მიხედავენ.“(სტილი დაცულია)
რაც შეეხება ერაყში ქართული შეიარაღებული ძალების კონტინგენტის ზრდის საკითხს - როგორც იცით, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ხელმოწერებესაც კი აგროვებს, მოწოდებით „ ნუ წახვალ სხვის ომში“, მაგრამ თავად ქართველი სამხედროები და საზოგადოების დიდი ნაწილი, ასე ვთქვათ, სხვის ომში სიამოვნებით მიდის. მეტიც - სხვის ომში წასასვლელად აუცილებელი პირობების დაკმაყოფილებაა საჭირო. ვინ შეიძლება წავიდეს ერაყში - თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ნათია ჩიქოვანის განმარტება ასე ჟღერს:
[ ნათია ჩიქოვანის ხმა] „ აუცილებლად უნდა ჰქონდეს გავლილი წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა და უნდა გაიაროს ფიზიკური და სამედიცინო შემოწმება. ამის მიხედვით არჩევენ. ეს ყველაფერი გენშტაბში წყდება.“
ერაყში წასვლის მსურველები სამედიცინო შემოწმებას უკვე გადიან თავდაცვის სამინისტროს პოლიკლინიკაში. ამ გასამხედროებული სამედიცინო დაწესებულების ექიმმა ხათუნა ჯიბღაშვილმა კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ერაყში წამსვლელთათვის არა მხოლოდ კარგი ფიზიკური, არამედ კარგი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც - ის თავად მსახურობდა 6 თვე ერაყში:
[ ხათუნა ჯიბღაშვილის ხმა] „ 70 – 75 გრადუსი სიცხე იყო. იყო დაბომბვები თითქმის ყოველდღიურად იქ, სადაც ჩვენ ვიყავით. სხვა რა გზა გვქონდა - მერე შევეგუეთ ყველაფერს. მერე გადავედით ალკუთში - უკრაინელების ბაზაზე. ჰოსპიტალი იყო გაშლილი და იქ ვმუშაობდით.“
ხათუნა დღეს იმ ქართველ სამხედროებს უტარებს კომისიას, ვინც ერაყში წასვლის სურვილს აცხადებს. თავად ამბობს, რომ სიამოვნებით წავიდოდა სამუშაოდ, ამჯერად, ავღანეთში. რატომ?
[ ხათუნა ჯიბღაშვილის ხმა] „ იმიტომ, რომ მე ვარ სამხედრო და რასაც მიბრძანებენ, იმას გავაკეთებ. გარდა ამისა, სურვილიც მაქვს, რომ წავიდე.“

აუტრო
სანიმუშო სამხედრო დისციპლინისა და რომანტიზმის გარდა, ალბათ, თამარ ჩიქოვანის რესპონდენტისა და სხვა ქართველი სამხედროებისთვის, სიამოვნებით რომ მიემგზავრებიან მსოფლიოს ცხელ წერტილებში სამუშაოდ, ის ხელფასიც მნიშვნელოვანია, რომელსაც ისინი იმავე ერაყში სამსახურისთვის იღებენ.