მტრის ხატი თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში

“ვარდების რევოლუციის “ შედეგად, საქართველოში ხალხის სახელით მოლაპარაკე ხელისუფლება მოვიდა. ის ხალხის ინტერესებით ხსნის თავის გადაწყვეტილებებს (მართებულს და გაუმართლებელს),
მისი წარმომადგენლები, ასევე ხალხის სახელით, ხალხის მტრებად და მოღალატეებად მოიხსენიებენ იმ პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებიც ამა თუ იმ პრობლემატურ საკითხზე ღია დებატებს, ახსნა- განმარტებებს მოითხოვენ. “ნაციონალური მოძრაობა- დემოკრატების” წარმომადგენელმა გიორგი არველაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან უკვე მეორედ უწოდა ქვეყნის მტრები უმრავლესობის წევრებისგან განსხვავებული პოზიციის დეპუტატებს, იმ დეპუტატებს, რომლებმაც ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ოპერაციის გამო გააკრიტიკეს. რას ნიშნავს თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში აღზევება ტერმინისა - “ქვეყნის მტრები“, გნებავთ, “ხალხის მტრები”?

მოსახლეობის ხმათა დიდი, ლამის აბსოლუტური, უმრავლესობით არჩეული ხელისუფლება სულ ხალხის სახელით რომ ლაპარაკობს, გასაკვირი არაა, თუმცა ირკვევა, რომ მმართველი ძალის ზოგიერთი წარმომადგენლისა და მათი ამომრჩევლების დამოკიდებულება დაუსაბუთებლად “ქვეყნის მტრების” დასახელებისადმი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. აი, როგორ უპასუხეს ამომრჩევლებმა ჩემი კოლეგის, ჯიმშერ რეხვიაშვილის, შეკითხვას - ვინ შეიძლება იყოს საქართველოს მტერი, მათი მტერი ?

[მოქალაქეების ხმები]

“ საქართველოს მტრები, რა თქმა უნდა, ეყოლება, მაგრამ მე ვერ გეტყვით, ვინ არიან. ყველა ქართველს უნდა ქართველისთვის კარგი? მაგრამ ვინ არის მტერი, ვერ გეტყვით.”

“მტერს როგორ დაგისახელებთ, მტერი ასეთი ადვილი დასასახელებელი არ არის. ვინ არის მტერი, ძნელია ამის თქმა.“

მტერი ასე ადვილი დასასახელებელი არ არისო, აღნიშნა ჩვენმა რესპონდენტმა. დეპუტატ გიორგი არველაძეს კი სულაც არ უძნელდება დააკონკრეტოს, ვინ არის მტერი, ქვეყნის მტერი, ხალხის მტერი. რამდენიმე დღის წინ მმართველი ძალის ამ წარმომადგენელმა საჯაროდ ქვეყნის მტრად მოიხსენია დეპუტატი დავით გამყრელიძე, როცა მან პარლამენტის სესიაზე გამოსვლისას ცხინვალში ჩატარებულ ოპერაციასთან დაკავშირებით აღმასრულებელი ხელისუფლებისგან ახსნა- განმარტება მოითხოვა; უკვე 16 სექტემბერს მან მტრობა რესპუბლიკელ ივლიანე ხაინდრავას დასწამა, როცა მისი კრიტიკული გამოსვლა ჟირინოვსკისა და ბაბურინის გამოსვლებს შეადარა. მმართველი ძალის სხვა წარმომადგენლებს თანაგუნდელის ქმედება არ გაუკრიტიკებიათ. უფრო მეტიც, თავისი კოლეგის გამოსვლა გიგა ბოკერიამ შემდეგნაირად ახსნა:

[გიგა ბოკერიას ხმა] “სიტყვის თავისუფლების ნაწილია. თუ ერთი პოლიტიკოსი მწვავე გამოსვლას იყენებს მეორის მიმართ, ეს მისი უფლებაა. მე მიმაჩნია ჩვენი კოლეგების უცოდინარ მიდგომად საკითხისადმი , როცა ისინი ასეთ მწვავე გამოსვლებში ხედავენ საფრთხეს მათ მიმართ. “


შეფასებები სხვადასხვაგვარია. ოპოზიციის ფლანგზე მიიჩნევენ, რომ მმართველთა ლექსიკაში ტერმინის “ქვეყნის მტრების” აღზევება დიქტატურის მოახლოებაზე მიანიშნებს.

ტრადიციონალისტთა თავმჯდომარე აკაკი ასათიანს დღევანდელი მმართველი ძალის წარმომადგენლების გამოსვლები მეოცე საუკუნის 20 -30-იანი წლების დროინდელ გამოსვლებს აგონებს, ბოლშევიკების გამოსვლებს:

[აკაკი ასათიანის ხმა] “ ხმარობენ აბსოლუტურად იმავე ტერმინებს: “ხალხის მტერი” იქნება ეს თუ “რევოლუცია მოდის”, “კონტრრევოლუციის შიში”, “მდიდარს წაართვი, ღარიბს მიეცი”, თუმცა ღარიბებისთვის მიცემული მე არ მინახავს.”

ტერმინი “ხალხის მტერი” ბოლშევიკებმა დაამკვიდრეს. კომუნისტური რეჟიმის დანგრევის შემდეგ ქართული საზოგადოების ცნობიერებაში ეს ტერმინი აღორძინდა ოდნავ შეცვლილი სახით - “ერის მოღალატეები”. დღეს მივიღეთ ახალი ფორმულირება - “ქვეყნის მტრები”, “სახელმწიფოს მტრები”. ამ ტერმინს განსხვავებულად მოაზროვნეთა წინააღმდეგ იყენებენ. რას ნიშნავს ეს? - ვინ იყვნენ ხალხის მტრები მეოცე საუკუნის დასაწყისში, ვინ იყვნენ ერის მოღალატეები ამ საუკუნის მიწურულს და ვინ არიან ეს, ე.წ., ქვეყნის მტრები თანამედროვე საქართველოში, ხელისუფლების წარმომადგენელთა გაგებით, ამის განმარტება, ასე ვთქვათ, მტრის ბანაკის, რესპუბლიკელების, წარმომადგენელს - დავით ბერძენიშვილს ვთხოვე.

[დავით ბერძენიშვილის ხმა] “ხალხის მტერი იყო ილია ჭავჭავაძე ბოლშევიკებისთვის, ხალხის მტრები იყვნენ ეროვნულ-დემოკრატები, ხალხის მტრები იყვნენ 30-40 -50-იან წლებში ქართველი ერის ზნეობრივი ელიტის წარმომადგენლები, ხალხის მტრები ვიყავით დისიდენტები, ხალხის მტრები ვიყავით გამსახურდიას დემოკრატიული ოპოზიციონერები, ხალხის მტრები ვიყავით შევარდნაძისა და აბაშიძის დროს პოლიტიკოსები, რომლებიც ხელგაწვდილები არ ვიდექით შევარდნაძისა და აბაშიძის კარზე, გასხვავებით დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლისაგან და თუ ეს ხელისუფლება მოქალაქეთა კავშირში და, მანამდე, კომკავშირში ნასწავლ აზროვნებას არ მოიშლის, ხალხის მტრები გავიმარჯვებთ ისევ.