საქართველო გაძარცულ ობიექტებს იბრუნებს

ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი დღეს ქართულ მხარეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 8 ობიექტი გადმოსცა. მათი უმეტესობა არასამხედრო დანიშნულებისაა და ისინი უკვე საქართველოს ეკონომიკის
სამინისტროს საპრივატიზაციო ნუსხაში მოხვდნენ. მათ შორისაა: ისნის სასურსათო მეურნეობა, ვაზიანის საწყობები, კარტოგრაფიული ფაბრიკა და სხვა. ქართველ სამხედროებს მხოლოდ აბანო და ჯავშანსატანკო სარემონტო ქარხანა გადაეცემათ. თუმცა ორივე მათგანი, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ობიექტები, უმეტესწილად, გაძარცული, ხოლო შენობები ამორტიზებულია, რაც ქართული მხარის უკმაყოფილებას იწვევს.


რუსი სამხედროები ტრადიციას არ ღალატობენ და საქართველოს გაპარტახებულ ობიექტებს უტოვებენ. 11 აგვისტოს მოსკოვში ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ქართულ მხარეს დღეს 8 ობიექტი გადმოეცა. სასურსათო მეურნეობა, საწყობები, ერთი ფაბრიკა და ერთიც ქარხანა რეალურად ცარიელ კედლებს წარმოადგენენ; ეს კედლებიც, იმთავრესად, საუკუნეზე მეტი ხნის წინაა აგებული. მიმღები მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - ამ ობიექტთა უმეტესობას, შემდგომი პრივატიზების მიზნით, ეკონომიკის სამინისტროს გადასცემს. თავდაცვის მინისტრის მოადგილის დავით სიხარულიძის თქმით, ამჟამად საპრივატიზაციოდ აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს:

[დავით სიხარულიძის ხმა]

რუსეთის მიერ ობიექტების გადმოცემის ფაქტს კმაყოფილებით ეხმაურება საქართველოს თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე. ჩაქვში მყოფი მინისტრი ქართულ-ამერიკულ სამხედრო კონფერენციას მასპინძლობს და საქართველოს მიერ კუთვნილი ქონების ეტაპობრივ დაბრუნებაზე საუბრობს:

[გიორგი ბარამიძის ხმა]

ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, გადმოცემული ობიექტების მდგომარეობის გამო უკმაყოფილებას არ მალავენ ქართველი ექსპერტები. გაზეთ “კვირის პალიტრის” სამხედრო მიმომხილველის ირაკლი ალადაშვილის თქმით, ქართული არმიისათვის უმნიშვნელოვანესი იყო კავკასიაში ერთადერთი - 142 -ე ჯავშანსატანკო სარემონტო ქარხნის მიღება, მაგრამ როგორც დღეს გაირკვა ეს საწარმოც სრულიად გაძარცული გადმოგვეცა:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა]

მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სხვადასხვა ობიექტების გადმოცემის პროცესი გაგრძელდება. მომავალ კვირას ქართული მხარე, საფინანსო-სამეურნეო აღრიცხვის შემდეგ, კიდევ 12 შენობა- ნაგებობას ჩაიბარებს.