არსებობს თუ არა სამხრეთ კავკასიაში თურქეთის პოლიტიკის გააქტიურების პერსპექტივა, რას ფიქრობენ ამაზე თურქეთში და საქართველოში

სექტემბრის დასაწყისში საქართველოს დიდი მეზობლების, რუსეთის და თურქეთის, მეთაურთა შეხვედრები იგეგმება. 2-3 სექტემბერს ვლადიმირ პუტინი თურქეთის სტუმარი იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ ქვეყნის ხელისუფლების უმაღლეს პირებთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტი, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის ტერიტორიის გავლით ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელით ნავთობსადენის მშენებლობის საკითხსაც განიხილავს. რამდენად დარჩებათ მხარეებს დრო საქართველოსთვის და რა როლს დაიკავებს თურქეთში გასამართ შეხვედრებზე საქართველოს საკითხი, მალე გაირკვევა. თურქული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თურქეთის პრემიერ-მინისტრი ერდოანი რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ქართულ-ოსური კონფლიქტის საკითხის დასმას და პუტინთან, როგორც მეგობართან, საქართველო- რუსეთის ურთიერთობაზე საუბარსაც აპირებს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თურქეთს სამხრეთ კავკასიაში თავისი პოლიტიკის გააქტიურება აქვს განზრახული?

თურქული საინფორმაციო სააგენტოს “ანადოლუს” ინფორმაციით, თურქეთი საქართველოს და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში ერთგვარი შუამავალი ხდება. “მიხეილ სააკაშვილმა თურქეთის პრემიერ-მინისტრს მიმართა თხოვნით, იკისროს შუამავლობა საქართველოსა და რუსეთს შორის. თურქეთის პრემიერმა ეს წონადადება მიიღო და დადო პირობა, რომ ამ თემაზე ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე ისაუბრებს,” - თურქული საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ამ ცნობას რუსეთის საინფორმაციო საშუალებებში ეხმაურებიან. “ერდოანის მზადყონა აქტიურად ჩაერთოს საქართველოს კონფლიქტების მოგვარებაში მეტყველებს, რომ თურქეთი აპირებს შეცვალოს თავისი პასიური პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში. ამისთვის თურქეთის პრემიერს ნამდვილად აქვს რუსეთის პრეზიდენტთან სავაჭრო - რუსეთისთვის ასე მნიშვნელოვანმა ნავთობსადენმა ხომ თურქეთის ტერიტორიაზე უნდა გაიაროს. ამდენად, სამხრეთ კავკასიაში ჩნდება ახალი სტრატეგიული მოთამაშე,” - ასეთ აზრს ავითარებენ რუსი ჟურნალისტები. სამხრეთ კავკასიაში თურქეთის პოლიტიკის გააქტიურებისა თურქეთის ქართული ეროვნების მოქალაქეებსაც სჯერათ, თავად საქართველოში კი საკითხს, ცოტა არ იყოს, სკეპტიკურად უყურებენ. სახელმწიფო კანცელარიაში ადასტურებენ ცნობას იმის შესახებ, რომ თბილისში თურქეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრებზე, მართლაც, წამოიჭრა რუსეთსა და საქართველოს შორის თურქეთის შესაძლო შუამავლობის საკითხი, რომ ამ შეხვედრებზე იყო მსჯელობა საქართველოში არსებული კონფლიქტების მოწესრიგების პროცესში თურქეთის როლის გააქტიურებაზე, თუმცა ექსპერტს საგარეო ურთიერთობებში შალვა ფიჩხაძეს ეეჭვება სამხრეთ კავკასიაში გააქტიურებით თურქეთი რუსეთთან დაპირისპირებაზე წავიდეს:

[შალვა ფიჩხაძის ხმა] “არავინ არ გამოჩნდა ისეთი, ამერიკის გარდა, ვინც შეძლებს აქ რუსეთის დაბალანსებას. მეეჭვება ამაზე თურქეთი წავიდეს. ასეთ შემთხვევაში მან უნდა დაიძაბოს ურთიერთობა რუსეთთან. ერთადერთი, ვინც ამაზე მიდის და ისიც ნაწილობრივ, არის ამერიკის შეერთებული შტატები. ის არ ერიდება ისეთი პროგრამის განხპორციელებას, როგორიც არის წვრთნისა დაა აღჭურვის პროგრამა, არ ერიდება რუსეთისთვის იმის შეხსენებას, რომ საქართველოდან მისი ბაზები უნდა გავიდეს. სხვა ყველაფერ ამას ერიდება.”

შალვა ფიჩხაძისთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდა საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან შუამავალი, მით უფრო, როცა ცოტა ხნის წინ თანახმა იყო რუსი ბიზნესმენებისთვის ლამის ყველაფერი მიეყიდა. ის ვერ ხედავს ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში თურქეთის შესაძლო გააქტიურების რესურსს და ფიქრობს, რომ თურქეთს აფხაზეთის პრობლემის გადაჭრის მიმართულებით გააქტიურებაც გაუჭირდება, მათ შორის, თურქეთის აფხაზური დიასპორის ფაქტორის გათვალისწინებით. მაგრამ თურქეთში არსებობს ქართული დიასპორაც.

[რამაზან აიდენის ხმა] “რუსეთს კავკასიაში ძალა ჰქონდა და ამ ძალას კარგავს, ამიტომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ანგრევს სტაბილურობას და აწყობს კონფლიქტებს. “

საქართველოსა და თურქეთის მეგობრობის საზოგადოების თავმჯდომარეს რამაზან აიდენს ჩვენ სტამბულში დავუკავშირდით. ის წარმოშობით ქართველია. ქართული დედისგან ისწავლა. თვისი ისტორიული სამშობლო ძალიან უყვარს და მის კეთილდღეობაზე ოცნებობს. რამაზან აიდენის თქმით, თურქეთში კარგად ხედავენ რუსეთის უარყოფით როლს სამხრეთ კავკასიაში. “თურქეთს არ აწყობს ამ რეგიონში არასტაბილურობა, რადგან ეს ემუქრება დიდ ენერგოპროექტებს, რომლებსაც თურქეთი საქართველოსთან ერთად ახორციელებს, “- აღნიშნავს ის და დასძენს: “ისტორიულად საქართველოსა და თურქეთის მეგობრობა ძლიერია, მაგრამ რეალურ პოლიტიკას თუ შევხედავთ, საქართველოში რუსეთის ინტერესებიც ძლიერია. ამის მიუხედავად, მე მგონი, მიღწეულ იქნება საქართველოში სტაბილურობა, თურქეთის პოლიტიკაც ამისკენაა მიმართული. “

რამაზან აიდენი ფიქრობს, რომ თურქეთს აქვს საიმისო რესურსები, გარკვეული საშუამავლო როლი იკისროს საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის მოწესრიგებაში. მას სჯერა , რომ თურქეთი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის გააქტიურდება, თუმცა ვნახოთ.

საქართველოს დიდი მეზობელი ქვეყნების მეთაურთა შეხევედრები თურქეთში მალე შედგება. საინტერესოა, რა ადგილს დაიკავებს ამ შეხვედრებზე საქართველოს თემა, რა სახის შუამავლობას შესთავაზებს თურქეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინს და, თუ ასე მოხდა, რა პასუხს მიიღებს მისგან.