ხე-ტყის მასიური ჭრა სამცხე-ჯავახეთში კვლავ გრძელდება. გამოცხადებული სამთვიანი მორატორიუმის დამთავრებიდან

ხე-ტყის მასიური ჭრა სამცხე-ჯავახეთში კვლავ გრძელდება. გამოცხადებული სამთვიანი მორატორიუმის დამთავრებიდან რამდენიმე დღეში სამართალდამცველებმა ბორჯომის
რაიონში ერთობლივი რეიდი ჩაატარეს და 200-მდე უკანონოდ მოქმედ სახერ-საამქროში 2000 კუბურ მეტრზე მეტი მოჭრილი ხე-მასალა აღმოაჩინეს. ძალოვანები არ გამორიცხავენ აღნიშნული ფაქტის გამო ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო მეურნეობის დირექტორისა და მისი თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს რეგიონალური წარმომადგენელი ტარიელ კაპანაძე ბორჯომის ხეობაში შექმნილ ვითარებას განსაკუთრებულად მძიმეს უწოდებს. დღეს იმ საგანგაშო ვითარების შესახებ მოგითხრობთ, რომლის წინაშეც, შესაძლებელია, სულ მალე აღმოვჩნდეთ.

[ტარიელ კაპანაძის ხმა] ,,ძალიან მძიმე სიტუაციაა, მოსახლეობას ვერ ვაკავებთ საკირის მიმართულებით.... განსაკუთრებით, ნეძვის ხეობაში. იმიზეზებენ მაგას, რომ პურის ფქვილი არა გვაქვს და გვშია და რა ვიცი...”(სტილი დაცულია)

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს რეგიონალური წარმომადგენლის ტარიელ კაპანაძის ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან მხარის ძალოვანები. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ბორჯომის ხეობაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო სატყეო-მეურნების დირექტორმა და მისმა თანამშრომლებმაც აგონ პასუხი, თუმცა, შესაძლებელია, გამოძიების პროცესში მათი რიცხვი გაიზარდოს და დამნაშავეთა რიგებში მაღალი თანამდებობის პირებიც აღმოჩნდნენ, როგორც ეს ადიგენის რაიონში მოხდა. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის სამმართველოს უფროსი ტარიელ ჯინჭველაძე მორატორიუმის პირობებში საეჭვოდ გაჩენილ სეკვესტრირებულ ხე-ტყეზე ამახვილებს ყურადღებას:

[ტარიელ ჯინჭველაძის ხმა] ,,როცა გამოცხადდა აკრძალვა ხე-ტყის ჭრაზე, მაშინ გამოჩნდა სეკვესტრირებული ხე და ასეთი განცხადება პოლიციაში არ შემოსულა სატყეოს მხრიდან, რომ მათ ვინმემ მოპარა ხე-ტყე. სეკვესტრი, თავისთავად ცხადია, კეთდება მოპარულ ხე-ტყეზე, რომელიც უკანონოდ იქნა მოჭრილი და ვერ იქნა გატანილი.” (სტილი დაცულია)

წლების მანძილზე სამცხე-ჯავახეთში უმოწყალოდ გაჩეხილი ხე-ტყის რეალიზება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ხერხით ხდებოდა. ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაერთგზის გამოცხადებული მორატორიუმის პირობებშიც კი ტყის გაჩეხვა ჩვეულებრივი ტემპით მიმდინარეობდა. შეიძლება ითქვას, რომ ვითარება ,,ვარდების რევოლუციის” შემდეგ ბორჯომის ხეობაში კვლავ უცვლელი დარჩა. სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორის დავით ნარიმანიშვილის განცხადებით, ბორჯომის რაიონში 200-მდე მოქმედი სახერხიდან ფუნქციონირების უფლება მხოლოდ ხუთს შეიძლება ჰქონდეს, მაშინ როცა თითოეულ ობიექტზე 10-15 კუბური მეტრი ხე-ტყე დასახერხად ყოველთვის გამზადებულია.

[დავით ნარიმანიშვილის ხმა] ,,გამოდის, სადღაც 2000 კუბა მეტრამდე დასახერხი მორი ყრია ბორჯომის რაიონში და ეს 2000 კუბა მეტრი უკვე სერიოზული შედეგებით უნდა გამოირჩიოს და სერიოზულად უნდა დადგეს სატყეოს თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი. შეიძლება მოგპარონ ერთი, ორი, ჰა - 10 და 20, მაგრამ როგორ შეიძლება მოგპაროს ვიღაცამ, დაუშვათ, 1500 კუბა მეტრი ხე-ტყე ტყიდან? ” (სტილი დაცულია)

ოლქის პროკურორის ამ კითხვას, მისივე განცხადებით, პასუხი მალე გაეცემა. 5 ჯგუფად დაყოფილი ძალოვანების ერთობლივი რეიდი ბორჯომის ხეობაში რამდენიმე დღე გაგრძელდება.