საზოგადოების ორი პოზიცია სახელისუფლო პოლიტიკის მიმართ

“ვარდების” ხელისუფლების პოლიტიკა საქართველოს მოსახლეობისგან სულ უფრო და უფრო მეტ ნდობას მოითხოვს. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ იგრძნობა იმ დღეების შემდეგ,
რაც საომარმა მოქმედებებმა ქართველი და ოსი ახალგაზრდების სიცოცხლე შეიწირა. სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთო ეროვნული ამოცანაა, მაგრამ რამდენად არის მზად ამ ამოცანის გადასაჭრელად ან ხალხი და ან ხელისუფლება? რა მოხდება იმ შემთხვევაში, კონფლიქტების მოგვარებამ ხვალ და ზეგ გაცილებით მეტი მსხვერპლი რომ მოითხოვოს? რომელია უფრო მოკლე გზა გამარჯვებისკენ: ომი თუ მშვიდობა? - აი, ამ რთულ და მტკივნეულ თემაზე მინდა გესაუბროთ.

ჯერ კიდევ 2003 წლის ნოემბერში ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ამომრჩეველს ჰპირდებოდა, რომ მისი პარტია რეალურ ნაბიჯებს გადადგამდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

2004 წლის იანვარში უკვე პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ამომრჩეველს ჰპირდებოდა, რომ თავდაუზოგავად იბრძოლებდა აფხაზეთისა და ოსეთის პრობლემის გადასაჭრელად.

ორივე არჩევნებში მხარდაჭერის მიუხედავად, როდესაც სააკაშვილმა საკუთარი დაპირებების განხორციელება დაიწყო, საზოგადოებრივი აზრი, სულ მცირე, ორად გაიყო.

საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ, როგორც იქნა, საქართველოს ეღირსა თავისი ქვეყნისთვის თავდადებული პრეზიდენტი; ეღირსა ხელისუფლება, რომელიც ენერგიულ ნაბიჯებს დგამს კონფლიქტების გადასაჭრელად.

საზოგადოების მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი ჰგავს მატარებლის წინ მორბენალ კაცს, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ - მთელ ქვეყანას.

პირველი ნაწილი ფიქრობს, რომ ომით დაკარგულს მხოლოდ ომით დავიბრუნებთ; რომ ყველა ომში გამარჯვება შეუძლებელია და ამიტომ, რაგინდ დიდიც უნდა იყოს საფრთხე, მაინც საჭიროა ძლიერი ნაბიჯების გადადგმა სახელმწიფოს გასაერთიანებლად.

მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ პრეზიდენტს მოთმინება ღალატობს, როდესაც ცხინვალის პრობლემის გადაჭრას ბათუმური მეთოდებით ცდილობს. ამ ნაწილის აზრით, ღირდა, რომ ხანგრძლივი, თანმიმდევრული და გონივრული პოლიტიკით, ოღონდ მშვიდობიანი გზით გვეცადა დაკარგულის დაბრუნება.

საზოგადოების პირველი ნაწილი დარწმუნებულია, რომ დღეს ქართული სახელმწიფო გაცილებით წინ არის წასული, ვიდრე ცხინვალის კონფლიქტის შეიარაღებულ ფაზაში გადასვლამდე იყო. მეორე ნაწილი კი ვარაუდობს, რომ, შესაძლოა, წლები დასჭირდეს იმ ფაზაში დაბრუნებას, რომელშიც თოფის გასროლამდე ვიყავით.

საზოგადოების ორი ნაწილის პოზიციათა სხვაობა ქვეყნის მომავლის ორგვარ ხედვას ეფუძნება. ის პირობა, რომ სახელმწიფო უნდა გაძლიერდეს და გაერთიანდეს, ყველასთვის მისაღებია. მაგრამ ამ საერთო მიზნის მისაღწევად ხელისუფლების მიერ გადასადგმელი ნაბიჯების თანმიმდევრობა სწორედ ის საკითხია, რომელზეც განსხვავებული ხედვის ადამიანები ვერასოდეს შეთანხმდებიან.

რადგან: ერთნი ფიქრობენ, რომ არავითარ წარმატებაზე საუბარი არ შეიძლება მანამ, სანამ ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება და ქვეყანა არ “შეიკვრება”. მათი აზრით, ლოგიკაც ამაზე მიუთითებს და ისტორიული გამოცდილებაც ამასვე ადასტურებს, რომ დარღვეული ქვეყნის შენება საზღვრებიდან იწყება. საზოგადოების ამ ნაწილის აზრით, ღირსეული ქვეყანა და ღირსეული ხალხი ნებისმიერი მსხვერპლის ფასად იბრძოლებს უმთავრესი მიზნის მისაღწევად.

მეორენი გამარჯვებისკენ მიმავალ გზას სულ სხვაგვარად ხედავენ. ისინი ფიქრობენ, რომ გაცილებით უკეთესი იქნებოდა, თუკი ახალი ხელისუფლება სახელმწიფოს შენებას საზღვრებიდან კი არა, ქვეყნის გულისგულიდან დაიწყებდა: გაჭირვებულ ადამიანებზე იზრუნებდა, ხალხს შენების მუხტს აგრძნობინებდა, ეკონომიკას გააჯანსაღებდა, ინვესტიციებს მოიზიდავდა, სამუშაო ადგილებს გაამრავლებდა. თუკი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დღის წესრიგში ამის შემდეგ დადგებოდა, ქვეყნის მთელი მოსახლეობა მეტი ნდობით და გაგებით მოეკიდებოდა ხელისუფლების მოწოდებას, თუნდაც, ბრძოლისა და თავგანწირვის შესახებ.

პრეზიდენტმა, ალბათ, იცის, რომ მისი თითოეული ნაბიჯი ყოველდღიური ცხარე კამათისა და გულმხურვალე განხილვების თემაა; ალბათ, ისიც იცის, რომ ჩვენს ქვეყანაში, სადაც ალტერნატივების არსებობა “მოდაში” აღარ არის, ომისა და მშვიდობის შესახებ ერთიანი ხედვა ნამდვილად არ არსებობს.