გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და “ბრითიშ პეტროლიუმს” შორის

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და “ბრითიშ პეტროლიუმს” შორის ნაყოფიერი კონსულტაციები გაიმართა, რის შედეგადაც,
ბორჯომის ხეობის 17 კმ-იან ზოლში სამშენებლო სამუშაოები, რომელიც, ქართული მხარის მოთხოვნით, 2 კვირის განმავლობაში შეჩერებული იყო, აღდგენილია. მინისტრის მოადგილე ზაალ ლომთაძე აცხადებს, რომ სამინისტრომ სერიოზული გარანტიები მიიღო. მაგრამ ასე არ ფიქრობენ გარემოსა და ძეგლთა დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი ყოფილი ხელისუფლებისა და “ბრითიშ პეტროლიუმის” მიერ დადებულ გაურკვეველ შეთანხმებას სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე აპროტესტებდნენ და ბი-პის მათი პროტესტის სრულ იგნორირებასა და მხოლოდ საკუთარი ბიზნესინტერესების დაცვაში ადანაშაულებენ. არასამთავრობო ორგანიზაციები ,,მწვანე ჯვარი” და ,,აწყური” ახალი ხელისუფლებისაგან საუკუნის პროექტის ხელმძღვანელებთან მეტი პრინციპულობის გამოჩენას მოითხოვენ.


მილსადენის მიწაში სათანადო სიღრმით ჩადება და ეკოლოგიის სფეროში გარკვეული გარანტიები - ეს არის ძირითადი საკითხები, რის გამოც ბორჯომის ხეობის 17 კმ-იან სამშენებლო ზოლში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თამარ ლებანიძის გადაწყვეტილებით, ბი-პიმ მუშაობა შეაჩერა. 2 კვირიანი კონსულტაციები ნაყოფიერი გამოდგა, - მიაჩნია “ბრითიშ პეტროლიუმის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს თამილა ჩანტლაძეს და ერთიან ინტეგრირებულ უსაფრთხოების გეგმაზე საუბრობს.

[თამილა ჩანტლაძის ხმა] ,,და შეთანხმდნენ იმაზე, რომ ჩვენს ექსპერტებთან ერთად, აგრეთვე ჩვენი უწყებების ექსპერტებთან ერთად, - გარემოს დაცვის სამინისტროზეა ლაპარაკი, - იმუშავებენ ერთიან ინტეგრირებულ უსაფრთხოების გეგმაზე და ახლა მიმდინარეობს ამაზე მუშაობა. რაც შეეხება სამუშაოებს, სამუშაოები აღდგა პარასკევს.”

გამართული კონსულტაციებით არც ქართული მხარეა უკმაყოფილო. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ ლომთაძე ნებისმიერ რეაგირებაზე სკრუპულოზური ჩარევით იმუქრება და მიაჩნია, რომ საგანგაშო ბორჯომის ხეობაში არაფერია:

[ზაალ ლომთაძის ხმა] ,,ერთი-ორი საკითხი რაც რჩება, დავუშვათ, ბორჯომის ხეობაში, მოგვარებული იქნება უკვე სამუშაო პროცესში. ის პირობები, რაც ჩაიდო, - დამატებითი პირობები მაქვს მე მხედველობაში, - ისინი იძლევიან უსაფრთხოების უფრო მეტ გარანტიებს, ვიდრე ადრე იყო. საგანგაშო იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ არ იქნებოდა გათვალისწინებული ყველა შესაძლო საფრთხე.”


მინისტრის მოადგილისაგან განსხვავებით, სერიოზული პრეტენზიები აქვთ გარემოსა და ძეგლთა დაცვის სფეროში მომუშავე სამცხე-ჯავახეთის მხარეში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. მესამე სექტორი ბი-პის მათი მოთხოვნების სრულ იგნორირებაში სდებს ბრალს. გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აწყურის” ხელმძღვანელი ნანა მოდებაძე მათთან ურთიერთობას შეუძლებელს უწოდებს:

[ნანა მოდებაძის ხმა] ,,იმ დონეზე, რომ ჩვენ შიგ ჩაგვეხედა და გაგვეგო, რა სიტუაცია იყო.... და ის ყველაფერი, რაც იმ გათხრის შემდეგ როგორ, რა უნდა იყოს, ქანების ფენების დალაგება, უამრავი რამე იყო ეკოლოგიური თვალსაზრისით, ფაქტიურად, არც კი ჩაგვახედეს. შეიძლება ითქვას, რომ ახლოსაც კი არ გვაკარებენ.”(სტილი დაცულია)

არანაკლებ რთული მდგომარეობაა ძეგლთა დაცვის თვალსაზრისით. “ბრითიშ პეტროლიუმმა” კულტურული მემკვიდრეობის მხოლოდ ერთადერთი დარგი - არქეოლოგიური საქმიანობა დააფინანსა. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანე ჯვრის” ხელმძღვანელის რამაზ კორშიას თქმით, ის მხოლოდ თავისი ბიზნესინტერესების დაცვისათვის ზრუნავს. კორშია სახელმწიფოს ახალ ხელისუფალთ მეტ პრინციპულობას სთხოვს:

[რამაზ კორშიას ხმა] ,,ამათ შეამცირეს მთელი ეს ხარჯები და მარტო არქეოლოგია დააფინანსეს და იმასაც ვაგლახურად არ აფინანსებენ, როგორც წესი და რიგია. ჩქარ-ჩქარა ათხრევინებენ და, ერთი სიტყვით, ძლიერი ზიანი ადგება ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას. თავიდან, რომ იხსნებოდა ეს პროექტი, მაშინ რაც იყო ნათქვამი, იმისი 10 % რომ მაინც შესრულდეს, ხეირი იქნებოდა საქართველოსათვის.’’(სტილი დაცულია)

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების პათოსს, გარკვეულწილად, ადგილობრივი ხელისუფლებაც იზიარებს. სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე გოჩა ნათენაძე პროექტის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დ აცხადებს, რომ ბი-პი-მ მეწყერისა და ტერორისტული აქტისაგან თავდასაცავად ბორჯომში შეწყვეტილი სამშენებლო სამუშაოები განაახლა.

[გოჩა ნათენაძის ხმა] ,,ახლა იქ, გარდა იმისა, რომ 5 მეტრზე გაითვალისწინეს, ამის გარდა, უკეთებენ ბეტონის სახურავს იმ მილებს, საკმაოდ სქელი ბეტონის სახურავს, და ფარავენ ფოლადის ბადით.”

“ბრითიშ პეტროლიუმმა” ბორჯომის ხეობაში შეწყვეტილი სამშენებლო სამუშაოები უკვე განაახლა. მესამე სექტორის მიერ გამოთქმული პრეტენზიების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება მიღებულ გარანტიებზე საუბრობს და პროექტის ეკონომიკურ მხარეზე აკეთებს აქცენტს.