პირველი სერიოზული დაპირისპირება ცხინვალის რეგიონში - მხარეები მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ

მხარეთა შორის დაპირისპირება ცხინვალის რეგიონში უკიდურესად გამწვავდა. 11-12 აგვისტოს იქ იყო მასირებული ორმხრივი სროლა, რამაც მსხვერპლი ორივე მხარეს მოუტანა.
დაჭრილები და დაღუპულები არიან ოსებიც და ქართველებიც. მასირებული სროლების შედეგად, საცხოვრებელი სახლები და საავადმყოფოები დაზიანებულია ქართველების მხარესაც და ოსების მხარესაც. ცეცხლის გახსნაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. მოკლედ, ცხინვალის რეგიონში ვითარება სერიოზულად გამწვავდა. პირველად, ბოლო პერიოდის მანძილზე, ოფიციალურად დასტურდება ინფორმაცია დაღუპულთა შესახებ.

ცხინვალის რეგიონის დიდი და პატარა ლიახვის ქართული სოფლების მოსახლეობა მათი სოფლების მიმართულებით ცეცხლის გახსნას მიეჩვია, თუმცა შეტევა, რომელიც ამ სოფლების მიმართულებით 11 აგვისტოს ღამის 10 საათისთვის დაიწყო,
ბოლოდროინდელ შეტევებს შორის ყველაზე მძიმე აღმოჩნდა.

[ალეკო სუხიტაშვილის ხმა] “10 საათზე დაიწყო ინტენსიური შეტევა ცხინვალის მხრიდან ყველა მიმართულებით - ლიახვის ხეობის სოფლების ყველა მიმართულებით. ისროდნენ ყველა ტიპის იარაღიდან.”

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის ალეკო სუხიტაშვილის თქმით, ცხინვალის მხრიდან ქართულ სოფლებზე შეტევა სრულიად უმიზეზოდ დაიწყო. ქართული მხარე ირწმუნება, რომ ამ შემთხვევაში შეტევას ჰქონდა ერთადერთი მიზანი - ლიახვის ხეობის ქართული სოფლების დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტა და იქ ეთნიკური წმენდის ჩატარება. საქართველოს პარლამენტის წევრი გურამ ვახტანგაშვილი ქართულ სოფლებზე შეტევის დროს კონფლიქტის ზონაში იმყოფებიდა. ხუთშაბათს ჩვენ მას იქ დავუკავშირდით და მსხვერპლისა და ზარალის შესახებ განმარტება ვთხოვეთ.

[გურამ ვახტანგაშვილის ხმა] “დიდი ლიახვის ხეობაშია დიდი დაზიანება. საცხოვრებელი სახლებია დაზიანებული - 100-მდე სახლი. მსხვერპლია. ერთი პოლიციელი დაიღუპა დიდი ლიახვის ხეობაში, 2 კი - პატარა ლიახვის ხეობაში. 27- მდე პირი დაჭრილია. “

დაღუპულები საქართველოს შინაგანი ჯარის წარმომადგენლები არიან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მათ ვინაობას არ ამხელენ. ოსური მხრიდან ქართულ სოფლებზე შეტევას ქართულმა სამშვიდობო ბატალიონმა საპასუხო ცეცხლით უპასუხა. დაჭრილები და დაღუპულები ოსების მხარესაც არიან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფლიქტის ზონაში მომხდარ ორმხრივ სროლას 30-მდე ოსი ბოევიკი შეეწირა. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ცეცხლის გახსნაში ბრალს საქართველოს მხარეს სდებს, ირწმუნება, რომ 11-12 აგვისტოს ქართული სოფლებიდან მასირებული ცეცხლი გაუხსნეს ოსურ სოფლებს, რის შედეგადაც დაზიანდა და დაინგრა 50 -მდე შენობა, მათ შორის, რესპუბლიკური საავადმყოფო, დაშავდა ადამიანი.

მოკლედ, ცეცხლის გახსნაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. შერეული სამშვიდობო ძალების შტაბში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ბარანოვის განცხადებით, ცხინვალის რეგიონში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებისას ცეცხლი გახსნილ იქნა რუსეთის სამშვიდობო ძალების ბლოკპოსტის მიმართულებითაც. მისვე თქმით, ამ მიმართულებით სოფელ ფრისიდან ისროდნენ, ფრისი კი ოსური სოფელია. “რჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას დიდი დაპირისპირების პროვოცირება სურდა,” - აცხადებს შერეული სამშვიდობო ძალების შტაბში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, თუმცა რუსეთის სამშვიდობო მისიას კონფლიქტის ზონაში არაფერი უღონია ამ პროვოკაციის აღსაკვეთად. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 12 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ დასაფიქრებელია რამდენად საჭიროა ამ ტიპის სამშვიდობო ძალების ყოფნა კონფლიქტის ზონაში.