ქართულ არმიაში გაწვევის წესები იცვლება

დავით პაიჭაძე, თბილისი ორიოდე დღის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოს მალე წარუდგენენ პროექტს
სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების შესატანად. პრინციპულია ცვლილება ვადიან სამსახურში მოქალაქეთა 1 წლით, ხოლო სტუდენტების 6 თვით გაწვევის შესახებ. კანონმდებლები აპირებენ გააუქმონ გაწვევის გადავადების გადასახადი 200 ლარის ოდენობით.

ვადიანი სამსახურის შემცირება ერთ წლამდე და სტუდენტების ჯარში გაწვევა, იმის მიუხედავად, აქვთ თუ არა უმაღლეს სასწავლებელში სამხედრო კათედრა, ყველაზე მკვეთრი საკანონმდებლო ცვლილებაა, რომელიც კი საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ შემოუთავაზებია სამხედრო სფეროში. 200-ლარიანი ბეგარის გაუქმება, რომელსაც წვევამდელი იხდიდა გაწვევის გადავადების სანაცვლოდ, ნიშნავს: ხელისუფლება ჯარს აღარ განიხილავს პროლეტართა და ღატაკთა სამსახურის ადგილად. 200 ლარი ნამდვილად არ იყო ის თანხა, რომლის გადახდაც საშუალო ან საშუალოზე ნაკლები შეძლების მოქალაქეს არ შეეძლო ჯარიდან 6 თვის თავისუფლების სანაცვლოდ. ამიტომაც მსახურობდნენ ქართულ ჯარში ღარიბი და, არცთუ იშვიათად, სუსტი ჯანმრთელობის მქონე პირები, რომელთა ავადმყოფობა გამწვევმა კომისიამ არაფრად ჩააგდო გაწვევის გეგმის შესრულების გამო. ჯერ კიდევ პრეზიდენტობამდე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ჯარში სამსახური უნდა გამხდარიყო პრესტიჟული და სამხედრო სამსახურის გაუვლელად მოქალაქე ვერ ეღირსებოდა მაღალ სახელმწიფო თანამდებობას. ამ პრინციპის რეალიზება, ჩანს, გადაიწევს: მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრსა და გენერალურ პროკურორს სამხედრო სამსახური არ გაუვლიათ. რაც შეეხება პრესტიჟს, პრესტიჟზე პრიორიტეტული აღმოჩნდა სამხედრო სამსახურის საყოველთაობის პრინციპი: აქამდე სტუდენტებს, რომელთა უმაღლეს სასწავლებლებში სამხედრო კათედრა მოქმედებდა, ჯარში არ იწვევდნენ. სტუდენტები ვადიან სამსახურში რომ არ უნდა გაეწვიათ, საბჭოთა კავშირში, საბოლოოდ, მის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე, 1989 წელს, მიხვდნენ. მანამდე ხან აწესებდნენ სტუდენტების ჯარში წაყვანას, ხანაც აუქმებდნენ.

ცოტა არ იყოს, გაუგებარია, რა ჯარისკაცი უნდა გამოვიდეს სტუდენტისგან, რომელსაც სწავლას მოსწყვეტენ და 6 თვით გაიწვევენ ჯარში. ჯერ ერთი, განათლების სამინისტრო აპირებს მომავალ სასწავლო წელს დაასრულოს უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაცია, რაც შეამცირებს სამხედრო კათედრების მქონე უნივერსიტეტთა რიცხვს. შესაბამისად, შემცირდება იმ სტუდენტ ვაჟთა რიცხვი, რომელთაც გაწვევა შეიძლება შეეხოს. განათლების სამინისტროს ჯერ არ გაჩნია ჩამოყალიბებული პოზიცია სტუდენტების გაწვევასთან დაკავშირებით. წესით, განათლების სამინისტროში უნდა ერჩივნოთ, რომ სტუდენტს გადაუვადდეს გაწვევა და შუა სწავლაში ნიჩაბი არ დააჭერინონ ხელში სანგრების სათხრელად. ჯარში სამსახურისა და 6 თვის გასვლის შემდეგ საიდან უნდა გააგრძელოს სწავლა დემობილიზებულმა სტუდენტმა? თუ მას შემოდგომაზე გაიწვევენ, სახლში სწორედ სასწავლო წლის დასრულებისას დაბრუნდება.

რაც შეეხება ვადიან სამსახურში არასტუდენტთა ერთი წლით გაწვევას: ერთი წლის ვადა შეიძლება ეყოს კარგი რეზერვისტის ჩამოყალიბებას. საერთოდ, ვადიან სამსახურს ხელისუფლება, ჩანს, სწორედ ასე უყურებს - როგორც საშუალებას მეტ-ნაკლებად ვარგისი რეზერვისტების მისაღებად. კანონის ძალით კარგად გაწვრთნილ, პროფესიონალ სამხედროთა რაოდენობის ზრდაზე ჯერ არავინ ლაპარაკობს. ესეც არ იყოს, ცვლილებათა დამტკიცების შემდეგ, გაწვევის ყოველ ჯერზე სახელმწიფოს ეყოლება გაცილებით მეტი წვევამდელი ვადიანი სამსახურისთვის, ვიდრე მას შეუძლია სამხედრო ნაწილებში განათავსოს. რა კრიტერიუმით შეარჩევენ ვადიან მოსამსახურეთა საჭირო რაოდენობას? ამ კითხვას საქართველოში ბანალური პასუხები აქვს. თუ ხელისუფლებას საკუთარი თავის დისკრედიტირება სურს, ამ პასუხებს გამოიყენებს.