სტივენ სესტანოვიჩი რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტთა შედარებას გვთავაზობს

დღევანდელ პროგრამაში ვაპირებდით, თქვენთვის გაგვეცნო დასავლეთის პრესაში გამოქვეყნებული რამდენიმე წერილი, რომელიც საქართველოს ეძღვნება.
მაგრამ "კლასიკური მიმოხილვა" არ გამოგვივიდა, რადგან არჩევანი მხოლოდ ერთ სტატიაზე შევაჩერეთ.

თავს იმით გავიმართლებთ, რომ სტატიის ავტორის, სტივენ სესტანოვიჩის სახელი კარგად არის ცნობილი როგორც აშშ-ის პოლიტიკურ წრეებში, ისე საქართველოშიც. 1997-დან 2001 წლამდე იგი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე შეერთებული შტატების საგანგებო დავალებათა ელჩი იყო და, ცხადია, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს - მათ შორის, საქართველოსაც - ხშირად სტუმრობდა. ამჟამად სტივენ სესტანოვიჩი ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო დიპლომატიის პროფესორი და საგარეო ურთიერთობათა საბჭოს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია.

"უოლ სტრიტ ჯორნალის" ევროპის გამოცემაში გამოქვეყნებული სტატიის სათაურია "ამბავი ორი პოსტსაბჭოთა პრეზიდენტისა". მასში სტივენ სესტანოვიჩი გვთავაზობს შტრიხებს რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტთა პოლიტიკური პორტრეტებისთვის და, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, ვლადიმირ პუტინისა და მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობის ანალიზის გზით ცდილობს, მათ შორის მსგავსებები და განსხვავებები წარმოაჩინოს.

პუტინისა და სააკაშვილის მსგავსებაზე პოლიტოლოგებსა თუ მიმომხილველებს უწინაც უსაუბრიათ. მეტიც: ეს მსგავსება - ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებისკენ სწრაფვა, ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების სურვილი და სხვა - თავად მიხეილ სააკაშვილსაც არაერთხელ აღუნიშნავს. ამიტომ ამჯერად სტივენ სესტანოვიჩის სტატიის მხოლოდ იმ მონაკვეთებზე შევჩერდებით, სადაც საუბარი განსხვავებებზეა.

"მართალია, ორივე პრეზიდენტი ბრძოლას უცხადებს კორუფციას, - წერს ავტორი - მაგრამ ამ საკითხს ისინი სხვადასხვა მხრიდან უდგებიან. სააკაშვილი პრობლემის მოგვარების გზას სახელმწიფო უწყებების მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევაში ხედავს. ხოლო პუტინის მიზანია, დაასუსტოს ხელისუფლების გარეთ მოქმედი სტრუქტურები, რომლებიც სახელმწიფოზე ზეგავლენის გაზრდას ესწრაფიან. იგი ყურადღებას ამახვილებს ქრთამის მიმცემ ბიზნესმენებზე, და არა ქრთამის ამღებ ოფიციალურ პირებზე. ეს განსხვავება მნიშვნელოვანია. სახელმწიფო ბიუროკრატიის გარდაქმნამდე მისი განმტკიცებით ბატონი პუტინი მას უზრდის საშუალებას, მართვა კორუფციული გზით ახორციელოს - და, შორეული პერსპექტივით, ალბათ მის გარდაქმნასაც ართულებს. საკუთარი პოზიცია მან, მართალია, გაიმყარა, მაგრამ პოლიტიკური პლურალიზმი შეასუსტა."

მეორე სხვაობა, რომელსაც სტივენ სესტანოვიჩი ხაზს უსვამს, სააკაშვილისა და პუტინის მმართველი კოალიციების შემადგენლობაა. კერძოდ, ამერიკელი პოლიტოლოგის აზრით, თუ პუტინის "ერთიანი რუსეთი" დაიშალა, მისგან არაფერი დარჩება, რადგან კოალიციის წევრებს, პრეზიდენტის მფარველობის გარდა, ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ; ხოლო სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობა", დაშლის შემთხვევაში, აუცილებლად წარმოშობს პატარ-პატარა პარტიებს, რაც დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია.

დაბოლოს, "უოლ სტრიტ ჯორნალში" დაბეჭდილი სტატიის ავტორი ორი პრეზიდენტის სრულიად განსხვავებულ ქცევის მანერას აანალიზებს. სესტანოვიჩი აღნიშნავს, რომ თუ სააკაშვილის ქცევასა და ტემპერამენტს გავითვალისწინებთ, დავასკვნით, რომ ის პუტინზე ნიჭიერი პოლიტიკოსია. იგი დარწმუნებულია, რომ ღია დებატებში ვერავინ აჯობებს და ამიტომ არც გაურბის მათ. მისთვის უცხო არ არის გამოკვეთილი პოზიციის დაკავება, რაც ზოგჯერ, ავტორის თქმით, ოპონენტებთან აშკარა დაპირისპირების ფონზე ხდება. ხოლო პუტინი - აღნიშნავს სესტანოვიჩი - თავის უპირატესობას ხაზს უსვამს არა საჯარო დისკუსიაში ჩართვით, არამედ იმით, რომ ბიუროკრატიული ძალაუფლების განსახიერებად გვევლინება.

"პუტინისთვის მეორე საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში - დაასკვნის სტივენ სესტანოვიჩი - მასა და სააკაშვილს შორის არსებული ეს განსხვავებები რუსეთში ჭეშმარიტი დემოკრატიისთვის არსებულ დაბრკოლებებზე მიგვანიშნებს. რუსეთის სახელმწიფოს გარდაქმნა პოლიტიკური პლურალიზმის შესუსტების ხარჯზე მიმდინარეობს. ... პუტინი მართალია იმაში, რომ ძლიერი სახელმწიფოს აშენება დემოკრატიულ საძირკველზე რთული საქმეა. მაგრამ ის ცდება, თუ ფიქრობს, რომ ამ მხრივ მისაბაძი მაგალითები არ მოეპოვება. დიახაც მოეპოვება და თან იქვე, ყურის ძირში."