რისი გაყიდვით იწყება ყოვლისმომცველი პრივატიზაცია

ქართულ საზოგადოებაში წლების მანძილზე დამკვიდრდა აზრი, რომ საქართველოში ყველაფერი, რისი პრივატიზებაც შეიძლებოდა, უკვე გაიყიდა. თუმცა ეკონომიკის მინისტრად
კახა ბენდუქიძის დანიშვნის შემდეგ გაირკვა, რომ საპრივატიზაციო კიდევ ბევრი რამ დარჩა. ცნობილია ბენდუქიძის განზრახვაც, რომ იგი მზადაა ყველაფერი გაყიდოს, სინდისის გარდა. თუმცა ეკონომიკის მინისტრის ასეთი დამოკიდებულება საბჭოთა საქართველოში შექმნილი სახელმწიფო ქონების მიმართ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს არ მოეწონა და მკაცრად გააკრიტიკა კიდეც. მიუხედავად ამისა, ბენდუქიძემ მაინც დაიწყო ყველაფრის გაყიდვა.

საპრივატიზაციოდ გამზადებული სახელმწიფო ქონების სიის პრეზენტაცია ეკონომიკის განვითარების მინისტრმა კახა ბენდუქიძემ დაპირებისამებრ 15 ივლისს მოაწყო. პირობა შეასრულეს ზვიად გამსახურდიას მომხრეებმაც და პრეზენტაციის დროს ბენდუქიძის უწყების წინ შეიკრიბნენ.

[მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ხმა] ”...ძალიან სანუგეშო სიტყვებით გამოდის ბენდუქიძე, რომ ეს არის დასაწყისი და გაგრძელება შემდეგ ნომრებში იქნება. აქ იყიდება აჭარა და რა განსხვავებაა აფხაზეთის გასხვისებასა და აჭარის ობიექტების გაყიდვას შორის...”

ამ დროს ეკონომიკის განვითარების მინისტრი კახა ბენდუქიძე ჟურნალისტებს უმტკიცებდა, რომ ის გიჟი არ არის:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”ჩემი გადაწყვეტილება, რომ ყველაფერი უნდა გაიყიდოს, არ უნდა ჩემითვალოთ სიგიჟეში, რომ მე მინდა ყველაფერი გავყიდო ყველაფრის შეუსწავლელად. მე მინდა, რომ მაქსიმალურად ყველაფერი შევისწავლოთ და სახელმწიფოსთვის კომფორტულ პირობებში გავყიდოთ.”

ის, რის გაყიდვასაც ეკონომიკური განვითარების მინისტრი პირველ ეტაპზე აპირებს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 350-მდე ობიექტია. მათ შორის, ყველაზე წინ აჭარის საკურორტო ობიექტების პრივატიზაცია დაიწყება. აუქციონის გამართვა მომავალი კვირისთვისაა დაგეგმილი.

გასაყიდ ობიეტთა შორისაა რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, რუსთავის ქიმკომბინატი, საქართველოს ელექტროკავშირი, საქართველოს ტელეკომი, ფოთის პორტი და სხვა. ამ საწარმოების ნაწილი უმოქმედოა, ნაწილი კი - მომგებიანი. თუმცა, როგორც კახა ბენდუქიძე ირწმუნება, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ამ ობიექტებს პირველსავე დღეს 1 ლარად გაყიდის.

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”ჩვენ არ გვაქვს არავითარი აუცილებლობა, ზოგიერთი ობიექტი რომ გავყიდოთ უმალვე. ამიტომ, თუ ჩვენ ფასი არ მოგვეწონა, ჩვენ ფასდაკლებას არ გავუკეთებთ. ჩვენ, უბრალოდ, უფრო მეტს ვიმუშავებთ, რომ უფრო მეტი ინვესტორი მოვიწვიოთ და ვიპოვოთ ის ინვესტორი, რომელიც ამ ფასად იყიდის.” (სტილი დაცულია)

ბენდუქიძე ირწმუნება, რომ თითოეული საწარმოს ფასი მისი პერსპექტივის გათვალისწინებითაც განისაზღვრება, თუმცა ეს არ შეეხება ასობით წვრილ ობიექტს, რომლებიც იაფად და სწრაფად გაიყიდება. ამგვარი საპრივატიზაციო პოლიტიკა კიდევ კარგახანს, რამდენიმე წლის მანძილზე, გაგრძელდება, რადგან სჯერა, რომ მხოლოდ ეს თუ გამოაცოცხლებს კრიზისში მყოფ ქართულ ეკონომიკას. ბენდუქიძისვე აზრით, პრივატიზაციიდან შემოსული თანხა მხოლოდ საშვილიშვილო საქმეებს უნდა მოხმარდეს:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”ეს შეიძლება იყოს ჯარის აღმშენებლობა, ეს შეიძლება იყოს საგადასახადო სისტემის პრინციპული რეფორმა ან საპენსიო რეფორმა, ეს შეიძლება იყოს გზების აშენება. ეს არ შეიძლება დაიხარჯოს ყოველდღიური ფუყე დანახარჯების განსახორციელებლად.”