საქართველოს პარლამენტმა აჭარის ავტონომიის სტატუსის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა

ცალკეული ოპოზიციონერი დეპუტატების უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, პარლამენტის უმრავლესობა იწონებს და მხარს უჭერს უმოკლეს ვადებში მომზადებულ
კანონპროექტს აჭარის ავტონომიის სტატუსის შესახებ. ამ კანონპროექტის ძალაში შესვლას სერიოზული წინააღმდეგობა რომ არ შეექმნება, ეს 25 ივნისის პარლამენტის სხდომაზე გამართულმა მსჯელობამ დაადასტურა. კანონპროექტი პირველი მოსმენით იქნა განხილული. ცალკეული დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ის ზღუდავს აჭარის ავტონომიასაც და თვითმმართველობასაც.

“დადგა დრო, როცა აჭარაში საკანონმდებლო დონეზე უნდა აღმოიფხვრას ექსტრემიზმის ყოველგვარი საფუძველი. არ უნდა დავივიწყოთ პრობლემები, რომლებსაც აჭარის ყოფილი ურჩი მეთაური ცენტრალურ ხელისუფლებას და მთელ საქართველოს უქმნიდა. აჭარის ავტონომია საჭიროა თუნდაც იმისთვის, რომ არ შევაშინოთ აფხაზები და ოსები, ამასთანავე, დროა, კონსტიტუციური კანონით, აჭარა ერთხელ და სამუდამოდ დაუბრუნდეს დედასამშობლოს.” - 25 ივნისს საქართველოს პარლამენტის სხდომაზე გამომსვლელები, დიდი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, ასეთი განცხადებებით გამოხატავდნენ აჭარის ავტონომიის სტატუსის შესახებ კანონპროექტისადმი მხარდაჭერას. ის მოამზადა კომისიამ, რომლის წევრი ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილიცაა. აჭარის ავტონომიის სტატუსის შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას ძირითადი მომხსენებელი სწორედ ის იყო. კანონპროექტის მომზადებისა და მისი მიღების აუცილებლობა მან ასე ახსნა:

[ირაკლი ოქრუაშვილის ხმა] “ცალსახად აუცილებელი იყო სტატუსის განხილვა, ახალი კანონპროექტის მომზადება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების უფლებამოსილებების გასამიჯნად. “

არსებობს ალტერნატიული მოსაზრება, რომლის თანახმად, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნა ავტონომიის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანითაც შეიძლებოდა, მაგრამ ასეთი მოსაზრება უმცირესობისგან მომდინარეობს. უმრავლესობა იწონებს კანონპროექტის შინაარსს. ის კი ასეთია: ავტონომიის წარმომადგენლობითი ორგანოა უმაღლესი საბჭო, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლება, მთავრობა, რომლის მეთაურსაც პრეზიდენტი წარადგენს. უმაღლეს საბჭოს ნებისმიერ მომენტში შეუძლია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას და მის მეთაურს. თავის მხრივ, პრეზიდენტი უფლებამოსილია გააუქმოს ავტონომიის წარმომადგენლობითი ორგანოც და მთავრობაც იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე ექმნება ქვეყნის სუვერენიტეტსა და მთლიანობას. პრეზიდენტი უფლებამოსილია გააუქმოს ავტონომიის საკანონმდებლო აქტებიც, თუ ისინი ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციასა და სხვა კანონებს. ადგილობრივი ხელისუფლების გამგებლობაში რჩება: ადგილობრივი კონსტიტუციის მიღება და მასში ცვლილებების შეტანა, ავტონომიის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარება, მთავრობის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის განსაზღვრა, წესრიგის დაცვა, განათლებისა და კულტურის ხელშეწყობა, ტურიზმის, სპორტის საკითხების მოგვარება და ასე შემდეგ.

[ ივლიანე ხაინდრავას ხმა] “ მუხლი თორმეტი განსაზღვრავას პრეზიდენტის უფლებას დაითხოვოს აჭარის უმაღლესი საბჭო; მუხლი 13 - საქართველოს პარლამენტი შეაჩერებს აჭარის უმაღლესი საბჭოს აქტს; მუხლი 15 - პრეზიდენტი შეაჩერებს ან გააუქმებს აჭარის მთავრობის აქტს.”

25 ივნისს აჭარის ავტონომიის სტატუსის შესახებ კანონპროექტის განხილვისას რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა ივლიანე ხაინდრავამ მსგავსი მუხლების ვრცელი ჩამონათვალი გააკეთა და გამოსვლა ასეთი შეკითხვით დაასრულა:

[ივლიანე ხაინდრავას ხმა] “ რა თვითმმართველობაზე, რა ავტონომიაზე შეიძლება ლაპარაკი ამ კანონპროექტით? “

უმრავლესობა ასე არ ფიქრობს. გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ის იღებს. კანონპროექტი აჭარის ავტონომიის სტატუსის შესახებ პირველი მოსმენით პარლამენტმა 173 ხმით მიიღო. წინააღმდეგი 9 დეპუტატი იყო.