თბილისში რუსეთის დელეგაციის ვიზიტის წინ ცხინვალის რეგიონში ვითარება იძაბება

23 ივნისს ცხინვალის რეგიონის ქართულ სოფლებთან სროლის ხმა კვლავ ისმოდა. იქ ოსებისა და რუსი მშვიდობისმყოფელების სამხედრო წვრთნები გრძელდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ 22 ივნისს ოსურ პოლიგონზე მიმდინარე წვრთნებისას გასროლილი ტყვიით ერთ-ერთი ქართული სოფლის მკვიდრი მოხუცი ქალბატონი დაიჭრა, მიუხედავად ამასთან დაკავშირებით ოსური მხარისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ წაყენებული ულტიმატუმისა, ოსებს სამხედრო მანევრები არ შეუწყვეტიათ. ცხინვალის რეგიონში ვითარება დაძაბულია, ოსურ მხარესთან ულტიმატუმის ენაზე მოსაუბრე საქართველოს ხელისუფლება კი თბილისში რუსეთის სამთავრობო დელეგაციის ჩამოსვლის მოლოდინშია. 24 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალერი ლოშჩინინი თბილისში ცხინვალის პრობლემას განიხილავს.

ოსური მხარისთვის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ წაყენებულმა ულტიმატუმმა არ გაჭრა: 23 ივნისს ოსებს ქართველებისთვის არ გადაუციათ პირი, რომლის მიერ გასროლილი ტყვიითაც 22 ივნისს 70 წელს გადაცილებული ქართველი ქალბატონი დაიჭრა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ულტიმატუმი მდგომარეობდა იმაში, რომ თუ ოსური მხარე ქართულ მხარეს დამნაშავეს არ გადასცემდა, ირაკლი ოქრუაშვილი თავად უხელმძღვანელებდა სპეცოპერაციას დამნაშავის დასაკავებლად. ოთხშაბათს კონფლიქტის ზონის ქართულ სოფლებთან ოსებისა და რუსების სამხედრო წვრთნები გრძელდებოდა. ამავე დღეს ოსმა პოლიციელებმა 2 ქართველი - მათ შორის, ერთი პოლიციელი - დააკავეს და, მათი გათავისუფლების სანაცვლოდ, ქართული მხარის მიერ დაკავებული კონტრაბანდული ტვირთის გათავისუფლება მოითხოვეს. დაკავებულები მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც საქმეში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ჩაერია და ოსურ მხარეს მორიგი ულტიმატუმი წაუყენა.
ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის ქართველობა ოსური მხარის ბოლოდროინდელი ქმედებებით შეშფოთებულია, ოსურ მხარესთან სამშვიდობო ძალების ალიანსს აპროტესტებს და კონფლიქტის ზონიდან მათ გაყვანას ითხოვს.

23 ივნისს სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა საკუთარი ორგანოს დისკრედიტაციის მცდელობად განიხილა ირაკლი ოქრუაშვილის ულტიმატუმი და გააკეთა განცხადება, რომ თვითაღიარებულ რესპუბლიკაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებისმიერ პროვოკაციას აღკვეთს. ასეთ დაძაბულ ვითარებაში უნდა ესტუმროს თბილისს რუსეთის დელეგეცია, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვალერი ლოშჩინინის მეთაურობით.

[ზურაბ ჟვანიას ხმა] “ვიზიტის მიზნები გამომდინარეობს სააკაშვილისა და პუტინის სატელეფონო საუბრებიდან. გაირკვა, რომ პრეზიდენტ პუტინს ცოტა ჰქონდა ინფორმაცია თუნდაც იმ ზღვარგადასული კონტრაბანდის შესახებ, რომელიც მოემართებოდა ცხინვალიდან.”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთის დელეგაციამ თბილისში სწორედ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის პრობლემა უნდა განიხილოს. 23 ივნისს კი ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე ეს დელეგაცია ვლადიკავკასში მსჯელობდა. ვალერი ლოშჩინინს თან ახლავს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის მოადგილე. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, თბილისში გასამართი შეხვედრების ერთ-ერთ მთავარ თემად ინგუშეთში მომხდარი იქცეს.
პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება მთელი პასუხისმგებლობით აპირებს რეაგირებას ცხინვალის რეგიონში ხანდაზმული ქართველი ქალბატონის დაჭრის ფაქტზე. ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს დაიყოლიოს ოსური მხარე შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის გამართვაზე. შერეული კომისიის სხდომა, რომელიც 2 ივნისს უნდა გამართულიყო თბილისში, ოსურმა მხარემ ჩაშალა. ოსების მიზეზით, უკვე ივნისის მეორე დეკადაში დანიშნული სხდომაც ჩაიშალა და მოგვიანებით მოსკოვში შეხვედრის გეგმაც.