მინისტრთა კაბინეტის ახალი იერსახე

რამდენიმე დღეა, მასმედია ამაოდ ცდილობს, ამოიცნოს მინისტრთა კაბინეტში დაგეგმილი ცვლილებების არსი და შესაძლო შედეგი. გავრცელდა სხვადასხვა ვერსია, მაგრამ პასუხი ვერ გაეცა უმთავრეს შეკითხვას:
რა უდევს საფუძვლად ცვლილებებს - პიროვნული ფაქტორი, ძალაუფლების ხელახალი გადანაწილების სურვილი თუ ქვეყნის სტრატეგიული ამოცანები?

ოფიციალური ვერსიის თანახმად, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ცდილობენ, ოპტიმალურად გამოიყენონ თავიანთივე გუნდის წარმატებული წევრების გამოცდილება და გაზარდონ მთავრობის ეფექტიანობა. ეს არგუმენტი დამაჯერებელი იქნებოდა, რომ არა ერთბაშად ხუთი უწყების პირველი პირის ურთიერთჩანაცვლება. მემკვიდრეობითობის აღრევა და ბუნდოვანი ექსპერიმენტები, როგორც წესი, კი არ აძლიერებს, არამედ, პირიქით, ასუსტებს მთავრობას.

არაოფიციალური ვერსიის თანახმად, ცვლილებების მიზანი პრეზიდენტის გარემოცვაში სივრცის და გავლენის ხელახალი გადანაწილებაა. ამ ვერსიის მიხედვით, დაგეგმილია ირაკლი ოქრუაშვილის გაძლიერება, გიორგი ბარამიძის როლის შემცირება და ვანო მერაბიშვილის ფუნქციების შეკვეცა.

ოფიციალური და კულუარული ინფორმაცია ერთმანეთს გამორიცხავს, მაგრამ რისი თქმა შეიძლება დანამდვილებით?

თუ სამთავრობო ცვლილებებს კომპლექსურად შევხედავთ, აშკარაა, რომ სიახლე ორ ყველაზე აქტუალურ სფეროს შეეხება: ძალოვან სისტემას და ეკონომიკას. მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა რეალურ სურათს წაშლის. რეალობა კი ისაა, რომ ახალი კონფიგურაციით კაბინეტი გაცილებით მეტად "ასიმეტრიული" ხდება, ვიდრე ის თავდაპირველ ვარიანტში იყო. წინასწარ შეიძლება იმ ვარაუდის გამოთქმა, რომ დანარჩენ მინისტრებს შორის ფუნქციურად გამორჩეული იქნება ორი - კახა ბენდუქიძე და ირაკლი ოქრუაშვილი. შესაბამისად, სახელმწიფოს რეალურ პრიორიტეტებად წესრიგი და ეკონომიკა ყალიბდება. შესაძლებელია თუ არა ჩვენს რეალობაში ამ ორი სფეროს თანწყობა? შევარდნაძის მთავრობაში კონფლიქტის ხერხემალი სწორედ ეკონომიკურ გუნდსა და კახა თარგამაძეს შორის დაპირისპირება იყო. პოლიციის და უშიშროების სამსახურების ზედმეტი ინტერესი ეკონომიკის მიმართ იწვევდა კონფლიქტს ძველ მთავრობაში და გამოიწვევს ახალშიც. სამომავლოდ ასეთი საფრთხის თავიდან აცილება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები კანონის ჩარჩოს არ გასცდებიან. არადა, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ პრეტენზიები აქამდე სწორედ კანონდარღვევების კუთხით ისმოდა და, უფრო მეტიც: მისი ნაბიჯები ყოველთვის ფასდებოდა მყიფე ზღვარზე ბიუროკრატიულ თავნებობასა და "რკინის ხელს" შორის.

როგორ შეიძლება განისაზღვროს ზურაბ ჟვანიას როლი ძალთა ახალ განლაგებაში? ეს, დიდწილად, დამოკიდებული იქნება ბენდუქიძისა და ოქრუაშვილის საქმიანობის ხარისხზე. მათ მიერ მისაღები რადიკალური გადაწყვეტილებები უშუალოდ პრეზიდენტის მხარდაჭერას მოითხოვს. ამიტომ, თუ ორივე მინისტრის საქმიანობა წარმატებული აღმოჩნდება და მათ მიმართ მიხეილ სააკაშვილის ნდობა გამყარდება, პრემიერ-მინისტრს გაუჩნდება სტიმული, რომ შეკრას სამკუთხედი: ჟვანია-ბენდუქიძე-ოქრუაშვილი. პოლიტიკური სამკუთხედი კი, როგორც წესი, მიდრეკილია დანაწევრებისკენ - ორი ერთის წინააღმდეგ. თუ მოვლენები, მართლაც, ამ სქემის მიხედვით განვითარდა, საფიქრებელია, რომ ჟვანიას ბენდუქიძესთან დაახლოება უფრო გაუადვილდება, ვიდრე ოქრუაშვილთან. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ სამომავლოდ პრემიერის პოზიციები გაძლიერდეს, ოქრუაშვილის ფრთა კი ნელ-ნელა დასუსტდეს.

მაგრამ იმისათვის, რომ ქვეყნის საშინაო პოლიტიკა უფრო მკაფიოდ გამოიკვეთოს, მნიშვნელოვანი იქნება ცვლილებების შემდეგი ტალღა. შევარდნაძის "ასიმეტრიული" მთავრობა მეტისმეტად მავნე აღმოჩნდა სახელმწიფოსთვის. გაუძლებს თუ ვერა ამ გამოცდას მიხეილ სააკაშვილი? რას მიანიჭებს იგი უპირატესობას: ძლიერი და სუსტი მინისტრების ხელოვნურ ერთობას თუ გუნდურ კაბინეტს, სადაც იქნება ერთი ფაქტობრივი ლიდერი, პრემიერ-მინისტრი, ღირსეულ თანამოაზრეებთან ერთად? პირველი გზა გულისხმობს დღევანდელი შემადგენლობის ამა თუ იმ სახით შენარჩუნებას, მეორე გზა კი კაბინეტის მთლიან განახლებას მოითხოვს, ლიდერის ჩათვლით. შესაბამისად, დღეს აქტუალურ კითხვებზე ზუსტი პასუხები არ არსებობს, რადგან, პრეზიდენტის გარდა, არავინ იცის - სამთავრობო ცვლილებების პროცესი უკვე დასრულდა თუ ჯერ მხოლოდ დაიწყო. ნებისმიერი დასკვნა, სამომავლოდ, შესაძლოა, მცდარი აღმოჩნდეს.