ცხინვალის რეგიონის ოსი მოსახლეობა სიამოვნებით იღებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების დახმარებას

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ცხინვალის რეგიონის როგორც ქართული, ისე ოსი მოსახლეობა საქართველოს ცენტრალური
ხელისუფლების დახმარებას იღებს. ამდენად, ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების ის პროგრამა, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ფართო საზოგადოებას ამ ცოტა ხნის წინ გააცნო, ძალაში შედის. საქართველოს ახალი ცენტრალური ხელისუფლება ოს თანამოქალაქეებს მათზე მზრუნველობას უდასტურებს. როგორ დაიწყო ეს პროცესი?

აქტიური პროცესი ქართულ-ოსური კონფქლიტის გადასაწყვეტად ცხინვალის ამ რეგიონიდან დანარჩენი საქართველოსკენ კონტრაბანდის არხების გადაკეტვით დაიწყო, რასაც მოჰყვა კონფლიქტის ზონის რამდენიმე სოფელში გახსნილი ბლოკსაგუშაგოების დასაცავად იქ შინაგანი ჯარის ნაწილების გადასროლა. ბლოკსაგუშაგოები ამბოხებული რეგიონის რამდენიმე სოფელში სწორედაც რომ კონტრაბანდის გავრცელების აღკვეთის მიზნით გაიხსნა. ოსურ მხარეს მათი არსებობა სერიოზულად აღიზიანებს, საქართველოს ხელისუფლება კი მტკიცედ იცავს პოზიციას - არ დაუშვას ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთიდან დანარჩენ საქართველოში კონტრაბანდის გავრცელება. დაძაბულობის განმუხტვისთვის ოსურ მხარეს ბლოკსაგუშაგოებზე მათი წარმომადგენლების დაშვება შეეთავაზა. ამასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულ იქნა სოფელ ტყვიავში 4 ივნისს გამართულ შეხვედრაზე, სადაც საქართველოს მხარეს სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა წარმოადგენდა.

[გოგა ხაინდრავას ხმა] "ჩვენ შევთანხმდით დავაყენოთ აქ სამმხრივი დამკვირვებლების პოსტი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ქართული სამშვიდობო ბატალიონის შემადგენლობიდან. "

ქართული სამშვიდობო ბატალიონი კონფლიქტის ზონაში 500 კაცით იქნება წარმოდგენილი, ისე როგორც ამას შესაბამისი კვოტა ითვალისწინებს. ამას გარდა,
ცხინვალის რეგიონში უკვე დაიწყო იმ ღონისძიებების განხორციელება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ რეგიონის მოსახლეობის დასახმარებლად ჩაიფიქრა.
სოფელ თამარაშენში "სახალხო ბანკის" ფილიალს 4 ივნისიდან უნდა დაეწყო პენსიების გაცემა ოსი ეროვნების მოქალაქეებზე. "სახალხი ბანკი" ფილიალის გახსნას უახლოეს მომავალში ცხინვალშიც გეგმავს. ასევე 4 ივნისს რეგიონის მოსახლეობას დაურიგდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაგზავნილი სასუქი. ტვირთი სოფელ ორჭოსანსა და წინაგარაში უშუალოდ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა და შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულმა მიხეილ ქარელმა მიაცილეს. დახმარება ამ სოფლების მოსახლეობამ სიამოვნებით მიიღო. უფრო მეტიც, ჩვენი გორელი კორესპონდენტი გოგა აფციაური, რომელიც ოსურ სოფლებში დახმარების შეტანის პროცესს ესწრებოდა, გვაუწყებს, რომ სოფელ ორჭოსანში ოსური მოსახლეობა თბილისიდან ჩასულ დელეგაციას ლუდით და ოსური ხაჭაპურებით გაუმასპინძლდა. ინციდენტი მოხდა სოფელ წინაგარასთან, სადაც ადგილობრივი ადმინისტრაცია ტვირთის შეტანას შეეწინააღმდეგა. იყო ჰაერში გასროლაც.

[გოგა აფციაურის ხმა] "შემოვლითი გზებით, მოსახლეობის მიერ მითითებული გზებით ვიმყოფებით სოფელ წინაგარას გარეუბანში, სადაც ხდება ტვირთის დაცლა. მოდიან ოსი ეროვნების მოსახლეები და იღებენ სასუქს. "(სტილი დაცულია)

ეს იყო გოგა აფციაური. მას ჩვენ ტელეფონით სოფელ წინაგარაში დავუკავშირდით.
4 ივნისს საქართველოს პარლამენტი სპეციალური განცხადების მიღებით გამოეხმაურა ცხინვალის რეგიონში განვითარებულ პრიცესებს. "ჩვენი ქვეყნის ოსი ეროვნების მოქალაქეებმა აუცილებელია დაინახონ და იგრძნონ, რომ საქართველოს სახელმწიფო ზრუნავს მათ დაცვასა და კეთილდღეობაზე," - ნათქვამია ამ განცხადებაში.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ამ დღეებში კონფლიქტის ზონაში უფასო სამედიცინო გამოკვლევებიც უნდა დაიწყოს.