პირველად ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო სამხედრო აღლუმით აღინიშნა

26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, გრანდიოზული სამხედრო საზეიმო აღლუმით აღინიშნა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მსგავსი მასშტაბის ანალოგიური
ღონისძიება აქამდე არ ჩატარებულა. უფრო მეტიც, 2004 წლის 26 მაისამდე უკანასკნელი საოცდაექვსმაისო სამხედრო აღლუმი 1997 წელს ვარდიკო ნადიბაიძის თავდაცვის მინისტრობისას ჩატარდა. ქვეყნის სამხედრო რესურსების დემონსტრირებაზე უარს წინა ხელისუფლება ფინანსების დაზოგვით ამართლებდა, ახალმა ხელისუფლებამ კი გრანდიოზული სანახაობის მოსაწყობად შესაძლებლობები არ დაიშურა. 26 მაისს თბილისში, 300 არაგველის ძეგლთან, საქართველოს სამხედრო ძალების - როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო საბრძოლო ტექნიკისა და შეიარაღების - დემონსტრირება შედგა.


"იმასთან შედარებით, რაც საქართველოს 2 წლის წინ ჰქონდა, მისი დღევანდელი არმია ძალიან კარგად არის შეიარაღებული, მისი გამოჩენა სიამაყეს იწვევს. საქართველოს პატარა, მაგრამ ძალიან ეფექტური არმია ჰყავს." - ეს განცხადება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ მაილსმა 26 მაისის საზეიმო სამხედრო აღლუმის შემდეგ გააკეთა. ეს აღლუმი, საქართველოს შესაძლებლობების გათვალისწინებით, მართლაც შთამბეჭდავი იყო.

[ჩართვა საზეიმო სამხედრო აღლუმიდან]

საზეიმო სამხედრო ღონისძიება სანაპიროზე, 300 არაგველის ძეგლის წინ, ჩატარდა. ეს ადგილი შეირჩა, როგორც ყველაზე მოსახერხებელი და უსაფრთხო ადგილი მძიმე ტექნიკის გასატარებლად. ქვეყნის ხელმძღვანელობისა და საპატიო სტუმრების წინაშე 8 ათასმა სამხედრო მოსამსახურემ ჩაიარა. მოხდა მძიმე ტექნიკის - მათ შორის, 50 ერთეული ტანკის - დემონსტრირება. სამხედრო აღლუმის სახმელეთო ფაზის შემდეგ ცაზე სამხედრო ავიაცია გამოჩნდა. საზეიმო სამხედრო აღლუმზე დასასწრებლად მისული მოქალაქეები ამ ყველაფერს ოვაციებით ხვდებოდნენ.

2004 წლის 26 მაისისთვის საბრძოლო და სატრანსპორტო ტექნიკა, თვითმფრინავები და შვეულმფრენები სპეციალურად გარემონტდა და შეიღება.
ექსპერტთა შეფასებით, ამ ღონისძიებისთვის მზადება ერთგვარ სამხედრო სწავლების ხასიათს ატარებდა. ერთი სიტყვით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის მთელი საბრძოლო საშუალებების ჩვენების მოწმე გახდა და ჩვენებამ ხალხს და ქვეყნის პრეზიდენტს სიამაყის გრძნობა განაცდევინა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა ] "გამარჯობათ, ბატონებო! გილოცავთ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს! "

[სახელმწიფო ჰიმნი]



ტრიბუნაზე, პრეზიდენტის მხარდამხარ, საქართველოს ახალი სახელმწიფო გერბის პროექტის ფონზე, პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი იდგნენ. შარშან, 26 მაისს, ნინო ბურჯანაზე სინანულს გამოთქვამდა იმის გამო, რომ დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო აღლუმი არ ტარდებოდა, მიხეილ სააკაშვილი კი ხარფუხელებს ნარდს ეთამაშებოდა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ახლა თუ მოვიგეთ, მთელი ხმები ჩვენი იქნება, აქაურების. ასე რომ, მაგრად ვცდილობთ. მოგების იმედი მაქვს. "

ეს იყო შარშან. წლევანდელ 26 მაისს კი მიხეილ სააკაშვილმა სამხედრო აღლუმის მონაწილეებს და საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს დასაბრუნებელი სიტყვით მიმართა.
" ყველამ ერთად შემწყნარებლობით და ტოლერანტობით უნდა დავიბრუნოთ საქართველო და მტერს აღარასოდეს აღარ უნდა ვაჩვენოთ ზურგი." - ძალიან მოკლედ ასეთი იყო პრეზიდენტის სიტყვის მთავარი მიმართულება. სანახაობა, საზეიმო აღლუმი ჩავლილია. ამ აღლუმის დაწყების წინ პრეზიდენტმა დადო პირობა, რომ დაშლილ საქართველოს არ შეეგუება.