ოლიგარქიული თუ დემოკრატიული სახელმწიფო

მრავალი წლის განმავლობაში საქართველოში თანაარსებობდა, ერთმანეთს ებრძოდა და აბალანსებდა ორი პოლიტიკური მიმართულება: ოლიგარქიული და დემოკრატიული.
ყველა საპარლამენტო ფრაქციაში და, რაც მთავარია, მთავრობაში ორივე მიმართულებას თავისი არა მხოლოდ დამცველები, წარმომადგენლებიც ჰყავდა. სახელისუფლო სივრცე წლების განმავლობაში დასერილი იყო ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად, დაყოფის მთავარ საფუძვლად კი კორუფციის მიმართ დამოკიდებულება რჩებოდა. დღეს მინდა სახელისუფლო სივრცის ძველ და ახალ "გეომეტრიაზე" გესაუბროთ.

სახელმწიფოს განვითარების ოლიგარქიული და დემოკრატიული მიმართულება ერთმანეთს გამორიცხავს. "ოლიგარქიული" ნიშნავს მართვის ავტორიტარულ რეჟიმს; მონოპოლიას მსხვილ ბიზნესსა და საინფორმაციო საშუალებებზე; სისტემას, სადაც ქვეყნის მთელი სიმდიდრე ადამიანთა მცირე ჯგუფის ხელშია; სისტემას, სადაც ძალაუფლება კორუფციულ პირამიდებს ეფუძნება და კანონს მხოლოდ ოლიგარქების ფინანსური ინტერესების დაცვის ფუნქცია ეკისრება. დემოკრატიული მიმართულება გულისხმობს სახელმწიფოში კანონის უზენაესობის დამკვიდრებას, ესე იგი, თანასწორ პირობებს თითოეული მოქალაქისთვის; თვითმმართველობას; კონკურენტულ გარემოს; თავისუფალ პრესას.

ედუარდ შევარდნაძე თავის საპროგრამო გამოსვლებში ხშირად ამბობდა, რომ მან, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, დააფუძნა თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფო. სინამდვილეში, ქვეყანა კრიზისში შეიყვანა სწორედ განვითარების ოლიგარქიულმა მიმართულებამ, რომელმაც 2001 წლის ზაფხულიდან აშკარა უპირატესობა მოიპოვა და დემოკრატიული ძალები ხელისუფლებიდან განდევნა. ამ პროცესს თან ახლდა საინტერესო გეომეტრია. თავდაპირველად, სახელისუფლო სივრცე გაყოფილი იყო ჰორიზონტალურად: აჭარად და დანარჩენ საქართველოდ. აჭარა პირწმინდად ოლიგარქიული მიმართულებით ვითარდებოდა, დანარჩენ საქართველოში კი დემოკრატები და ოლიგარქები ერთმანეთს ებრძოდნენ. ძალაუფლების გულისგული - ცენტრალური ხელისუფლება - თავის მხრივ, ოთხ ნაწილად იყო დანაწევრებული: ჰორიზონტალურ ჭრილში - პარლამენტად და კანცელარიად, ვერტიკალურ ჭრილში - დემოკრატების და ოლიგარქების ბანაკად. იმის შემდეგ, რაც მთავრობა დემოკრატიული მიმართულების მინისტრებმა მიატოვეს, ძალაუფლების სამი მეოთხედი "ოლიგარქების" ხელში გადავიდა. საპარლამენტო უმრავლესობის დაშლისა და ჟვანიას გადადგომის შემდეგ კი მთელ ძალაუფლებას - ცენტრშიც და აჭარაშიც - "ოლიგარქები" დაეუფლნენ.

"ვარდების რევოლუციამ" ეს რეალობა მთლიანად შეცვალა: მმართველი ბანაკი პირწმინდად დაანგრია და როგორც სახელმწიფო კანცელარიის, ისე პარლამენტის სივრცე დემოკრატიულ ფრთას გაუთავისუფლა. 6 მაისიდან ამ ერთიან სივრცეს აჭარაც შემოუერთდა. გაჩნდა რეალური შესაძლებლობა იმისათვის, რომ არა მხოლოდ ოლიგარქიულმა ბანაკმა, არამედ ოლიგარქიულმა მიმართულებამ საბოლოოდ დაკარგოს გავლენა ქვეყნის განვითარებაზე.

მაგრამ, დღევანდელ რეალობაში, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მცდელობა საცრით წყლის ზიდვას დაემსგავსება იმ სისტემის აღმოფხვრის გარეშე, რომელიც ფესვგამდგარმა რეჟიმმა დატოვა და რომლის მთავარი ბურჯი კორუფციული პირამიდებია.

გასულ თვეში, ბიზნესმენებთან შეხვედრისას, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი არ აპირებს ქვეყნის აშენებას კორუმპირებული ჩინოვნიკების დაჭერით. მან თქვა, რომ ხალხისგან წაღებული ფულის ხალხისთვის დაბრუნება საჭიროა იმისათვის, რომ თითოეულ ადამიანს სამართლიანობის განცდა გაუჩნდეს და იმისთვისაც, რომ ახალმა ხელისუფლებამ ახალი მამალაძეები არ წარმოშვას. არადა, ეს საფრთხე რეალურია. პოსტრევოლუციურ პერიოდში ბუნებრივად ხდება ღირებულებების დევალვაცია. ერთი მხრივ, მაღალ თანამდებობებზე შემთხვევითი ადამიანები ხვდებიან, მეორე მხრივ, განსაკუთრებული რევოლუციური დამსახურების მქონე პირებს განსაკუთრებული ამბიციები და მადა უჩნდებათ. არასტაბილური გარემოც იმ მღვრიე წყალივითაა, რომელშიც ბევრი ოქროს თევზს დაეძებს და ზოგიერთი კიდეც პოულობს. ეს პროცესი, კარგა ხანია, დაწყებულია და თუ ჯერჯერობით სახელისუფლო სივრცე თავისუფალია გამყოფი ხაზებისგან, ეს ნიშნავს მხოლოდ შანსს და მეტს არაფერს.

ერთი ადამიანი - თუნდაც, პრეზიდენტი - ვერ შეძლებს, კორუფციულ პირამიდებზე აგებულ ქვეყანას განვითარების მიმართულება შეუცვალოს. ვერ შეძლებს - მარტოოდენ საკუთარი პოლიტიკური ნების ამარა, შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების გარეშე. რადგან საკმარისია, ძველ ბერკეტებს ახალი ხელი დაეპატრონოს; შეფერხდეს ლიბერალური, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება; გაჯანჯლდეს ძალაუფლების გადანაწილება ცენტრიდან რეგიონებისკენ; შეიზღუდოს პრესის თავისუფლების ხარისხი - და ჩვენ კიდევ ერთხელ აღმოვჩნდებით დეკლარირებულად დემოკრატიულ, რეალურად კი ოლიგარქიულ ორბიტაზე.

ამიტომ არის სახიფათო პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის სურვილი, რომ ჯერ ერთი ადამიანის - მიხეილ სააკაშვილის - ხელში მოუყარონ თავი მთელ ძალაუფლებას და შემდეგ იფიქრონ მისი სწორად გადანაწილების მექანიზმებზე. ის დრო, რომელიც გავა მყარი დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებამდე, სინამდვილეში, ახალი ოლიგარქებისთვის ნაჩუქარი დროა. ეს დრო სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობს.