საქართველოს რეგიონებში თავისუფალ მედიაზე ზეწოლის ფაქტები გახშირდა

საქართველოს რეგიონებში თავისუფალ მედიაზე ზეწოლის ფაქტები გახშირდა. ოზურგეთის რაიონში რამდენჯერმე დაესხნენ თავს თავისუფალ ჟურნალისტ ლადო მენაბდეს,
ამ ორიოდე დღის წინ კი თელავში გაზეთ "ობიექტივის" მთავარ რედაქტორს ზურაბ ქაჩლიშვილს სცემეს. თავისუფალ მედიაზე ზეწოლა შეიმჩნევა ხონის რაიონშიც. იქ ადგილობრივი პროკურატურა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ტელეკომპანია "მეგა-tv"-ს ავიწროებენ. ყოველივე ამასთან დაკავშირებით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია პროტესტს გამოხატავს, ხელისუფლება კი თავისუფალ მედიაზე ზეწოლის ფაქტების აღსაკვეთად ვერ იცლის.

სანამ ჟურნალისტების მიმართ ანგარიშსწორებისა და მუქარის ბოლოდროინდელ ფაქტებზე მოგითხრობდეთ, აღვნიშნავ ვინ გამოეხმაურა ამ ფაქტებს და ვინ დაგმო ისინი. საქართველოს რეგიონებში თავისუფალ მედიაზე ზეწოლის გახშირებული ფაქტების გამო შეშფოთება გამოთქვა "თავისუფლების ინსტიტუტმა" და ფონდმა " ევრაზიამ" - ეს არის და ეს. ხელისუფლებას მომხდარზე რეაქცია, როგორც უკვე ვთქვით, არ მოუხდენია, რაც მესამე სექტორის ცალკეულ წარმომადგენელთა შეშფოთებას იწვევს:

[სოზარ სუბარის ხმა] "არც ერთი ფაქტი არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე, მით უმეტეს, რომ ეს ფაქტები სხვადასხვა რეგიონებში ხდება. რაც ყველაზე შემაშფოთებელია, არ ჩანს ამ ფაქტებზე ხელისუფლების რეაქცია."

ეს იყო "თავისუფლების ინსტიტუტის" თანამშრომელი სოზარ სუბარი. "თავისუფლების ინსტიტუტი" 13 მაისს ხონის რაიონიდან და თელავიდან ჩამოსულ ჟურნალისტებს მასპინძლობდა, იმათ, ვისაც ნამდვილად შეეძლო თბილისელი კოლეგებისთვის რეგიონებში თავისულ მედიაზე ზეწოლის ფაქტებზე მოეთხრო. დავიწყოთ თელავის რაიონიდან. იქ ორიოდე დღის წინ გაზეთ "ობიექტივის" მთავარ რედაქტორს ზურაბ ქაჩლიშვილს სცემეს. ქაჩლიშვილი ცოტა ხნის წინ თელავის მაშინდელი გამგებლის, ხიდაშელის, პრესმდივნად მუშაობდა. დღეს ის გაზეთის რედაქტორია და აცხადებს, რომ თელავის რაიონის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა მათი მამხილებელი ინფორმაციის ფლობისთვის დევნის:

[ზურაბ ქაჩლიშვილის ხმა] "ვცდილობდი მომეპოვებინა ინფორმაცია იმ კანონდარღვევებზე, რომელსაც ისინი ახორციელებენ. ცემის დროსაც დამისახელეს გვარები, რომლებიც აღარ უნდა მეხსენებინა. ეს იყო თელავის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლი გოჩა მამაცაშვილი და კახეთში პრეზიდენტის რწმუნებული პეტრე ცისკარიშვილი."

ცემამ ქაჩლიშვილი ვერ დააშინა. თავდასხმასთან დაკავშირებით რაიონულ პოლიციაში აღძრული საქმე, მისი მოთხოვნით, პოლიციის რეგიონალურ სამმართველოში გადაიგზავნა. გაზეთ "ობიექტივის" რედაქტორს იმედი აქვს, რომ იქ უფრო მოინდომებენ დამნაშავეების გამოვლენას, თუმცა ვნახოთ. ოზურგეთის რაიონში თავისუფალ ჟურნალისტს ლადო მენაბდეს ხომ სწორედ პოლიციელები ემუქრებიან! აპრილის ბოლოს მას ოზურგეთის რაიონის პოლიციის უფროსმა გოგი კუკულაძემ უთხრა: " თუ რაიონში ინტრიგანების ჩამოყვანას თავს არ გაანებებ, თავს წააგებო." ინტრიგანებში პოლიციის მაღალჩინოსანმა გადაცემა "60 წუთის" ჟურნალისტები იგულისხმა. 2003 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, მენაბდეს თავს რამდენჯერმე დაესხნენ. პირველი შემთხვევისას ჟურნალისტმა თავმდამსხმელებში მაშინდელი საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ოზურგეთის რაიონის ამჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატის ვანო ჩხარტიშვილის დაცვის წევრი ამოიცნო. როგორც დაზარალებული აღნიშნავს, პირველად მისი ცემის ფაქტი დაუკავშირდა ცესკოს გადაწყვეტილებას ხელახლა გადასინჯულიყო ოზურგეთის მაჟორიტარული არჩევნების შედეგები. მისივე განცხადებით, ჩხარტიშვილის მხარე გააღიზიანა მისმა ჟურნალისტურმა ნამუშევრებმა, რომელმაც ხელი შეუწყო ამ გადაწყვეტილების მიღებას. რაიონულ პოლიციას მენაბდეზე თავდასხმის ამ და სხვა ფაქტებზე რეაგირება არ მოუხდენია. პირიქით, როგორც უკვე ვთქვით, ჟურნალისტს პოლიციის ადგილობრივი მაღალჩინოსნები დაემუქრნენ. და კიდევ ერთი ფაქტის შესახებ: ხონის რაიონში ადგილობრივი პროკურატურა ცდილობს ხელი შეუწყოს ტელეკომპანია " მეგა-tv" - ს მიერ სახელმწიფოსგან აუქციონის წესით შეძენილი შენობის ნაწილის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრისთვის დაკანონებას. ამის მიზეზი მარტივია: პროკურატურის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის სიდედრი შენობის ნაწილით დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს:

[ნანა თორშუას ხმა]" პროკურატურა თავის დადგენილებაში აღნიშნავს, რომ უარი უნდა ეთქვათ განმცხადებლებს სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე, მაგრამ იქვე დასძენს, რომ ტელეკომპანიის მიერ შენობის შესყიდვისას გარკვეულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი. ეს შემაშფოთებელი იმ მხროვ არის, რომ პროკურორის მოადგილე, რომელიც დადგენილებას აწერს ხელს, შენობით დაინტერესებული პირის ოჯახის წევრია. "

ტელეკომპანიის თანამშრომელი ნანა თორშუა ირწმუნება, რომ ტელეკომპანიის მიერ შენობის შესყიდვისას დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ნათქვამს, ბუნებრივია, დასაბუთება სჭირდება, მაგრამ საქმე ისაა, რომ შენობის შესყიდვის დოკუმენტაცია გაუჩინარებულია. საქმეში ჩახედული პირების თქმით, ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ტელეკომპანიას მის კანონიერ მფლობელობაში არსებული ფართობისთვის უპირისპირდებიან და ამ დაპირისპირებისას ხალხში ავრცელებენ ხმებს, თითქოსდა, ტელეკომპანიის ანტენა გამოსხივების გამო მათი ჯანმრთელობისთვის საშიშია.