ახლად არჩეულ პარლამენტში როლების გადანაწილებაზე დავა დაიწყო

საქართველოს ახალი პარლამენტი ჯერ არ შეკრებილა. როგორ გადაინაწილებენ იქ მოხვედრილი ძალები როლებსა და ფუნქციებს, ჯერჯერობით უცნობია,
თუმცა მუშაობა როლების და თანამდებობების გადანაწილებისთვის დაწყებულია. დაწყებულია დავაც ამ ყველაფერთან დაკავშირებით. 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვედრილი ერთადერთი ოპოზიციური ძალა, "მემარჯვენე ოპოზიციური გაერთიანება", საპარლამენტო უმრავლესობის მმხარდამჭერი მაჟორიტარების მიერ საპარლამენტო უმცირესობის ფორმირების მცდელობას აპროტესტებს.

საპარლამენტო უმცირესობა საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი დეპუტატების უმრავლესობისგან იქმნება. მეტი სიზუსტისთვის ციფრებს მოვიშველიებთ. ვთქვათ, თუ 235 წევრიანი პარლამენტიდან უმრავლესობაში 160 დეპუტატი გაერთიანდება, 235- სა და 160-ს შორის სხვაობას დამატებული ერთი მოგვცემს დეპუტატთა რაოდენობის განმსაზღვრელ იმ ციფრს, რომელიც სავსებით საკმარისი იქნება საპარლამენტო უმცირესობის გასაფორმებლად. საპარლამენტო უმცირესობა სარგებლობს საპარლამენტო ფრაქციაზე მეტი უფლებებით. მას უნდა ჰყავდეს ვიცე-სპიკერი, უმცირესობიდან ინიშნებიან მოადგილეები საპარლამენტო კომიტეტებში, ამას გარდა, სასესიო კვირებში უმცირესობის ლიდერს ეკუთვნის ფრაქციის თავმჯდომარეზე ცოტათი მეტი დრო საჯაროდ ამა თუ იმ საკითხის წინ წამოსაწევად ან საჯარო განცხადების გასაკეთებლად. რაც აუცილებლად ხაზგასასმელია, უმცირესობა, ტრადიციულად, უმრავლესობისგან განსხვავებული პოზიციის მქონე დეპუტატებისგან იქმნება და საპარლამენტო ოპოზიციასთან იგივდება. აღნიშნულის მიუხედავად, იქმნება ერთგვარი პარადოქსული სიტუაცია: "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატი ბესო ჯუღელი აცხადებს, რომ ახალ პარლამენტში მაჟორიტარები შექმნიან დიდ ფრაქციას, რომლის თავმჯდომარეც თავად იქნება და რომ სწორედ ამ ფრაქციას ეყოლება ვიცე-სპიკერი. "ახალი მემარჯვენეების" მაჟორიტარი დავით საგანელიძე არ გამორიცხავს, ბესო ჯუღელმა ნათქვამის რეალიზაცია შეძლოს და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერად მოგვევლინოს:

[დავით საგანელიძის ხმა] "შეიძლება შეიქმნას ისეთი სიტუაცია, რომ უმცირესობის ხელმძღვანელი იყოს ბესო ჯუღელი. აი, აქამდეც მივა საქმე და ამაზე უკვე აქვს ბესო ჯუღელს პრეტენზია. იძახის, რომ ეყოლება 25 კაციანი ფრაქცია და კიდევ ბევრი გაიქცევა ამ ფრაქციაში ერთგულების დასამტკიცებლად. იტყვიან, მეტნი ვართ და რატომ არ უნდა გვქონდეს უმცირესობაო. მოკლედ უმცირესობის ლიდერად შეიძლება ბესო ჯუღელი დაგვეხატოს."

დავით საგანელიძე, როგორც ონის რაიონის მაჟორიტარი, ესწრებოდა პრეზიდენტთან მაჟორიტარების შეხვედრას და ამბობს, რომ დეპუტატთა ამ ნაწილის მხარდაჭერისა პრეზიდენტს აუცილებლად უნდა სჯეროდეს. "ეს დეპუტატთა ის ნაწილია, რომელიც, სხვადასხვა მიზეზებით, სრულ მზადყოფნაშია ყველაფერი იღონოს პრეზიდენტისთვის ერთგულების დასამტიცებლადო," -ამბობს საგანელიძე. მე არ მიკითხავს პარლამენტში სახელისუფლებო ძალის სიით მოხვედრილი ვასილ მაღლაფერიძისთვის, რა წარმოდგენა აქვს პარლამენტის მაჟორიტართა კორპუსზე, თუმცა ვკითხე, რას ფიქრობს ის ბესო ჯუღელის ინიციატივაზე - მაჟორიტარების ბაზაზე შექმნას საპარლამენტო უმცირესობა.

[ვასილ მაღლაფერიძის ხმა] "უმცირესობა, როგორც წესი, არის ის ძალა, რომელიც უპირისპირდება უმრავლესობას. იმას ვერანაირად ვერ გავთვლიდით, თუ მისი შექმნის სურვილი უმრავლესობის წევრს გაუჩნდებოდა. კანონი შეიძლება შექმნა ისე, რომ შიგ არ ჩაწერო, კაცმა პომადა არ უნდა წაისვასო, ან კაბა არ ჩაიცვასო. კაცს შარვალი აცვია, ქალს - კაბა და, თუ კაცი ხარ, არ უნდა იძახო, ქალი ვარო, არა."

"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატის ბესო ჯუღელის ინიციატივა, მართლაც, უჩვეულოდ გამოიყურება, თუმცა არავინ იცის, მოხდება თუ არა მისი ბლოკირება. უმცირესობა, წესით, ოპოზიციისა უნდა იყოს, თუკი ის შეძლებს უმრავლესობასა და პარლამენტის საერთო შემადგენლობას შორის არსებულ სხვაობაზე ერთით მეტი დეპუტატის შემოკრებას.