ევროპა გამორიცხავს ''ალ ყაიდასთან'' ყოველგვარი გარიგების შესაძლებლობას

პალესტინელთა პრობლემები მხოლოდ ერთ-ერთი თემაა აუდიომიმართვისა, რომელიც ხუთშაბათს არაბულენოვანმა ტელეარხმა "ალ არაბიამ" გადასცა
და რომელიც თითქოს ოსამა ბინ ლადენს უნდა ეკუთვნოდეს. ყალბია თუ არა ჩანაწერი, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, თუმცა, როგორც რეიტერის სააგენტო ექსპერტებზე დაყრნდობით იუწყება, ფირზე ჩაწერილი ხმა ძალიან ჰგავს უწინდელ აუდიოჩანაწერებს, რომლებსაც სპეციალისტები ბინ ლადენს მიაწერენ.

მიმართვაში "ალ-ყაიდის" ტერორისტული ქსელის ლიდერი (ან ის, ვინც თავს ბინ ლადენად ასაღებს) ევროპას დროებით ზავს სთავაზობს:

[სავარაუდოდ ბინ ლადენის ხმა]: "მე მათ ზავს ვთავაზობ და ვკისრულობ ვალდებულებას, შეწყდეს ოპერაციები ყველა იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც შეწყვეტს მაჰმადიანებზე თავდასხმას და მათს საქმეებში ჩარევას. ამერიკის შეთქმულება მსოფლიოს წინააღმდეგ დიდია. ზავი ჩვენი მიწიდან ბოლო ჯარისკაცის გასვლისთანავე ამოქმედდება და კარი ღია იქნება ამ განცხადების გამოქვეყნების დღიდან სამი თვის მანძილზე."

როგორც მიმართვის ავტორი აცხადებს, მადრიდში 11 მარტს განხორციელებული ოპერაცია, რომელსაც 191 ადამიანი ემსხვერპლა, შურისძიება იყო ესპანეთის მიერ შეერთებული შტატების მხარდაჭერისთვის ერაყსა და ავღანეთში.

განურჩევლად იმისა, ავთენტურია თუ არა ჩანაწერი, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკვე განაცხადა, რომ ოსამა ბინ ლადენთან ნებისმიერი სახის გარიგება გამორიცხულია. ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ლონდონი არც კი განიხილავს "ალ-ყაიდასთან" მოლაპარაკების შესაძლებლობას. დოკუმენტის თანახმად, ერთადერთი სწორი პასუხი "ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებაა" და არა ტერორისტთა მოთხოვნების წინაშე "დათმობებზე წასვლა".

ანალოგიური იყო რეაქცია ევროპის სხვა ქვეყნებშიც. ესპანეთის მომავალი კაბინეტის საგარეო საქმეთა მინისტრის, მიგელ ანხელ მორატინოსის თქმით, ესპანელებმა მიმართვას ყური არ უნდა ათხოვონ. "ვისაც მშვიდობა, დემოკრატია და თავისუფლება სურს, ბინ ლადენს არ უნდა უსმენდესო", განაცხადა მორატინოსმა.

ბინ ლადენთან გარიგების შესაძლებლობა კატეგორიულად გამორიცხა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკო ფრატინიმაც. ხოლო მისმა თანამემამულემ, ევროკომისიის პრეზიდენტმა რომანო პროდიმ, რომელიც ამჟამად ჩინეთს სტუმრობს, აღნიშნა, რომ "სრულიად წარმოუდგენელია შეთანხმების მიღწევა ტერორისტთა მუქარის წინაშე."