განათლების რეფომა - 2005 წლიდან მისაღებ გამოცდებს ტესტირების ერთიანი სისტემა შეცვლის

რეფორმა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო ახორციელებს და რომელიც, დიდწილად, მსოფლიო ბანკის 60 მილიონდოლარიანი კრედიტითაა წელგამაგრებული, კარდინალურად ცვლის უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრის დღემდე არსებულ წესს. თავად განსაჯეთ: სწავლას მოწყურებულ ახალგაზრდებს, რეფორმის თანახმად, 2005 წლიდან სიმწიფის ატესტატის მისაღებად, ისევე როგორც უმაღლეს სასწავლებლებში შესასვლელად, გამოცდების ჩაბარების ნაცვლად, სპეციალური ტესტების შევსება მოუწევთ.

განათლების რეფორმის კონცეფციის თანახმად, 2005 წლიდან აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებელში შესასვლელად, მისაღები გამოცდების ნაცვლად, ტესტების შევსება მოუწევთ. სწორედ ტესტირების შედეგების საფუძველზე მოხდება მათი ჩარიცხვა ამა თუ იმ უმაღლეს სასწავლებელში.

[მაია მიმინოშვილის ხმა] "არ არის დაფიქსირებული, რომელ უმაღლეს სასწავლებელში აბარებს აბიტურიენტი, ან რომელ ფაკულტეტზე, ის ირჩევს მხოლოდ საგნებს. სავალდებულო იქნება მხოლოდ სამი საგანი. ეს არის ზოგადი უნარების შესაფასებელი ტესტი, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა ოთხიდან. მათემატიკას ჩააბარებს ის, ვისაც განზრახული აქვს ტექნიკური მიმართულებით გააგრძელოს სწავლა.

მაია მიმინოშვილი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ასევე დასძენს, რომ ტესტებს, თბილისის გარდა, სხვა მსხვილ ქალაქებშიც შეავსებენ, თუმცა შესაფასებლად ყველა ნაშრომი, საბოლოოდ, თავს დედაქალაქში მოიყრის. იმას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ტექნიკურად ყოველივე ეს, განათლების სამინისტროს პრეს-სამსახურის კონსულტანტი ლევან გახელაძე განმარტავს:

[ლევან გახელაძის ხმა] "ყველა აბიტურიენტს, გამოსაშვებ გამოცდაზე მისულ მოსწავლეს, მიენიჭება თავისი კოდური ნომერი, გამსწორებელს არანაირად არ ექნება იმის საშუალება, რომ იცოდეს ვის ნაწერს ასწორებს. ამის გარდა, თავად ტესტები დაიბეჭდება საზღვარგარეთ. ამდენად, გამოირიცხება იმის შესაძლებლობა, რომ ქართული სტამბებიდან გამოვიდეს დამატებითი ინფორმაცია."

რეფორმის მომხრეთა შორისაა "თავისუფლების ინსტიტუტის" დირექტორი ლევან რამიშვილი, რომლის თქმითაც, ტესტირების მეთოდი, გარდა იმისა, რომ გაცილებით სამართლიანია, - უმაღლეს სასწავლებელში ხვდება ის, ვისაც შედარებით მაღალი ქულა აქვს მიღებული, - ასევე ანგრევს მძლავრ კორუფციულ მანქანას, რომელსაც საზოგადოება "მისაღები კომისიების" სახელით იცნობს:

[ლევან რამიშვილის ხმა] "ფასეულობათა სისტემის მოშლა ხდება ახალგაზრდებში. ახალგაზრდა, რომელიც ჯერ ქრთამის მიცემას სწავლობს, ასევე სწავლობს ქრთამის აღებას და, თუკი ზოგადად კორუფციასთან ბრძოლა საჭიროა ამ ქვეყანაში, საჭიროა ფასეულობათა სისტემისა და ასეთი ინსტიტუციონალური რეფორმების გზით."

ბუნებრივია, რეფორმის მიმართ უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელთა დამოკიდებულებითაც დავინტერესდი. სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორს თეიმურაზ ხუროძეს მიაჩნია, რომ ურიგო არც მოქმედი სისტემა ყოფილა, თუმცა:

[თემურაზ ხუროძის ხმა] "რადგან ეს არის ძალიან ბევრ ქვეყანაში აპრობირებული წესი - ერთიანი საგამოცდო სისტემა, ჩვენ დავუჭერთ ამას მხარს, ოღონდ, რა თქმა უნდა, ჩვენი გამოცდილებით, ჩვენ წინადადებებს შევიტანთ შეფასების ცენტრში, რომელიც იფუნქციონირებს ქვეყანაში."

ცხადია, რეფორმას, იმის გამო, რომ გამოცდების გაუქმება კომისიის მრავალ წევრს მარცხენა შემოსავლის გარეშე დატოვებს, ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდება, მაგრამ განათლების მინისტრის თანაშემწეს, პროფესორ გიგი თევზაძეს ამ ადამიანებისთვის ასეთი პასუხი აქვს:

[გიგი თევზაძის ხმა] "რა თქმა უნდა, დისკუსიები იქნება იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოეწყოს ეს გამოცდები, რა წესით უნდა მოეწყოს, მაგრამ იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს მისაღები გამოცდები, ამაზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა და განათლების სამინისტრო."