რას ნიშნავს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე სალომე ზურაბიშვილის დანიშვნა

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად საქართველოში საფრანგეთის ელჩი, საფრანგეთის მოქალაქე სალომე ზურაბიშვილი დაინიშნა.
11 მარტს გამართულ ბრიფინგზე სააკაშვილს არ დაუმალავს, რომ სალომე ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა ადრეც უნდოდა, თუმცა ამის გაკეთებას მოერიდა, სანამ საფრანგეთის ხელისუფლების პოზიციას არ გაეცნო. რას შეიძლება ნიშნავდეს საფრანგეთის მოქალაქის სალომე ზურაბიშვილის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა?

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე წლების მანძილზე ნამუშევარი თედო ჯაფარიძე, რომელსაც კარგი და პარტნიორული ურთიერთობები აქვს ჩამოყალიბებული შეერთებული შტატების პოლიტიკურ წრეებთან, ქართული წარმოშობის ფრანგი დიპლომატით, სალომე ზურაბიშვილით, შეიცვალა. მოასწავებს თუ არა ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის მკვეთრ შემობრუნებას შეერთებული შტატებიდან ევროპისაკენ, ამ კითხვით უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ექსპერტს დავით დარჩიაშვილს მივმართე:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] "ასეთი შეფასება ნაადრევია, მაგრამ ახალი შტრიხი ჩნდება ქართულ საგარეო პოლიტიკაში - ეს არის ევროპული ვექტორის წინ წამოწევა და განსაკუთრებით საფრანგეთის, რომელიც თავისებურებით და სპეციფიკურობით გამოირჩევა საერთაშორისო ურთიერთობებში. საქართველოს სახელმწიფოებრიობა სრულიად დამოკიდებულია ამერიკის დახმარებაზე, როგორც პოლიტიკურ-დიპლომატიურზე, ისე სამხედროზე და, რა თქმა უნდა, ფინანსურზე. არა მგონია, ასეთი ნაბიჯი ყოფილიყო სრულიად შეუთანხმებელი საქართველოს სხვა პარტნიორებთან."

დავით დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად რუსეთთან თანასწორი თანაარსებობის მიღწევა უნდა იქცეს. ეს კი ევროპის და განსაკუთრებით საფრანგეთის ჩარევის გარეშე შეუძლებელი ჩანს. მოსკოვი განსაკუთრებით ეჭვიანია კავკასიაში და საქართველოში ვაშინგტონის ინტერესების მიმართ, ხოლო ნაკლებად მგრძნობიარეა საქართველოსა და ევროპის ურთიერთობებისადმი.

[დავით დარჩიაშვილის ხმა] "მე მგონი, საქართველომ უნდა მონახოს ფორმულა, რომ თანაბრად პარტნიორული ურთიერთობები ჰქონდეს ევროპასა და შეერთებულ შტატებთან. ამ ორ დიდ მოთამაშეს შორის არის ხოლმე წინააღმდეგობები, მაგრამ მათ შორის, ამავე დროს, ბევრია საერთო და საქართველომ რაღაცნაირად უნდა მოახერხოს, რომ მის საკითხში ეს ორი საგარეო დიდი აქტიორი იყოს ხოლმე თანამოაზრე. ეს ბევრად გააძლიერებს მას რუსეთთან ურთიერთობაში. "

სალომე ზურაბიშვილს კი, როგორც პრეზიდენტი სააკაშვილი ამბობს, კარგი ურთიერთობები ჩამოუყალიბდა როგორც შეერთებული შტატების, ასევე რუსეთის დიპლომატიურ წრეებთან. თავად ქალბატონი ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე თავის მთავარ მისიად საქართველოს ევროპასთან დაახლოებას ასახელებს და იქვე დასძენს, რომ კარგი ურთიერთობები აქვს როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე რუსეთთან.

თუმცა სანამ სალომე ზურაბიშვილი ამ მისიის განხორციელებას შეუდგება, მანამდე მას საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციის საფუძველზე ორმაგი მოქალაქეობა უნდა მიანიჭოს. პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ კი ძველი საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე უნდა გაათავისუფლოს ან თავად ჟაფარიძემ უნდა დაწეროს განცხადება გადადგომის შესახებ. მხოლოდ ამის შემდეგ აქვს უფლება ზურაბ ჟვანიას პრეზიდენტ სააკაშვილს წარუდგინოს საგარეო საქმეთა მინისტრის ახალი კანდიდატურა - სალომე ზურაბიშვილი, ფორმალურად იგი პრეზიდენტმა უნდა მოიწონოს და პრემიერ-მინისტრმა კი ამის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დაამტკიცოს.