კორუფციასთან ბრძოლა: ძველი და ახალი ხელისუფლების შეხვედრის სივრცე

ახალი ხელისუფლების კორუფციასთან ბრძოლის ფორმაც და შინაარსიც ბევრ შეკითხვას ბადებს. მოისურვებს თუ არა ხელისუფლება კორუფციული პირამიდების დანგრევას?
ხშირი და ხმაურიანი დაპატიმრებების ფონზე, ხომ არ მიმდინარეობს ერთი კლანის მეორით ჩანაცვლების პროცესი? ხომ არ მეორდება მავნე ტრადიცია, როდესაც სხვადასხვა ხერხით იქმნებოდა კორუფციასთან ბრძოლის ილუზია?

თითქმის ორი წლის წინ, 2002 წლის პირველ აპრილს, გაზეთმა "კვირის პალიტრა" გამოაქვეყნა ინტერვიუ ფსიქოლოგ და პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთან. ინტერვიუს თემა კორუფცია და მასთან ბრძოლა იყო. საუბრისას ედუარდ შევარდნაძის მხარდამჭერი რამდენიმე არგუმენტი გამოითქვა, განსაკუთრებით ორიგინალურად კი ერთი მოსაზრება ჟღერდა: "კორუმპირებულებს ჭადრაკის თამაში უნდა გაუმართო და არა კრივი. ასეთ ხალხს ჭკუით და ხერხით უნდა აჯობო".

ეჭვს არ იწვევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ჭადრაკის დაფა გვერდზე გადადო და კრივი კორუფციასთან ბრძოლის ერთადერთ ხერხად აირჩია. შესაძლოა, დღევანდელი კითხვის ნიშნები ლოგიკურად ასახავს იმ შიშს, რომელსაც საზოგადოებას დიდხანს და დაბეჯითებით უნერგავდნენ კორუმპირებულების მიმართ. ძველი პრეზიდენტი ცდილობდა, თან ჩრდილოვანი თანხების პირამიდული დინება შეენარჩუნებინა და თან მრავალსვლიანი, ფრთხილი ბრძოლის ილუზია შეექმნა.

"ჭადრაკის" სიმბოლო, მართლაც, კარგად შეესაბამება კორუფციასთან ურთიერთობის იმ ტენდენციას, რომელიც ედუარდ შევარდნაძის მეორე საპრეზიდენტო ვადით არჩევის შემდეგ ჩამოყალიბდა. არჩევნების წინ პრეზიდენტი ხალხს დაჰპირდა, რომ დამნაშავეთა დასასჯელად ხელი არ აუკანკალდებოდა. 2000 წელს, მრავალმხრივი კრიზისის აღმოსაფხვრელად, თითქმის ერთდროულად ამოქმედდა ხუთი დამოუკიდებელი ჯგუფი. პირველი კომისია პარლამენტში შეიქმნა დავით გამყრელიძის ხელმძღვანელობით: მას 1999 წლის საბიუჯეტო კრიზისის მიზეზები უნდა დაედგინა. ოდნავ მოგვიანებით, პრეზიდენტის ბრძანებულებით ჩამოყალიბდა ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამის შემმუშავებელი ჯგუფი - ლადო ჭანტურიას ხელმძღვანელობით. შემდეგ, ბილ კლინტონის რჩევით, საქართველოში საქმიანობა დაიწყო პოლონელი რეფორმატორის ლეშეკ ბალცეროვიჩის ჯგუფმა. ვიდრე ანალიტიკოსები არკვევდნენ, თუ რა საიდუმლო საჭადრაკო სვლებს გულისხმობდა პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ ლადო ჭანტურიასა და ლეშეკ ბალცეროვიჩის ჯგუფებს ცალ-ცალკე ეწერათ რეკომენდაციები, ამასობაში, კიდევ ორი კომისია შეიქმნა. ერთ მათგანს ჩრდილოვან ეკონომიკასთან ბრძოლა დაევალა - ეკონომიკის მაშინდელი მინისტრის ვანო ჩხარტიშვილის ხელმძღვანელობით; მეორე კომისია კი - ბიზნესმენთა შემადგენლობითა და პარლამენტარ ლევან გაჩეჩილაძის თავკაცობით - პრეზიდენტს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფაში უნდა დახმარებოდა.

ხუთივე კომისიისა და ჯგუფის ფუნქცია დიდწილად თანხვედრი იყო: მათ უნდა მოეძებნათ გზები, რათა ქვეყანას კრიზისი დაეძლია, კორუფცია მოეთოკა, რეფორმები ჩაეტარებინა და ეკონომიკური წინსვლის ტენდენცია გამოეკვეთა.

საზოგადოებისთვის ბოლომდე ბუნდოვანი დარჩა, რისთვის იყო საჭირო ამდენი ჯგუფისა და კომისიის შექმნა; ხომ არ შეუშლიდნენ ისინი ხელს ერთმანეთს და ხომ არ აღმოჩნდებოდა მათი რეკომენდაციები ურთიერთგამომრიცხავი? მაგალითად, ბალცეროვიჩი პირველი რიგის ამოცანად ასახელებდა საბაჟო და საგადასახადო სისტემის რეფორმას, ხოლო საგადასახადო კანონმდებლობის შეცვლას არ ჩქარობდა. ბიზნესმენებს კი საგადასახადო კოდექსის ლიბერალიზაცია ლამის პანაცეად ესახებოდათ.

მოსახლეობის უმრავლესობას კრიზისის აღმოფხვრის ერთადერთ რეცეპტად ხელისუფლების პოლიტიკური ნება მიაჩნდა. მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც პრეზიდენტის ბუნდოვან სვლებში რთულ საჭადრაკო ჩანაფიქრს ხედავდნენ, საზოგადოებას აფრთხილებდნენ, რომ კორუმპირებული წრის გარიყვა პოლიტიკური და სამთავრობო ასპარეზიდან დიდ საფრთხეს შეუქმნიდა სახელმწიფოს. საზოგადოებას, მართლაც, მრავალი წლის განმავლობაში არწმუნებდნენ, რომ კორუფცია იყო ხარკი, გაღებული ქვეყნის სტაბილურობისთვის. ამიტომ, ბუნებრივია, რომ დღეს ჩვეულებრივ მოქალაქეს ორგვარი დამოკიდებულება უჩნდება ახალი ანტიკორუფციული პოლიტიკის მიმართ: შიში - სახელმწიფოს მხრიდან ძალის დემონსტრირების გამო; და ეჭვი - კორუფციასთან ბრძოლის რეალურ მიზნებთან დაკავშირებით.

ბოლოს და ბოლოს, საყოველთაოდ გაცხადდა, რომ ძველი ხელისუფლება მრავალსვლიან საჭადრაკო პარტიას კორუმპირებულებს კი არა, საკუთარ მოსახლეობას ეთამაშებოდა. ხომ არ აღმოჩნდება კრივის რინგზე ისევ რიგითი მოქალაქე, ამჯერად, ახალი ხელისუფლების პირისპირ? ერთადერთი, ვისაც შეუძლია, ეს შიში და ეჭვი მოუხსნას საზოგადოებას, ისევ ხელისუფლებაა. როგორი თანმიმდევრულიც აღმოჩნდება ბრძოლა კორუფციული პირამიდების მიმართ და როგორც აისახება თითოეული ოჯახის ბიუჯეტზე ამ ბრძოლის შედეგი, ზუსტად იმგვარად შეფასდება თავად ხელისუფლებაც და მისი ანტიკორუფციული პოლიტიკაც.