31 იანვარს თენგიზ აბულაძეს 80 წელი შეუსრულდებოდა.
საქართველოს სახალხო არტისტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, რეჟისორი, რომლის ფილმს "მონანიება" ხალხმა "პერესტროიკის მერცხალი" უწოდა, დღეს ქართული კინოს კლასიკოსად ითვლება. თუმცა თენგიზ აბულაძეს ოდესღაც ავანგარდისტად მიიჩნევდნენ: 1955 წელს, როცა ეკრანებზე რეზო ჩხეიძისა და თენგიზ აბულაძის "მაგდანას ლურჯა" გამოვიდა, კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ ქართული კინო განთავისუფლდა "საბჭოთა კინოკლასიკის" სტერეოტიპებისგან. ამის შემდეგ თენგიზ აბულაძეს ხან ფრანგული "ახალი ტალღის" წარმომადგენლებს, ხანაც იტალიელ ნეორეალისტებს ადარებდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ თენგიზ აბულაძის შემოქმედებას ცოტა ხანში ახლებურად შეაფასებენ - მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზებით აღნიშნულ აბულაძის ფილმებს დღესაც დიდი წარმატებით უჩვენებენ მსოფლიო კინოეკრანებზე.
"ხელოვანი - წინასწარმეტყველი უნდა იყოს, იგი უნდა გრძნობდეს, როგორ განვითარდება ისტორია, რა მოხდება ამ სამყაროში," -ამბობდა სერგეი ეიზენშტეინი... სწორედ ის ეიზენშტეინი, რომელსაც 1946 წელს თბილისის თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებულებმა, რეზო ჩხეიძემ და თენგიზ აბულაძემ, წერილი გაუგზავნეს... ახალგაზრდა რეჟისორები ეიზენშტეინს ასისტენტობას სთხოვდნენ, წერდნენ, რომ აღფრთოვანებულნი არიან "ივანე მრისხანეთი" და თავადაც უნდათ კინოს გადაღება. პასუხმა არ დააყოვნა - ეიზენშტეინმა აბულაძესა და ჩხეიძეს მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში ჩაბარება ურჩია. ახალგაზრდები მაშინვე მოსკოვში გაემგზავრნენ. წარმატებით ჩააბარეს გამოცდები "ვგიკში", თუმცა ეიზენშტეინის მოწაფეები ვერ გახდნენ: კრემლის მიერ დევნილ და "მოღალატედ" შერაცხულ "ივანე მრისხანეს" ავტორს გულმა უმტყუნა.
1953 წელს თენგიზ აბულაძემ მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში სერგეი იუტკევიჩის სახელოსნო დაამთავრა. იუტკევიჩი არ იყო ეიზენშტეინის დონის რეჟისორი, მაგრამ "ივანე მრისხანეს" ავტორის პოზიციას ისიც იზიარებდა - სტუდენტებს ასწავლიდა, რომ კინოხელოვნება არ არის ვალდებული აღბეჭდოს სინამდვილე შეუცვლელი სახით, რომ კინემატოგრაფისტმა უნდა მოახერხოს სინამდვილეში, ისტორიაში დაინახოს მარადიული სახეები ან მარადიული თემები...ის, რასაც ჟამთასვლა ვერ შეეხება. თენგიზ აბულაძეს თავისი მასწავლებლების ანდერძისთვის არასდროს უღალატია. სწორედ იუტკევიჩი დაესწრო 1955 წელს კანის ფესტივალზე "მაგდანას ლურჯას" მსოფლიო პრემიერას - სწორედ მას გადასცეს "ოქროს პალმის რტო" საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის - პრიზი, რომელიც ყველასთვის უცნობ ქართველებს, აბულაძესა და ჩხეიძეს, ეკუთვნოდა. კანის ფესტივალიდან დაბრუნების შემდეგ იუტკევიჩი წერდა, რომ "მაგდანას ლურჯამ" მსოფლიოს არა მარტო ქართული კინო, არამედ, საერთოდ, საქართველო გააცნო - ის ქვეყანა, რომელიც აქამდე მსოფლიო კინოფესტივალებზე მხოლოდ ჭიაურელის "სტალინური ფილმებით" იყო წარმოდგენილი. მსოფლიომ დაინახა, რომ საქართველოში იქმნება, სწორედაც რომ, "ანტისტალინური ესთეტიკის" კინოხელოვნება, რომ გაჩნდა "ახალი ტალღა", რომელმაც კინოს დაუბრუნა ცოცხალი ხასიათები, სიყალბესა და სწორხაზოვნებას მოკლებული დიალოგები და, რაც მთავარია, დაუბრუნა რეალური სინამდვილე.
"მაგდანას ლურჯაში", ისევე როგორც ამის შემდეგ დამოუკიდებლად გადაღებულ აბულაძის ფილმებში -"სხვისი შვილები", "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", კრიტიკოსებმა იტალიური ნეორეალიზმის გავლენა აღმოაჩინეს. აბულაძე თავს იმართლებდა, ამბობდა, რომ ანალოგია იქმნება იტალიური და ქართული ტემპერამენტის, ფაქტურის მსგავსებით. თუმცა ცხადი იყო, რომ ამ ფილმებით რეჟისორი, პირველ რიგში, საბჭოთა კინოსივრციდან თავის დაღწევას ცდილობდა. ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ ოპერატორ ლევან პაატაშვილის დებიუტი დიდ კინოში, "სხვისი შვილები", სახვითი თვალსაზრისით, მართლაც, გვაგონებს ვიტორიო დე სიკას, პიეტრო ჯერმის ფილმებს, გამოსახულების ერთდროული სურათოვნება და დოკუმენტურობა, სტატიკურობა და შინაგანი დაძაბულობა უთუოდ პოვებს გამოძახილს ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული პლასტიკური ფორმის სპეციფიკაში.
ფილმის ვიზუალური მხარის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება თენგიზ აბულაძეს ყოველთვის გამოარჩევდა სხვა ქართველი კინემატოგრაფისტებისგან. 60-იან წლებში, როცა სტალინური ესთეტიკის მარწუხებისგან განთავისუფლებულ საბჭოთა, მათ შორის, ქართულ კინოში დოკუმენტალიზმის ბუმი შეიმჩნეოდა, აბულაძემ უარი თქვა ამ მოდაზე და თავად დაამკვიდრა ახალი მოდა - კინო, ფაქტობრივად, სახვითი ხელოვნების ერთ-ერთ დარგად აქცია. კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე, თენგიზ აბულაძის "მონანიების" სცენარის თანაავტორი, აბულაძის ოჯახის წევრი და აბულაძისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის რეჟისორი, ჩვენთან საუბარში იგონებს 1987 წელს, როცა თენგიზ აბულაძე "მონანიების" მსოფლიო პრემიერაზე კანის ფესტივალზე გაემგზავრა:
[ნანა ჯანელიძის ხმა] "მთელი ცხოვრება ოცნებობდა, რომ ფილმი გადაეღო კარგ ფირზე, "კოდაკზე" და ეს დარჩა ოცნებად... გული გაუსკდა, როცა კანში ნახა საბჭოთა ფირზე გადაღებული ფილმი."
მაგრამ აბულაძის ფილმებს არასდროს ეტყობოდა, რომ რეჟისორი უხარისხო საბჭოთა ფირზე იღებდა. 1967 წელს, როცა ეკრანებზე მისი ახალი ფილმი "ვედრება" გამოვიდა, ვაჟა ფშაველას ნაწარმოებების ამ ეკრანიზაციით უკმაყოფილო კრიტიკოსებიც კი აღნიშნავდნენ, რომ თენგიზ აბულაძემ შექმნა რაღაც მაგიური გამოსახულება, სურათი, რომელმაც ვაჟას ენა - კინოს ენად აქცია. მაგრამ უკმაყოფილო მაინც ბევრი დარჩა, განსაკუთრებით საბჭოთა კინოს იდეოლოგებს შორის:
[ნანა ჯანელიძის ხმა] "ვედრება" აღადგინა "მონანიებამ". "ნატვრის ხეს" ჰქონდა წარმატება, ყველა ფესტივალზე უჩვენებდნენ, "დონატელოს დავითი" მიიღო, იტალიის მთავარი პრიზი. "ვედრება" კი აღდგა, უცებ გაიხსენეს ფილმი, ხელახლა აღმოაჩინეს, რადგან "ვედრებას" მიღებული ჰქონდა მეოთხე კატეგორია და კლუბებში გადიოდა. მოსკოვში ჩუმად მიდიოდნენ რომელიღაც გარეუბნის კლუბში, რომ ენახათ "ვედრება".
"ვაჟას გენიალურობა - მისი განსაკუთრებულობაა", უთქვამს თენგიზ აბულაძისთვის ერთხელ ვაჟა ფშაველას სპეციალისტს გრიგოლ კიკნაძეს, რომელსაც აბულაძე თავის მასწავლებლად მიიჩნევდა. პირველად "ვედრება" სწორედ ამ ადამიანს უჩვენეს:
[ნანა ჯანელიძის ხმა] "ეს რომ ნახა გრიშა კიკნაძემ, რომელიც იყო ვაჟას კაბინეტის ჩამომყალიბებელი და ვაჟას ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი, - თენგიზმა უჩვენა, - თენგიზი სახლში გაბრწყინებული მოვიდა, ბატონ გრიშას უთქვამს, ისეთ რაღაცეებს შეეხეო შენ ვაჟას შემოქმედებაში, რაც ჩვენც კი, ლიტერატორებს, ჯერ არა გვაქვს დამუშავებულიო... ვაჟას რაღაც შტამპებით უყურებდნენ და უცებ აღმოჩნდა, რომ ეს იყო დიდი ფილოსოფოსი."(სტილი დაცულია)
"ვედრება" თენგიზ აბულაძის ტრილოგიის პირველი ფილმია. მეორე, "ნატვრის ხე", 1976 წელს გამოვიდა ეკრანებზე. ტრილოგია "მონანიებამ" დააგვირგვინა. რა აერთიანებს ამ ფილმებს, რა არის ის ქვეტექსტი, რომელიც საზოგადოებამ ამოიკითხა მხოლოდ 80-იანი წლების მიწურულს, როცა "მონანიების" პრემიერის შემდეგ საბჭოთა კავშირის ნგრევა დაიწყო?
[ნანა ჯანელიძის ხმა] "საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ ეს იყო თენგიზის ზეამოცანა, ფილმი თავისუფალი ნების ადამიანის შესახებ და ძალადობის წინააღმდეგ... მისი ფიქრი, რომ თავისუფლება არის პასუხისმგებლობა - როგორ უყურებ შენ სამყაროს. სამივე ფილმში არის ეს." "ვედრება" ორი წლის წინ ლონდონში მქონდა წაღებული, არადა, "ვედრების" თარგმნა ხომ შეუძლებელია, და ეხლა მქონდა კიდევ ჰოლანდიაში... როგორი მომნუსხველი იყო, ეს რაღაც უცხო ენაზე შავ-თეთრი გამოსახულება... რაღაც კინომაგიის საიდუმლო იყო ამაში და ყველაფერს ზუსტად ხვდებოდნენ..."(სტილი დაცულია)
თენგიზ აბულაძე არ იყო "ტიპიური ქართველი" - მოკლებული იყო იმ თვისებებს, რომელსაც, როგორც წესი, უცხოელები გვაწერენ ხოლმე; მხიარულებით არასდროს გამოირჩეოდა, არ ხმაურობდა, არ ბრწყინავდა, ცოტას ლაპარაკობდა. აქედან გამომდინარე, ერთი შეხედვით, მისი ფილმებიც "ამოვარდნილია" 60-იანი, 70-იანი წლების ქართული კინოს სტილისტიკიდან. მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით... ქართულმა კინომ ეგრეთ წოდებული "ზასტოის" ეპოქაში ხომ სწორედ იმიტომ გაითქვა სახელი მსოფლიოში, რომ საუკეთესო ფილმებში ავტორები მარადიულ თემებს ეჭიდებოდნენ და იოლად უპირისპირდებოდნენ სოციალისტური რეალიზმის ესთეტიკას. "ვედრებაში" აბულაძე იმ თემას შეეხო, რომელიც აქტუალური მხოლოდ დღეს გახდა:
[ნანა ჯანელიძის ხმა] "კავკასიის ერთობა, რომელიც უფრო ღრმა არის, ვიდრე რელიგია, უფრო ღრმა ფესვები აქვს... მე მგონია, რომ ის იქ რელიგიაზე უფრო მაღლა მდგომ პრობლემას ხედავდა და არა რელიგიას... საერთოდ, მოაზროვნე იყო, მართლა კაცობრიობის სატკივარი სტკიოდა თითქოს."
თენგიზ აბულაძემ, მართლაც, იგრძნო "კაცობრიობის სატკივარი"... ამიტომაცაა, ალბათ, რომ მისმა "მონანიებამ" ხელახლა გაუთქვა სახელი ქართულ კინოხელოვნებას. 80-იანი წლების მიწურულს ხშირად ასე წერდნენ სწორედ: "ქვეყანა, სადაც "მონანიება" გადაიღეს"... თუმცა ამ ქვეყანას "მონანიების" გადაღება ძვირად დაუჯდებოდა, ალბათ, საბჭოთა სისტემას ნგრევა რომ არ დაეწყო. ამ თემაზე ზუსტად ერთი კვირის შემდეგ ვისაუბრებთ.