საქართველოს პრეზიდენტის პირველ ვიზიტს რუსეთის ფედერაციაში ქართველი პოლიტიკოსები არაერთგვაროვნად აფასებენ

საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი მოსკოვში რუსეთსა და საქართველოს შორის დათბობის ხანის დასაწყისად შეფასდა. მიხეილ სააკაშვილმა კრემლზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა.
ეს ფაქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ უარყოფით პროპაგანდისტულ ფონზე, რომელიც რუსეთში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ შექმნეს. ხისტი პოლიტიკის მიმდევარმა სააკაშვილმა მოსკოვში გამართული პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დიპლომატიური ლავირების უნარი გამოამჟღავნა. ამ უნარით დაიმსახურა მან ქართველ პოლიტიკოსთა უმრავლესობის მოწონება. თუმცა საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ვიზიტის შეფასებებშიც არაერთგვაროვანი აღმოჩნდა.

მიხეილ სააკაშვილის რუს კოლეგასთან შეხვედრის ფორმალურმა მხარემ განსაკუთრებით გააღიზიანა ედეპე-ტრადიციონალისტთა ლიდერი აკაკი ასათიანი. იგი ვიზიტს, არც მეტი, არც ნაკლები, კატასტროფულს უწოდებს და მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი მოსკოვში გამოიყურებოდა მესამეკლასელივით, რომელიც მეხუთეკლასელებში მოხვდა და ამის გამო დაბნეულობას ვერ ფარავდა:

[აკაკი ასათიანის ხმა] "ქვეყნის პრესტიჟს საკმაოდ ისეთი ზარალი მიადგა კიდეც. ძალიან არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებდა და იქ სერიოზული ხალხია, მოგვწონს ჩვენ თუ არ მოგვწონს რუსეთი, იქ სერიოზული ხალხია." (სტილი დაცულია)

აკაკი ასათიანისთვის, როგორც პოლიტიკოსისათვის, აღმაშფოთებელი აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილის ფამილიარული დამოკიდებულება რუს კოლეგასთან, მასთან დამეგობრების სურვილის აქტიურად აფიშირება, იმის აფიშირება, რომ პრეზიდენტი ეკლესიაში ვიზიტის წარმატებით დასრულებისათვის ლოცულობდა და ასე შემდეგ. მოკლედ, ედეპე-ტრადიციონალისტთა ლიდერი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური დიალოგის დიპლომატიური ეტიკეტი დაირღვა და ამით სამომავლოდ ისევ ქვეყანა იზარალებს:

[აკაკი ასათიანის ხმა] " ასე შევარდნაძეს არ ულაქუცია რუსეთში. და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ლაქუცს შედეგი მოაქვს, ძაან მწარედ ცდება და ჩვენ ამ შედეგებს ვნახავთ, რა შედეგებით დამთავრდება ეს ყველაფერი." (სტილი დაცულია)

აკაკი ასათიანისგან განსხვავებით, სოციალისტური პარტიის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მიესალმება იმ ფაქტს, რომ რადიკალი პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობების დამყარების დროს კონსტრუქციულობას ცდილობს. თუმცა მასაც დარჩა შთაბეჭდილება, რომ დითირამბები და მოფერება უფრო მეტი იყო, ვიდრე საქმე და საუბარი. სოციალისტები პირობას დებენ, რომ ისინი ხელს შეუწყობენ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მან საგარეო პოლიტიკა წარმატებულად და შედეგიანად აწარმოოს. რაც შეეხება უშუალოდ რუსეთს, ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ რუსეთის ლოიალობა გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ყველა იმ პრობლემის დარეგულირებაში, რაც ქვეყნებს შორის წლების განმავლობაში დაგროვდა. შესაბამისად, ორმხრივად კეთილგანწყობილმა ვიზიტმა ლოიალობის საფუძველი, ასე თუ ისე, შექმნა. ზაქარია ქუცნაშვილი შენიშნავს იმასაც, რომ ეგრეთ წოდებული სოციალისტური სამკუთხედი, რომლის იდეა აქტიური პოლიტიკისგან დროებით განზე გამდგარ ვახტანგ რჩეულიშვილს ეკუთვნის, უკვე იმყოფება სასტარტო ფაზაში. ანუ მიხეილ სააკაშვილის მოსკოვში გამართული სამუშაო ვიზიტის შემდეგ იდეა უკვე გაცხადებულ რეალობად იქცა.

[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა] "ქილიკობდნენ ამ იდეაზე და რა სამკუთხედი, რის სამკუთხედიო, მაგრამ რეალურად ეს განხორციელებას იწყებს. თუ დააკვირდით საქართველოს დღეს მოქმედი პრეზიდენტის პოზიციას, ის ამბობს, მე არც ვაშინგტონის და არც მოსკოვის პრეზიდენტი არ ვიქნები, მე ვიქნები საქართველოს პრეზიდენტიო. ეს მიდგომა არის სწორი. ჩვენც ვამბობდით, რომ საქართველოს ინტერესები დაცული უნდა იყოს ამ სამთა ჭიდილში."

სამთა თანასწორუფლებიანი სტრატეგიული თანაარსებობის იდეას მიესალმება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ექს-თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი თამაზ ნადარეიშვილი. მისთვის მიხეილ სააკაშვილის მოსკოვში ვიზიტი შთამბეჭდავი იყო იმ პირდაპირობით, რომელიც აფხაზეთის საკითხს შეეხება:

[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] "მნიშვნელოვანია თვითონ შეფასებები, რომ ეს არის რუსეთ-საქართველოს ომი. და ბუნებრივია, რომ სანამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები არ დალაგდება, აფხაზეთის დაბრუნებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ძალიან მკაცრად დააფიქსირა ჩვენი პოზიცია, რომ საქართველო არ შეურიგდება აფხაზეთის დაკარგვას და მიმართავს ყველა არსებულ საშუალებებს იმისათვის, რომ იქ აღდგეს საქართველოს იურისდიქცია."

თამაზ ნადარეიშვილი მადლიერია ქვეყნის პრეზიდენტის, რომ მან უკანასკნელი წლების განმავლობაში პრაქტიკულად პირველმა უთხრა რუსეთის პრეზიდენტს სიმართლე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რეალური უზრუნველყოფის საკითხი ისე დასვა, რომ რუსული მხარე არ გაანაწყენა. თამაზ ნადარეიშვილი უახლოეს დღეებში პრეზიდენტ სააკაშვილთან პირად აუდიენციას შეეცდება. როგორც მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, პრეზიდენტთან შეხვედრის თემა ზოგადად აფხაზური საკითხი იქნება.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკურ საკითხს, იგი განსჯისათვის კვლავაც ღიად რჩება. საზოგადოება პრეზიდენტ სააკაშვილის რუსეთში განხორციელებული ვიზიტის შედეგების რეალიზების მოლოდინშია.