ტელედებატების საზოგადოებრივი მნიშვნელობა

ოფიციალური ვერსიით, თითქმის ყველა წამყვანმა ტელეკომპანიამ ერთდროულად გადაწყვიტა, შეცვალოს საინფორმაციო პროგრამების ფორმატი და ღამის ტელედებატები გააუქმოს. ეს ფაქტი მაყურებლების ნაწილს გაახარებს,
ნაწილს გააოცებს, ნაწილს კი - აღაშფოთებს.

ამიერიდან ეთერში აღარ გავა "ღამის კურიერი" და "ღამის მზერა", ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ღამის საინფორმაციო პროგრამაც დღის ამბების მოკლე კოლაჟით შემოიფარგლება. ქართული საზოგადოება სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა იმ ფაქტის წინაშე, რომ ძილის წინ საათობით აღარ მოუსმენს პოლიტიკოსებს და ექსპერტებს, ესე იგი, თავს ვეღარ გაირთობს სტუდიის სტუმრების დავითა და კამათით, მაგრამ აღარც მტყუან-მართლის გარჩევით დაიტანჯება.

უეჭველია, ბევრი ადამიანი იტყვის: "ძალიანაც კარგი, თუ ტელედებატები აღარ იქნება!" ეს პოზიცია, პირველ რიგში, ასახავს მოყირჭებას პოლიტიკით, გნებავთ, პოლიტიკური სანახაობით; მით უმეტეს, რომ ეს სანახაობა მაყურებელს იშვიათად აძლევდა საშუალებას, პრობლემის არსში ბოლომდე გარკვეულიყო. პოლიტიკოსები და მაღალი რანგის ჩინოვნიკები, რომლებიც საათობით ისხდნენ პირდაპირ ეთერში, ზოგჯერ თავსაც აბეზრებდნენ საზოგადოებას.

აი, ეს რეალობა იწვევს პირველ (დადებით) რეაქციას ტელედებატების შეწყვეტის გამო. მაგრამ სულ მალე - თუ თავიდანვე არა - მაყურებელი უსათუოდ იგრძნობს საინფორმაციო შიმშილს.

ქვეყანაში რეფორმები და სერიოზული სახელისუფლო აქტივობები იგეგმება. შესაბამისად, ადამიანებს აღარ დააკმაყოფილებთ ორწუთიანი საინფორმაციო სიუჟეტები და ოცწამიანი ჩართვები ექსპერტების თუ პოლიტიკოსების მოსაზრებებით. რიგით მოქალაქეებს გაუჩნდებათ სურვილი, გაიგონ, რამდენად სწორ ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება და როგორია ოპოზიციის თუ არასამთავრობო სექტორის მოსაზრებები. ტელეკამერის ზედაპირული მზერით დანახული სინამდვილე აღარ დააკმაყოფილებს საზოგადოებას, რომელიც მიჩვეულია ხანგრძლივ პოლიტიკურ დებატებს.

დღეს ტელედებატები ჟურნალისტის ტრიბუნად აღიქმება. ხვალ კი მაყურებელი აღმოაჩენს, რომ ტელედებატები არა იმდენად ჟურნალისტების, რამდენადაც პოლიტიკოსების და ექსპერტების ტრიბუნა იყო. ეს ტრიბუნა ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს საშუალებას აძლევდა, დღის მთავარ თემებთან დაკავშირებით მთავარი მოქმედი პირებისგან მოესმინა არგუმენტები და მეტ-ნაკლებად კვალიფიციური განმარტება. მაგალითად, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას ექსპერტები და პოლიტიკოსები ტელედებატებში რომ არ დაპირისპირებოდნენ ერთმანეთს, საზოგადოება ძნელად თუ გაიგებდა, რა საფრთხეებს შეიცავს ახალი კონსტიტუცია. გაჩნდა ეჭვი, რომ, სწორედ ამიტომ, ვიღაცის ძლიერმა ხელმა ყველა ტელეეთერიდან ერთბაშად "გააქრო" ეს კრიტიკული მუხტის შემცველი ტრიბუნა. საინფორმაციო შიმშილის კვალდაკვალ, საზოგადოება უეჭველად გააცნობიერებს, რომ, საიდანღაც და რატომღაც, გაჩნდა ძალა, რომელსაც შეუძლია ორ დღეში გააუქმოს ყველაზე რეიტინგული გადაცემები; ძალა, რომელიც ბედავს, რომ დაშრიტოს ინფორმაციის ყველაზე სერიოზული წყარო ქვეყანაში.