სამომავლო პერსპექტივები და შეფასების კრიტერიუმები

23 იანვარს ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ მოწყობილ კონფერენციაზე პოლიტოლოგმა დავით დარჩიაშვილმა წაიკითხა მოხსენება, რომელიც მკაფიოდ განმარტავს პოსტრევოლუციურ ვითარებას
საქართველოში და სამომავლო პერსპექტივაზეც მიანიშნებს.

დავით დარჩიაშვილის მოხსენება მოიცავდა შიდაპოლიტიკური სიტუაციის ანალიზს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. მოხსენებაში ჩამოყალიბებული იყო რევოლუციის სტრუქტურა: ოთხი პოლიტიკური სეგმენტი, ოთხი "მოთამაშე", რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს ხელისუფლების ხავერდოვან შეცვლაში.

დიაქრონულ ჭრილში პირველ რევოლუციურ ფაქტორად, ე.წ. "მოთამაშედ", დასახელდა სამოქალაქო საზოგადოება, რომელმაც მრავალი წელი იშრომა ადამიანების ცნობიერების გარდასაქმნელად; მეორე ფაქტორად დასახელდა ლიდერი; მესამე ფაქტორად - მასები, რომლებიც ასპარეზზე 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ გამოვიდნენ და, სულ ბოლოს, კლანები, რომლებიც, თავისი ორგანიზაციული რესურსითურთ, რევოლუციისკენ ბოლო მომენტში გადაიხარნენ. ეს ფაქტორი დამატებით განმარტებას მოითხოვს. ადამიანები, რომლებიც ოპოზიციის მიტინგებზე დადიოდნენ, ალბათ, თავის გვერდით, მართლაც, ხედავდნენ მეტ-ნაკლებად საეჭვო რეპუტაციისა და დიდძალი დასაბუთებული თუ დაუსაბუთებელი ქონების მქონე პირებს. ასეთი ადამიანების გარეშე არც საარჩევნო სიები არსებობს და არც რევოლუციები. მართალია, მათი რესურსი რევოლუციის გამარჯვებაში შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს, მაგრამ იგულისხმება, განსაკუთრებით, ბოლო დღეებში. ადამიანები, რომლებიც თავისი შემოსავლების მიმართ საგანგებოდ მგრძნობიარეები არიან, ყოველთვის პოულობენ ახალი ხელისუფლებისკენ სავალ გზებს. დაბოლოს, დავით დარჩიაშვილის ხედვით, სინქრონულ ჭრილში რევოლუციური პირამიდა ამგვარად გამოიყურება: ლიდერი, სამოქალაქო საზოგადოება, კლანები, მასები.

მოხსენების დასკვნითი ნაწილი სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. ითქვა, რომ საქართველოს მომავალს განსაზღვრავს ის ფაქტორი, თუ ვის დაუახლოვდება პრეზიდენტი ამ პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის, რომელზე გააკეთებს აქცენტს: სამოქალაქო საზოგადოებაზე, კლანებსა თუ მასებზე.

ეს დასკვნა, მართლაც, დამაფიქრებელია და უფრო დაწვრილებითი ანალიზის საფუძველს იძლევა. თუ მიხეილ სააკაშვილი აქცენტს გააკეთებს მასებზე, ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა პოპულიზმის გზით უნდა იაროს. პოპულიზმი კი ცუდი არჩევანია, განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, სადაც რეფორმებია ჩასატარებელი. რეფორმა ნიშნავს მტკივნეულ ნაბიჯებს: ვთქვათ, კონტრაბანდის შეზღუდვას, რაც პროდუქციას გააძვირებს; ვთქვათ, სამუშაო ადგილების შემცირებას, რაც სიღატაკეს გაზრდის; ვთქვათ, მეცნიერებათა აკადემიის სისტემის დაშლას, რაც ინტელიგენციას სერიოზულად გაანაწყენებს... და ასე შემდეგ. პოპულიზმი და რეფორმა შეუთავსებელია. ხალხისთვის მოსაწონი ნაბიჯებით სიარული კი იმას გამოიწვევს, რომ ერთხანს ქვეყანა კმაყოფილების ეიფორიაში ჩაიძირება, თუმცა გამოფხიზლება იქნება მეტად მტკივნეული და არანაკლებ საშიში.

არსებობს შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტმა აქცენტი გააკეთოს კლანებზე. ეს ნიშნავს, რომ ბევრ საუბარს მოვისმენთ ძველი სისტემის შეცვლაზე, სინამდვილეში კი არაფერი შეიცვლება. სხვათა შორის, ეს უკვე მოხდა საქართველოს რკინიგზაში, სადაც სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ჩატარებულ პატიოსან კონკურსში გამარჯვებული კანდიდატი ხელისუფლებამ არ მიიღო და იგი ისევ თავისი შერჩეული, უალტერნატივო კანდიდატით ჩაანაცვლა. ასეთმა ნაბიჯებმა საზოგადოებას უნდა გაახსენოს, რომ "სიტყვა სიტყვაა, საქმე კი სხვაა". სისტემის ნგრევაზე საუბარი სულაც არ ნიშნავს სისტემის ნგრევას და მისი შენარჩუნება კი სხვა არაფერია, თუ არა კლანებთან ფარული გარიგება. პოპულიზმის არ იყოს, კლანებიც ძალიან ცუდი არჩევანი იქნება. თანაც, ეს ჭირი თავს არ დამალავს და სულ მალე გამოჩნდება, თუკი პრეზიდენტი, ან მისი მინისტრები, ან მისი გუბერნატორები ოდიოზური ფიგურების გავლენის ქვეშ მოექცევიან, რისი ნიშნებიც უკვე ჩანს, მაგალითად, იმერეთში.

არსებობს მესამე არჩევანი - სამოქალაქო საზოგადოება. სამომავლო პერსპექტივების თვალსაზრისით, ეს საუკეთესო და ერთადერთი არჩევანია. სამოქალაქო საზოგადოება, მართალია, "კვალში ჩაუდგება" ხელისუფლებას, გააკრიტიკებს, მოსვენებას არ მისცემს, მაგრამ, იმავდროულად, შეცდომებისგანაც დაიცავს, მხარსაც გაუმაგრებს და ხალხის ნდობასაც შეუნარჩუნებს.

იმ გზის მიხედვით, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობამდე გაიარა, შეიძლება ითქვას, რომ იგი კარგად მეგობრობს მასებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. კლანებთან მეგობრობაში შემჩნეული არ ყოფილა, თუმცა კლანებსაც მასთან მეგობრობა აქამდე დიდ პატივად არ მიუჩნევიათ. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. მასებთან ურთიერთობა სააკაშვილს მისცემს მეტ თავისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობა კი მას მეტ წარმატებას მოუტანს. პრეზიდენტის საქმიანობის შესაფასებლად დავით დარჩიაშვილის პირამიდა ყოველთვის შესანიშნავ კრიტერიუმად დარჩება.