ასლან აბაშიძე ძალის დემონსტრირებას ახდენს და არ გამორიცხავს, აჭარაში განმეორდეს ის, რაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოხდა

აჭარაში იანვრის ბოლოს შექმნილი ვითარება ნოემბრის თბილისის რეალობას ემსგავსება.
ბათუმში ოპოზიციის ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლების აგორების შიშით, ასლან აბაშიძეს ქუჩაში საკუთარი მხარდამჭერები, იმავდროულად, შეიარაღებული ხალხი გამოჰყავს. 28 იანვარს, დილით, ბათუმში სახელმწიფო დაწესებულებებს შეიარაღებულები იცავდნენ, ბთუმის ცაზე კი სამხედრო ვერტმფრენი დაფრინავდა. ამ, აშკარად, დასაშინებელი ღონისძიების მიუხედავად, აბაშიძის ოპოზიცია არ ცვლის საპროტესტო გამოსვლების გაგრძელების გეგმას. აბაშიძის ოპოზიციას აჭარაში დამკვიდრებული რეჟიმის შეცვლის დიდი იმედი აქვს, ავტონომიის მეთაური კი აჭარაში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მომხდარის განმეორებით იმუქრება.

"აჭარაში იგივე შეიძლება განმეორდეს, რაც მოხდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში - იქნება მსხვერპლი, განხეთქილება, გადამწვარი მიწები და უცხოური შეხვედრები კონფლიქტის მოსაგვარებლად. " - ეს არის ასლან აბაშიძის ერთ-ერთი ბოლო განცხადება. შეკითხვას, მაინც რა მიზეზით შეიძლება განმეორდეს აჭარაში ის, რაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოხდა, ავტონომიის მეთაურის პრესსამსახურში ასე უპასუხებენ:

[ასლან აბაშიძის პრესმდივნის ხმა] "იმიტომ რომ, განსხვავებით სხვა რეგიონებისა და დედაქალაქისგან, ასლან აბაშიძეს ბევრი უჭერს მხარს, არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ ასლან აბაშიძეს ბერძენიშვილის და სურმანიძის კაპრიზების გამო."

ალბათ, ასევე ფიქრობდნენ 28 იანვარს ბათუმის ცენტრში ასლან აბაშიძის მხარდასაჭერად გამოსული თუ გამოყვანილი ადამიანები. მეთაურის პრესმდივნის ინფორმაციით, მათი რიცხვი ათასებს უტოლდებოდა, ორგანიზაცია "ჩვენი აჭარის" ლიდერის თამაზ დიასამიძის თქმით კი, - 200-ს. ასე იყო თუ ამ ხალხში, გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთისა და ხელვაჩაურის რაიონებიდან ჩამოყვანილი შეიარაღებულები, ეგრეთ წოდებული "სახალხო რაზმელებიც", ერივნენ, ისინი, ისევე როგორც 28 იანვრის დილას ბათუმში გამოყვანილი სამხედროები, სახელმწიფო დაწესებულებებს იცავდნენ, რადგან იყო შიში, ოპოზიციურ ძალებს არ მოეწყოთ მსვლელობა ამ შენობების მიმართულებით. 28 იანვარს, დილით, ბათუმის ცაზე მოძრაობდა სამხედრო ვერტმფრენიც. ეს ყველაფერი, ასლან აბაშიძის ოპოზიციური მოძრაობა "ჩვენი აჭარის" ლიდერის თამაზ დიასამიძის შეფასებით, იყო ძალის მოკრძალებული დემონსტრირება - ჩვენება იმის, რომ აჭარის მეთაურს აქვს ძალა და ჰყავს გარკვეული მხარდამჭერები. "ესეც და აჭარაში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მომხდარის განმეორების შესაძლებლობაზე გაკეთებული განცხადებაც იყო შანტაჟის მცდელობა, რისაც არც აჭარაში უნდა შეეშინდეს ვინმეს და არც თბილისში," -ამბობს "ჩვენი აჭარის" ლიდერი და შეკითხვას, რატომ არ შეიძლება განმეორდეს აჭარაში ის, რაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოხდა, კონტრშეკითხვას უპირისპირებს:

[თამაზ დიასამიძის ხმა] "აჭარაში ვინ უნდა შეასრულოს ეს ფუნქცია? თუ ლაპარაკია აბაშიძის რეჟიმის ბიუროკრატიულ ზედაფენაზე, ეს ხალხი არავისთვის არ დაღვრის სისხლს, თუ უსაფრთხოების გარანტიები ექნება. მათ ასეთი გარანტიები ექნებათ. აქ ეთნიკური და ნაციონალური საკითხი არ წყდება, აქ წყდება საკითხი, როგორ აღდგეს სახელმწიფოებრივი კონტროლი რეგიონზე."

რეგიონზე სახელმწიფოებრივი კონტროლის აღდგენის მოთხოვნას აბაშიძის რეჟიმი ჯერჯერობით ტერორის მეთოდით უპირისპირდება. 28 იანვარს აჭარაში დააკავეს მოძრაობა"კმარას" ერთ-ერთი აქტივისტი. ამას გარდა, ტელეკომპანია "იმედის" ბათუმის ბიუროს კორესპონდენტს შეიარაღებული პირები სახლში შეუცვივდნენ და ვიდეოკამერა წაართვეს, მოგვიანებით უკან დაუბრუნეს, თუმცა, მუშაობის გაგრძელების შემთხვევაში, ფიზიკური ლიკვიდაციით დაემუქრნენ. ორგანიზაციაში "ჩვენი აჭარა" ფლობენ ინფორმაციას, რომ აბაშიძის რეჟიმი ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ჯემალ ინაიშვილის, ლიკვიდაციას გეგმავს. ყველაფრის მიუხედავად, "ჩვენი აჭარის’ ლიდერები არ აპირებენ უკან დაიხიონ და შეწყვიტონ ბრძოლა ასლან აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგ.