რა გზებს ამუშავებენ საქართველოში კორუფციის პრობლემის გადასაჭრელად

საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს საქართველოში პოსტსაბჭოთა კორუფციული სისტემის შესაცვლელად, თუმცა ამისთვის რა სისტემური
ცვლილებების გატარებას აპირებს ახალი ხელისუფლება, ჯერჯერობით ბუნდოვანია. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ის ჯერჯერობით ყოფილი ჩინოვნიკების დაპატიმრებითა და მოქმედი ჩინოვნიკებისთვის ხელფასის გაზრდის გეგმით უპირისპირდება. ამას გარდა, იუსტიციის სამინისტროში მუშავდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცვლილებები, მათ შორის, თანამდებობის პირებისთვის დაუსაბუთებელი ქონების
ჩამორთმევის მიზნის მისაღწევად. როგორ იწყება საქართველოში ახალი ანტიკორუფციული შეტევა?

ყოფილ თუ მოქმედ ჩინოვნიკებს - იმათ, ვის წინააღმდეგაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თანამდებობას პირადი კეთილდღეობისთვის იყენებდნენ და იყენებენ, პასუხისგებაში მიცემის გარდა, ქონების ჩამორთმევაც ემუქრებათ, ოღონდ, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ვერ დაასაბუთებენ ქონების კანონიერ წარმომავლობას. ახალი ხელისუფლების გეგმით, დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის წესი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცვლილებებით უნდა განისაზღვროს. ცვლილებები იუსტიციის სამინისტროში მუშავდება. იმის განმარტება, თუ რას გვთავაზობს ის, აღნიშნული სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელს ვალერი ცერცვაძეს ვთხოვეთ:

[ვალერი ცერცვაძის ხმა] "მოხდეს თანამდებობის პირის მიმართ ბრალის წაყენება და გასამართლება მის დაუსწრებლადაც, თუკი ის თავს არიდებს საგამოძიებო სისტემაში გამოცხადებას და მის წინააღმდეგ ძებნაა გამოცხადებული. ამის შემდგომ სამოქალაქო საქმის აღძვრის უფლება აქვს პროკურორს, თუკი გაუჩნდება ეჭვი, რომ თანამდებობის პირის მფლობელობაშია დაუსაბუთებელი ქონება."

დამუშავების სტადიაში არსებული ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს სამოქალაქო საქმის აღძვრას იმ თანამდებობის პირის მიმართაც, რომელიც არ იძებნება, რომლის წინააღმდეგაც არ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ რომელთან დაკავშირებითაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ უკანონო ქონების მფლობელია. ვალერი ცერცვაძის თქმით, იგეგმება საკანონმდებლო ცვლილება იმისთვისაც, რომ მოხდეს თანამდებობის პირის კუთვნილი, მაგრამ სხვაზე გაფორმებული, უკანონო ქონების გამოვლენა და ჩამორთმევა - კიდევ ერთხელ დავაზუსტებთ - იმ შემთხვევაში, თუ ქონების რეალური მფლობელი სასამართლოს ვერ დაუსაბუთებს, რომ ქონება კანონიერი გზებით აქვს შეძენილი. ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს სასჯელის შემსუბუქებას იმ თანამდებობის პირებისთვის, რომლებსაც უმტკიცდებათ დანაშაული, მაგრამ რომლებიც მიაწვდიან სამართალდამცავ ორგანოებს ინფორმაციას სხვა თანამდებობის პირების კორუფციულ საქმიანობაზე. როდის დასრულდება სისხლის სამართლის და სამოქალაქო კოდექსებში შესატან ცვლილებებზე მუშაობა და როდის გადაეცემა ეს ცვლილებები პარლამენტს განსახილველად, ჯერჯერობით უცნობია. სამაგიეროდ, იმის თქმა შეიძლება, რომ მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს უარის თქმას თანამდებობის პირებისთვის დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის ინიციატივაზე. არსებობს ახალი ხელისუფლების კიდევ ერთი კონკრეტული ანტიკორუფციული გეგმა - გაეზარდოთ ხელფასები თანამდებობის პირებს, რათა მათ აღარ გაუჩნდეთ თანამდებობის ბოროტად გამოყენების სურვილი. როგორც ცნობილია, ამ გეგმის რეალიზაციისთვის მიხეილ სააკაშვილს დახმარება ჯორჯ სოროსმა აღუთქვა. ქართველი ჩინოვნიკების მაღალი ხელფასით უზრუნველყოფის იდეის ფინანსური მხარდაჭერა მოხდება გაეროს განვითარების პროგრამით, აგრეთვე რამდენიმე უცხოელი ბიზნესმენის მიერ. ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის კახა ლომაიას ვარაუდით, ქართველი ჩინოვნიკების მაღალი ხელფასებით უზრუნველყოფის პროცესი, ჯორჯ სოროსის, გაეროს განვითარების პროგრამისა და სხვათა დახმარებით, 18-იდან 24 თვემდე ვადაში უნდა წარმოვიდგინოთ. რა და როგორ იქნება შემდეგ, იმაზეა დამოკიდებული, რა მოხდება მანამდე, რამდენად არ შემოიფარგლება ხელისუფლება კორუმპირებულების დაჭერით და რამდენად დაიწყებს ის რეალური ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარებას. ასე ფიქრობს დავით უსუფაშვილიც, ის არის ერთ-ერთი ავტორი 3 წლის წინ დაწერილი ანტიკორუფციული პროგრამისა.

[დავით უსუფაშვილის ხმა] " ანტიკორუფციული პოლიტიკა უნდა გატარდეს ბევრი მიმართულებით. ერთი უბნის გამოყოფა და მასზე შეტევა შედეგს არ მოიტანს. ანტიკორუფციული პროგრამა, რომელიც 3 წლის წინ დამუშავდა, სწორედ ამ კომპლექსურ მიდგომებს ითვალისწინებდა. მასში გამოკვეთილი იყო რამდენიმე ძირითადი მიმართულება."

ძირითად მიმართულებებში იგულისხმება აღრიცხვიანობის მოწესრიგება, როგორც მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის, უძრავი ქონების რეესტრის, ისე მოქალაქეთა აღრიცხვის თვალსაზრისით - ამომრჩევლების, პენსიონერების, გადამხდელების და ასე შემდეგ; აგრეთვე: სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების მოძრაობის გამჭირვალობის მიღწევა, სახელმწიფო სამსახურების რეფორმა - ფუნქციების გამოკვეთის თვალსაზრისით, სამართალდამცავი სისტემის რეფორმირება, მაკონტროლებელი ორგანოების შემცირება, სერიოზული რეფორმა სერტიფიცირების სფეროში, საბანკო და საბუღალტრო აღრიცხვიანობის მოწესრიგება და ასე შემდეგ. ახალ ხელისუფლებას საზოგადოებისთვის ჯერ არ აუხსნია, რის გაკეთებას აპირებს ამ მიმართულებებით.