"ვარდების რევოლუციად" ცნობილი მოვლენების შემდეგ თბილისს არაერთი უცხოელი სტუმარი ეწვია.
მართალია, მათ შორის არ ყოფილან უცხო სახელმწიფოთა პირველი პირები - პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ეს, ალბათ, არც იქნებოდა ბუნებრივი - მაგრამ საქართველოს დედაქალაქში ბოლო ხანს ჩასულ ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსთა სიას თუ გადავავლებთ თვალს, არ გაგვიჭირდება იმის მიხვედრა, რომ დასავლეთი ყოველმხრივ ცდილობს, საჯაროდ გამოუცხადოს მხარდაჭერა ქვეყნის ახალ ხელისუფლებას. უდავოდ ამ მხარდაჭერის გამოხატულებად უნდა მივიჩნიოთ თბილისში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროპის კავშირის უზენაესი კომისრის, ხავიერ სოლანას ერთდღიანი ვიზიტიც.
"ევროპის კავშირი იმედოვნებს, რომ ეუთოს ფარგლებში მიღწეული შეთანხმება საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანის შესახებ შესრულდებაო" - განაცხადა ხუთშაბათს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ხავიერ სოლანამ.
[ხავიერ სოლანას ხმა] "ევროპის კავშირის აზრით, 1999 წელს, სტამბოლში ხელმოწერილი შეთანხმებები უნდა შესრულდეს. ეს შეთანხმებები ეუთომ შეიმუშავა - ორგანიზაციამ, რომელშიც შედიან ევროპის ქვეყნებიც, შეერთებული შტატებიცა და რუსეთიც. ამიტომ დიდი იმედი გვაქვს, რომ შეთანხმებები ძალაში დარჩება და შესრულდება."
ამ განცხადებით ხავიერ სოლანა, ფაქტობრივად, მოუწოდებს რუსეთს, დარჩენილი ორი ბაზაც გაიტანოს საქართველოდან და შეასრულოს სტამბოლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება.
ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, კავშირი არ განიხილავს საკითხს საქართველოდან ბაზების გატანის პროცესში რუსეთისთვის ფინანსური დახმარების შესახებ. თუმცა, ხავიერ სოლანა იქვე დასძენს, რომ ამ საკითხების მოგვარებაში ევროპის კავშირი მაქსიმალურად დაეხმარება საქართველოს.
როგორც გახსოვთ, საგარეო საქმეთა მინისტრმა თედო ჯაფარიძემ ამ ორიოდე დღის წინათ განაცხადა, რომ რუსეთის მხარე ახალქალაქისა და ბათუმის ბაზების გატანის პროცესის დაჩქარების მიზნით საქართველოს 500 მილიონ დოლარს სთხოვს. საინტერესოა, რომ პარასკევს ეს ცნობა უარყო რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ბორის მალახოვმა. იტარ-ტასის სააგენტოს კორესპონდენტის თხოვნაზე, კომენტარი გაეკეთებინა თედო ჯაფარიძის განცხადებისთვის, მალახოვმა აღნიშნა: "მოლაპარაკების მსვლელობაში, არც დელეგაციებისა და არც ექსპერტთა ჯგუფების დონეზე, არ დასახელებულა და არ განხილულა თანხა, რომელიც აუცილებელია ბათუმიდან და ახალქალაქიდან ახალი დისლოკაციის ადგილზე ჩვენი ბაზების პირადი შემადგენლობის, ტექნიკისა და შეიარაღების ტრანსპორტირებისთვის და მათი იქ განთავსების მიზნით სამხედრო ქალაქების აგებისთვის."
თუმცა, ისევ ხავიერ სოლანას ვიზიტს დავუბრუნდეთ. თბილისში მის დაუგეგმავ ჩასვლას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია.
[ზურაბ ჟვანიას ხმა] "თავისთავად ბატონი სოლანას ჩამოსვლა იყო ძალიან მნიშვნელოვანი დემონსტრაცია მხარდაჭერის ევროკავშირის მხრიდან. თქვენ იცით, რომ ეს არ იყო წინასწარ დაგეგმილი ვიზიტი, მან საგანგებოდ, ძალიან დაძაბულ გრაფიკში, გამონახა საშუალება, რომ ჩამოსულიყო ჯერ კიდევ ინაუგურაციამდე ახალი პრეზიდენტის თბილისში, რათა გამოხატოს, როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებში, საკუთარი დამოკიდებულება და ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოსადმი და საქართველოში მომხდარი მოვლენებისადმი."
ზურაბ ჟვანიას ნათქვამს დავამატებ, რომ საქართველოში მომხდარი მოვლენებისადმი ევროკავშირმა დამოკიდებულება უკვე საქმითაც გამოხატა: გასულ თვეში მან 7 მილიონი ევრო გამოუყო საქართველოს ერთი მხრივ, სასურსათო დახმარების სახით, ხოლო მეორე მხრივ, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად. სულ რამდენიმე დღის წინათ კი, 13 იანვარს, კავშირმა გამოაცხადა, რომ საქართველოსთვის მომდევნო ორი წლის მანძილზე გამოყოფს 28 მილიონ ევროს იუსტიციისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროებში, აგრეთვე, სახელმწიფო მართვის სისტემაში დაგეგმილი რეფორმების მხარდასაჭერად.
მიმდინარე კვირის დასაწყისში, ბრიუსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისში ხავიერ სოლანას ვიზიტი მიზნად ისახავს ევროკავშირსა და საქართველოს ახალ ხელმძღვანელობას შორის მაღალი დონის კონტაქტების განმტკიცებას და საქართველოსთვის ევროკავშირის განუხრელი მხარდაჭერის გამოხატვას.
[ზურაბ ჟვანიას ხმა] "ჩვენ ვსაუბრობთ, მთლიანობაში, რომ ბევრად უფრო ინტენსიური და აქტიური გახდება ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ საქართველოსთვის 2004 წელს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენ ბევრად უფრო დავუახლოვდეთ ევროპას, და აქ ჩვენ ვგულისხმობთ როგორც ეკონომიკურ პროცესებს, ისე იმ რეფორმების პროცესს, რაც საქართველოში უნდა წარიმართოს, და ვგულისხმობთ იმას, რომ ქართველებმა უნდა იგრძნონ ბევრად უფრო რეალურად, რომ ისინი მიდიან იმ გზაზე, როდესაც ექნებათ მეტი კეთილდღეობა, მეტი დაცულობა და რეალურად იგრძნობენ თავს ევროპის ნაწილად."
შესაძლოა, სწორედ ევროპის ნაწილად საკუთარი თავის წარმოდგენას უკავშირდებოდა ჟურნალისტის კითხვა ხავიერ სოლანასადმი, შეუძლია თუ არა ევროკავშირს, მონაწილეობა მიიღოს აფხაზეთის სამშვიდობო ოპერაციებში. ევროკავშირის წარმომადგენელმა ჩვენს კოლეგას ისეთი პასუხი გასცა, როგორიც გამოცდილი დიპლომატისგან მოსალოდნელიც იყო:
[ხავიერ სოლანას ხმა] "რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიკისრებთ სამშვიდობო მისიის განხორციელებას გაეროს მანდატის გარეშე. ამიტომ, საამისოდ საჭირო იქნებოდა გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუცია. მაგრამ ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ, თუ ეს პირობა შესრულებულ იქნა."