საქართველოს საპყრობილეებში მოსალოდნელი ბუნტი აღიკვეთა

საქართველოს საპყრობილეებში პატიმრებმა შეწყვიტეს საპროტესტო აქცია, რომლითაც "კანონიერი ქურდის" ზაზა ამბროლაძის დაკავებას აპროტესტებდნენ. " საპატიმროებში ბუნტი მოსალოდენლი აღარ არის,"
- აცხადებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გია გეწაძე და აღიარებს, რომ პატიმრებში ბუნტის მოთხოვნილება ერთი "კანონიერი ქურდის"
დაკავებას არ გაუღვიძებია. იუსტიციის მინისტრის მოადგილის აზრით, პატიმრების უკმაყოფილების მიზეზი ციხეებსა და კოლონიებში დასადგურებულ გაუსაძლის პირობებშია საძებნელი. ამას ემატება ისიც, რომ არიან პატიმრები, რომლებიც უკანონო პატიმრობაში მყოფებად მიიჩნევენ თავს და საკუთარი საქმეების გადახედვას ითხოვენ. აღსანიშნავია კიდევ ერთი მიზეზი, რომელზეც ხელისუფლების წარმომადგენლები ნაკლებად საუბრობენ. პატიმრები და ადამიანის უფლებების დამცველები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა წარსულში პატიმრობაში მყოფი ადამიანების უკანონო მეთოდებით დაპატიმრების ფაქტები და რომ ამბროლაძის დაკავების შემდეგ დაწყებული აქცია სწორედ ამ ტენდენციის გაპროტესტებას ისახავდა მიზნად. როგორ აღიკვეთა საპატიმროებში მოსალოდნელი ბუნტი და რატომ აპირებდნენ პატიმრები ბუნტს?


ხელისუფლება პატიმრებს წესრიგის დაცვას კანონიერად სთხოვს, პატიმრები კი, ასევე კანონიერად, სასჯელაღსრულების ადგილებში დამკვიდრებულ გაუსაძლის პირობებს უჩივიან. ამასთან ერთად, უჩივიან ამ პირობებში ადამიანების დაბრუნებას უკანონო მეთოდებით - იარაღის ან ნარკოტიკების ჩადებით. პატიმრების აზრით, სწორედ ამ უკანონო მეთოდების გამოყენებით იქნა დაკავებული კრიმინალური ავტორიტეტი ზაზა ამბროლაძე. ასევე ფიქრობს ადამიანის უფლებების დამცველი ნანა კაკაბაძე. ამბროლაძის სოლიდარობის ნიშნით საპატიმროებში წამოწყებულ საპროტესტო აქციას ის ერთი ადამიანის მიმართ გამოხატულ სოლიდარობად არ განიხილავს.

[ნანა კაკაბაძის ხმა] "თვისთავად ფორმა იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ ამ მეთოდებით განაახლა ადამიანების დევნა - ეს არის პროტესტის მიზეზი და არა ერთი ადამიანის უკანონოდ დაკავება. სხვა კრიმინალური ავტორიტეტებიც დაუკავებიათ, მაგარამ მათ დაკავებას არ მოჰყოლია ასეთი რეაქცია. "(სტილი დაცულია)

რეაქცია, მართლაც, მძაფრი იყო. ქუთაისის, ზუგდიდის და თბილისის საპყრობილეების პატიმრებმა დაუმორჩილებლობის აქცია წამოიწყეს; ისინი ბუნტის მოწყობითაც დაიმუქრნენ, თუმცა მუქარის შესრულებაზე უარი თქვეს. სამშაბათს დილიდან პატიმრებმა გამომძიებლებისთვის ჩვენებების მიცემა განაახლეს. ამ ყველაფერს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გია გეწაძე (ის პენიტენციურ სისტემას უწევს ზედამხედველობას) რამდენიმე ფაქტორით ხსნის:

[გია გეწაძის ხმა] "ციხის ადმინისტრაციებმა სერიოზულად იმუშავეს. მე პირადად მოვიარე 5 კოლონია და ვხვდებოდი პატიმრებს. მქონდა განმარტებითი მუშაობა. მე მათ ვუდასტურებდი, რომ ჩვენი მიზანია მათი უფლებების დაცვა; ამავდროულად, ჩვენი მიზანია წესრიგის დაცვა. "

გია გეწაძის აზრით, საპატიმროებში ამბოხის საშიშროების მოხსნა მიხეილ სააკაშვილის ორშაბათის გამოსვლამაც განაპირობა. სააკაშვილმა კი ორშაბათს მოუწოდა იუსტიციის მინისტრს ბუნტის შემთხვევაში გაეხსნა ცეცხლი და ადგილზე გაენადგურებინა ყველა პატიმარი, რომელიც სიტუაციის არევას შეეცდებოდა. ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილმა პატიმრების უფლებების დამცველებსაც შეუტია.

[ნანა კაკაბაძის ხმა] "თქვა, რომ ასეთი ადამიანების დამცველებს მუშტი უნდა დავახალოთო. ეს იყო პირდაპირი დაშინება იმ ადამიანების, რომლებიც ხელისუფლების უკანონო ქმედებების წინააღმდეგ ხმას აღიმაღლებენ. რაც შეეხება იმას, რომ პატიმრებს პირდაპირ უნდა დავახალოთ, ამას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. კანონი მკაცრად ამბობს, რომ მხოლოდ ადეკვატური ძალა შეიძლება იქნეს გამოყენებული პატიმრების წინააღმდეგ. იმ ძალის ადეკვატური, რომელსაც პატიმარი იყენებს და არა იმაზე მეტი. "

როგორც ადამიანის უფლებების დამცველს, ნანა კაკაბაძეს ხშირად უწევს საპატიმროებში შესვლა. ის ამბობს, რომ მათი ყოფა წამების ტოლფასია. ასეთ შეფასებას იზიარებს გია გეწაძეც. სამშაბათს, თბილისის ნომერ მეხუთე იზოლატორის მონახულების შემდეგ, მან გვითხრა, რომ ამ საპატიმროში საწოლების რაოდენობა პატიმრების რაოდენობაზე მცირეა და, აქედან გამომდინარე, პატიმრებს მორიგეობით უწევთ საწოლის გამოყენება.