რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაპატიმრებების სერია გრძელდება

რევოლუციის გმირები კორუფციასთან ბრძოლის ნებას სხვადასხვა, ყოფილი თუ მოქმედი, ჩინოვნიკების დაპატიმრებით ავლენენ.
დაკავებულებსა და ძებნილებად გამოცხადებულებს შორის ჟვანია-სააკაშვილის გარემოცვასთან აშკარა დაპირისპირებაში მყოფი პირები ჭარბობენ. ახალი ხელისუფლება მათ სხვადასხვა ფინანსურ მაქინაციებში, მოკლედ რომ ვთქვათ, კორუფციაში სდებს ბრალს და ირწმუნება, რომ დაპატიმრებები არ ხდება პოლიტიკური ნიშნით. აღნიშნულის მიუხედავად, რაკი რევოლუციურმა სამეულმა კორუფციასთან ბრძოლა სავარაუდო კორუმპირებულთა შორის მათთვის ყველაზე მიუღებლების წინააღმდეგ შეტევით დაიწყო, გაჩნდა ეჭვი, ხომ არ ატარებს ეს შეტევა ანგარიშსწორების ხასიათს. ოთხშაბათს დილით ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი და ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით მირცხულავა დააკავეს.

22-23 ნოემბრის მოვლენების შემდეგ სამართალდამცავები ადრე ხელშეუხებელი რამდენიმე პირის მიმართ გააქტიურდნენ: შეუდგნენ რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილი შეფის აკაკი ჩხაიძის საქმიანობის შესწავლას; ძებნა გამოაცხადეს ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორ ლევან მამალაძეზე, რომელსაც კვარციტის ოქროს დატაცებას ედავებიან და არამარტო ამას; რევოლუციის შემდეგ სახელმწიფოსთვის ფინანსური ზარალის მიყენების გამო პირველი დააკავეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია, შემდეგი ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი და ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით მირცხულავა აღმოჩნდა და არცთუ მოულოდნელად. შევარდნაძის გადადგომის შემდეგ მირცხულავა ერთ-ერთი პირველი დაიბარეს გენერალურ პროკურატურაში. მას სომხეთიდან მიღებულ 4 მილიონზე მეტი ღირებულების ელექტროენერგიის არამიზნობრივ ხარჯვას ედავებიან, რის გამოც საქართველოს სომხეთის სასარგებლოდ 2 მილიონ 250000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით შევარდნაძის მმართველობის პერიოდშიც იყო მსჯელობა. მაშინდელ ენერგეტიკის მინისტრს საქართველოსთვის დაკისრებული ჯარიმის გამო პასუხი ერთ-ერთ პარლამენტის სხდომაზე ჟვანიას თანაგუნდელმა ირაკლი ჩუბინიშვილმა მოსთხოვა, მაგრამ, ისევე როგორც ახლა, მირცხულავა დამნაშავედ თავს არც მაშინ ცნობდა. რამდენიმეწლიანი მინისტრობის მიწურულს, საქართველოს ენერგობაზარზე რუსული "რაოიესის" შემოსვლასთან დაკავშირებით, დავით მირცხულავა დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა მწვავე შეტევის ობიექტი გახდა. დღეს კი მის წინააღმდეგ, თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. აღნიშნულის გამო პროკურატურაში ყოფილი მინისტრის ნებაყოფლობით მისვლა პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის ოთხშაბათს დილით მაინც იძულების წესით დააკავეს. მომხდარი ახსნეს იმ მოტივით, თითოქსდა დავით მირცხულავა დღეს საქართველოდან წასვლას აპირებდა. მიხეილ სააკაშვილმა ისიც კი თქვა, რომ ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე რუსეთში გადასვლას აფხაზეთის გავლით გეგმავდა. ასეთ ვერსიებს მირცხულავას ოჯახის წევრები სისულელეს უწოდებენ.

"რა სისულელეა! ექიმთან მიდიოდა. აგვისტოში ჰქონდა გულის შეტევა და მას შემდეგ თვეში ერთხელ სამედიცინო შემოწმებას გადის" - ირწმუნება მირცხულავას შვილი და დასძენს, რომ 24 დეკემბერს დილით მისი მამა საკუთარ ექიმთან მიდიოდა. ყოფილი მინისტრი ამ დღეს მაინც ექიმების ხელში აღმოჩნდა, ოღონდ - მოგვიანებით. გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე დაკითხვაზე მას ძლიერი გულის შეტევა განუვითარდა და მძიმე მდგომარეობით კარდეოლოგიური კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს ბადრაგის თანხლებით. სამართალდამცავებმა სასამართლოს სანქციის გარეშე გაჩხრიკეს დავით მირცხულავას საცხოვრებელი ბინა, რამდენიმე საათის მანძილზე ჩხრეკა მიმდინარეობდა ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაშიც, დაკავებულის კაბინეტში.

ვინ იქნება შემდეგი, გამოცანაა. თუმცა ეჭვს არ იწვევს, რომ ყოფილი ჩინოვნიკების დაპატიმრების სერია აუცილებლად გაგრძელდება. ახალი ხელისუფლება სახალხო ქონების გამნიავებლებთან ბრძოლას ხალხის სახელით აცხადებს.24 დეკემბერს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დააკავეს