უცხოეთის პრესის მიმოხილვა

ანდრო ეული, პრაღა პარასკევს ხუთ დეკემბერს, თბილისს, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი ეწვია,





რასაც მრავალმხრივი კომეტარით გაოეხმაურა დასავლეთის პრესა. გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" მიმომხილველი ბრედლი გრეჰემი ხაზგასმით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე პენტაგონის თავკაცმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია მზადაა ყოველმხრივი დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს ახალ ლიდერებს, და რომ ვაშინგტონი მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში სტაბილური ვითარების შენარჩუნებას. ამერიკელი ჟურნალისტი წერს:

"დონალდ რამსფელდმა რუსეთის მთავრობას მოუწოდა -პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ოთხი წლის წინათ ნაკისრი ვალდებულება საქართველოს ტერიტორიიდან რუსი სამხედროების გაყვანის შესახებ. მას შემდეგ, რაც მშვიდობიანმა საპროტესტო გამოსვლებმა აიძულა ედუარდ შევარდნაძე გადამდგარიყო, შეერთებული შტატებისა და რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლთა ძალისხმევა იმისკენაა მიმართული, რომ საკუთარი ინტერესები დაიცვან საქართველოში. როგორც დონალდ რამსფელდის ერთ-ერთმა თანმხლებმა დიპლომატმა განაცხადა, ვაშინგტონი შეშფოთებულია იმის გამო, რომ მოსკოვი დიდის გავლენით სარგებლობს საქართველოს სამ რეგიონში: აჭარაში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში".

როგორც გაზეთი "ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნი" აღნიშნავს, საქართველოს ახალმა ლიდერებმა გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს თბილისში დონალდ რამსფელდს, ხოლო შეერთებული შტატები, საქართველოს უმთავრეს მოკავშირედ აღიარეს. გაზეთი დასძენს:

"საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ "გარკვეული ძალები" რუსეთში მოქმედებენ კულისებს მიღმა, რათა ძირი გამოუთხარონ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთი რომ არ უმაგრებდეს მათ ზურგს, კონფლიქტები ქართველ სეპარატისტებთან, მოგვარდებოდაო, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ".