არჩევნების შემდგომ დაძაბულობაში კრიმინალები ერთვებიან - სროლა ზუგდიდის ცენტრში

არჩევნების შემდგომი დაძაბულობა უფრო და უფრო მწვავდება. ხელისუფლება არ რეაგირებს მოთხოვნაზე, რომელიც არჩევნების სამართლიანი შედეგების ლეგიტიმაციისკენ არის მიმართული,
"ნაციონალური მოძრაობა" თბილისში გრანდიოზული მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ჩატარებისთვის ემზადება, სახელისუფლებო ძალებს კი ქუჩებში საკუთარი ხალხი გამოჰყავთ. 7 ნოემბერს რუსთაველის პროსპექტზე მშვიდობიანი მსვლელობა "აღორძინებისა" და სახელისუფლებო ბლოკის მიერ მობილიზებულმა ადამიანებმა მოაწყვეს, თუმცა ეს აქცია არ გამოვიდა ისეთი მასშტაბის, როგორიც მის ორგანიზატორებს სურდათ. ამავე დღეს ზუგდიდში ჩავიდა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, რასაც ზუგდიდელი კრიმინალები პოლიციის თვალწინ ატეხილი სროლით დაუპირისპირდნენ. დაჭრილია ერთი ადამიანი.

2 ნოემბრის არჩევნებმა საქართველოს მოსახლეობას იმედი გაუცრუა. ამ არჩევნების წინასწარი მონაცემები, რომელთა მიხედვითაც საქართველოს ყოველმა მეორე ამომრჩეველმა ხმა შევარდნაძის და აბაშიძის გარშემო გაერთიანებულ ძალებს მისცა, საზოგადოებაში უფრო და უფრო აღვივებს საპროტესტო განწყობას. ხელისუფლება კი დაძაბულობის განმუხტვისთვის არაფერს აკეთებს. მაშინ, როცა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს საკუთარი მხარდამჭერების მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული და თბილისში დიდ საპროტესტო გამოსვლას ამზადებენ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ 8 ნოემბერს ქვემო ქართლიდან თბილისში საკუთარი ხალხის ჩამოყვანას გეგმავს ლევან მამალაძე. მანამდე საქართველოს დედაქალაქში საკუთარი მხარდამჭერების მობილიზაცია "აღორძინებამ" გამოაცხადა. ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი შეავსო, მაგრამ ფილარმონიიდან რუსთაველის პროსპექტისკენ მშვიდობიან მსვლელობაში დაახლოებით 200 კაცი გაიყოლა.
საგულისხმოა, რომ ეს არ იყო მარტო "დემოკრატიული აღორძინების კავშირის" აქცია - საკუთარი ხმების დასაცავად. ფილარმონიაში გამართულ შეკრებაზე წარმოდგენილები იყვნენ სახელისუფლებო ბლოკში გაერთიანებული ძალების მხარდამჭერები, გამგებლები და ასე შემდეგ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ ორ გამარჯვებულ ძალას მათთვის მიცემული ხმების დასაცავად ქუჩაში ცოტა ხალხი გაჰყვა. "არჩევნების გაყალბების წინააღმდეგობის ფრონტში " გაერთიანებულ ძალებს კი ამ დღეს თბილისში არ უაქტიურიათ. "ნაციონალური მოძრაობა" 7 ნოემბერს საქართველოს რაიონებში მუშაობდა, ხოლო "ბურჯანაძე - დემოკრატებმა" საგანგებო ბრიფინგი გამართეს და მასზე ძალზედ საინტერესო განცხადება გააკეთეს:
[ნინო ბურჯანაძის ხმა] " ჩვენ, ბლოკი "ბურჯანაძე-დემოკრატები", ერთხმად ვაცხადებთ: ჩვენ არ ვცნობთ 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და არ ვცნობთ ამ არჩევნებს, რადგან არჩევნები არ ჩატარებულა. ჩვენ არ შევალთ იმ პარლამენტში, რომელიც დანიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს ხელისუფლებამ."

ეს იყო ნინო ბურჯანაძის განცხადება. "ბურჯანაძე- დემოკრატები" უარს ამბობენ იმ პარლამენტში შესვლაზე, რომელიც 2 ნოემბრის არჩევნების შედეგების მიხედვით უნდა დაკომპლექტდეს და მოქმედების გზად კონსტიტუციით ნებადართულ საპროტესტო მეთოდებს ირჩევენ. ეს იმას ნიშნავს, რომ დაპირისპირება, რომელიც პარლამენტის შენობაში უნდა განვითარებულიყო, ქუჩაში უნდა განვითარდეს. თუმცა, როგორ განვითარდება პოლიტიკური მოვლენები ქუჩებში და რას მოიტანს ის, არავინ იცის.

7 ნოემბერს ზუგდიდის ცენტრში " ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა მიტინგის ჩასაშლელად ნიღბიანი კრიმინალები გამოიყენეს. ჩვენი ზუგდიდელი კორესპონდენტის ლაშა ბერულავას ცნობით, მათ პირდაპირ პოლიციის მაღალჩინოსნების თვალწინ სცადეს იარაღის გამოყენებით მოედანზე შეკრებილი მშვიდობიანი ადამიანების დაშლა. ნიღბიანები ხალხში შეიჭრნენ და იქ ისროდნენ. დაიჭრა ერთი ქალბატონი. ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ კი ბოროტმოქმედთა მიმალვის შემდეგ წესრიგის აღსადგენად სპეცრაზმი გამოიყვანა. ზუგდიდის ცენტრში მიტინგი მაინც ჩატარდა. სააკაშვილი იქ საკუთარ მხარდამჭერებს მაინც შეხვდა.