ვინ და რატომ აირჩია საქართველოს მოსახლეობამ

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჯერჯერობით არჩევნების ოფიციალური შედეგები არ გამოუქვეყნებია. თუმცა უკვე შეიძლება მსჯელობა იმის შესახებ, თუ ვინ და რატომ აირჩია საქართველოს მოსახლეობამ.
ორი პოლიტიკური ძალა, რომელსაც, ნებისმიერ შემთხვევაში, არჩევნებში საუკეთესო შედეგი ექნება, ნაციონალური მოძრაობა და სახელისუფლო ბლოკია. სწორედ მათი ურთიერთობა დაედება საფუძვლად ახლო მომავლის ქართულ პოლიტიკას.

წააგო თუ მოიგო არჩევნები ხელისუფლებამ? ბოლო ორი დღის განმავლობაში ამ კითხვაზე ურთიერთსაწინააღმდეგო პასუხები გაისმა - დადებითიც და უარყოფითიც. წელიწადნახევრის წინ ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ხელისუფლებამ სამარცხვინოდ წააგო და თბილისის საკრებულოში ერთი წევრიც ვერ შეიყვანა. დღეს კი საკამათო მხოლოდ ის არის, სამთავრობო ბლოკმა 2 ნოემბრის არჩევნებში პირველი ადგილი დაიკავა თუ მეორე. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ამგვარ სურათს არ ელოდა, არჩევნების შედეგს პრეზიდენტისა და მისი გარემოცვისთვის მეტად წარმატებულად მიიჩნევს.

მეორე მხრივ, ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ნაციონალური მოძრაობის მიმართ გამოცხადებული ნდობის ხარისხიც. საქართველოს მოსახლეობამ ენერგიულად და მონდომებით დაუჭირა მხარი მიხეილ სააკაშვილს, მის პარტიას, მის კანდიდატებს მაჟორიტარულ ოლქებში. ხმების პარალელური დათვლის მონაცემებით, რაც ჯერჯერობით ერთადერთი ოფიციალური შედეგია, არჩევნები სწორედ ნაციონალურმა მოძრაობამ მოიგო.

საქართველოს მოსახლეობის ნებით, ამიერიდან პოლიტიკური პროცესი დამოკიდებული იქნება ამ ორი ძალის - ამჟამინდელი ხელისუფლებისა და ნაციონალური მოძრაობის - დაპირისპირებაზე: ზოგადი ტენდენციის მიხედვით, მათგან ერთ-ერთი უნდა დასუსტდეს, მეორე კი გაძლიერდეს. მხოლოდ ეს ტენდენცია გასცემს საბოლოო პასუხს შეკითხვას - ვინ მოიგო და ვინ წააგო არჩევნები. ამ საკითხის გადასაწყვეტად და საკუთარი შედეგის გასამყარებლად ბრძოლა უკვე დაწყებულია. სახელისუფლო ბლოკის ლიდერებიც და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეც საზოგადოებას არწმუნებენ, რომ გაიმარჯვა მომავლის იმგვარმა ხედვამ, რაგვარსაც თავად სთავაზობდა ქვეყანას. სამთავრობო ბლოკისთვის ეს ხედვა არის სტაბილურობა და შევარდნაძის ფაქტორი, ნაციონალური მოძრაობისთვის კი - სწრაფი ცვლილებები.

აქ უსათუოდ უნდა გავიხსენოთ, რა იყო ხელისუფლების და ოპოზიციის მთავარი შეთავაზება საზოგადოების მიმართ ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისში, როცა ისინი ორ ბანაკად დაჯგუფებას ცდილობდნენ. ხელისუფლება ხალხს აფრთხილებდა, რომ ოპოზიცია სწრაფი ცვლილებებით ქვეყანას დაანგრევდა, თავად კი სტაბილურობის შენარჩუნებას შეძლებდა; თავის მხრივ, ოპოზიცია მოსახლეობას არწმუნებდა, რომ ხელისუფლება ათწლეულების განმავლობაში აღარაფერს შეცვლიდა, თავად კი რადიკალური ცვლილებებისთვის ემზადებოდა. გამოდის, რომ საარჩევნო კამპანიის საწყის ფაზაში გავლებული ხაზი არსებულის შენარჩუნებასა და ცვლილებებს შორის აღმოჩნდა ის წყალგამყოფი, რომლის ირგვლივაც განლაგდა საქართველოს მოსახლეობის ხმები. ხელისუფლებამ იმ ადამიანების მხარდაჭერა მიიღო, რომელსაც ცვლილებების ეშინია; ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ იმ ელექტორატის ნდობა დაიმსახურა, რომელიც ცვლილებებს ელის. გაყალბების რაგინდ მაღალი პროცენტის მიუხედავად, ზოგადი სურათი დღეს სწორედ ამგვარია.

საფიქრებელია, რომ ხელოვნური დილემა - სტაბილურობა თუ ცვლილებები - აქტუალობას შეინარჩუნებს უახლოესი წელიწადნახევრის განმავლობაში, ესე იგი, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ამიტომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეეცდება, ხალხს თავისი ხედვის უპირატესობა დაუმტკიცოს. ამისთვის კი, ძალთა ამჟამინდელ განლაგებაში, ორივე მხარეს მოკავშირეები სჭირდება. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი თავდაუზოგავად იბრძოლებს "ბურჯანაძე-დემოკრატებისა" და "ახლების" ინტერესების დასაცავად, ხოლო ხელისუფლება ეცდება, თავისი სავარაუდო მოკავშირეები - აღორძინება და მრეწველები - გააძლიეროს. რაც შეეხება ლეიბორისტულ პარტიას, მას კიდევ დასჭირდება დრო იმისათვის, რომ საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს თავისი სახე აჩვენოს: არის თუ არა ერთიანი, რა სურს და რა შეუძლია.

ასე რომ, რა ფორმა და შინაარსიც უნდა მიიღოს პოლიტიკურმა პროცესმა უახლოესი დღეების და თვეების განმავლობაში, უპირველეს ყოვლისა, ეს იქნება ბრძოლა მთავარი ტენდენციის გამოსაკვეთად: რა აირჩია საქართველოს მოსახლეობამ - წარსული თუ მომავალი?!