იმ საფრთხეთა შორის, რომლის წინაშე დღეს ავღანეთის სახელმწიფოებრიობა დგას, ერთ-ერთი უმთავრესი ნარკოტიკების გავრცელება და კონტრაბანდა გახლავთ;
ხოლო ის, თუ რამდენად ფართოდ გაიშალა ეს უკანონო საქმიანობა ომით ისედაც დაუძლურებულ ქვეყანაში, აშკარად გამოჩნდა ანგარიშში, რომელიც გასულ კვირაში გამოაქვეყნა გაეროს ნარკოტიკებთან და დანაშაულთან ბრძოლის უწყებამ.
ამ დოკუმენტის თანახმად, ავღანეთში ოპიუმის პლანტაციების საერთო ფართობი განვლილი ერთი წლის მანძილზე რვა პროცენტით გაიზარდა და 80 ათას ჰექტარს მიაღწია. ექვსი პროცენტით გაიზარდა ოპიუმის წარმოებაც, რომელიც ამჟამად 3600 ტონას შეადგენს. არანაკლებ შემაშფოთებელია ის გარემოებაც, რომ თუ 1999 წელს ავღანეთის 32 პროვინციიდან ოპიუმი 18-ში მოჰყავდათ, წლეულს ეს რიცხვი 28-მდე გაიზარდა.
გაეროს ნარკოტიკებთან და დანაშაულთან ბრძოლის უწყების დირექტორმა ანტონიო მარია კოსტამ ავღანეთის წინაშე მდგარი ოპიუმის პრობლემა კიბოს დაავადებას შეადარა. მისი თქმით, თუ დაუყოვნებლივ არ იქნა განხორციელებული "ქირურგიული ჩარევა" ნარკოტიკების გავრცელების დასამუხრუჭებლად, "ეს სენი კიბოსავით მოედება მთელს ქვეყანას და მეტასტაზების სახით გადაიზრდება კორუფციაში, ძალადობასა და ტერორიზმში".
მიუხედავად ასეთი უიმედო სურათისა, შეინიშნება ერთი დადებითი ტენდენციაც. ანგარიშის შემდგენლები იმედისმომცემ ნიშნად მიიჩნევენ იმას, რომ გაეროს უწყებასთან ერთად აქტიურად ითანამშრომლა ავღანეთის მთავრობამ. რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტთან, ეუჯენ ტომიუკთან ინტერვიუში სწორედ ამ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება ხსენებული უწყების აღმოსავლეთი ევროპისა და შუა აზიის განყოფილების ხელმძღვანელმა ვლადიმირ ფენოპეტოვმა.
[ვლადიმირ ფენოპეტოვის ხმა] "ეს პირველი შემთხვევაა, როცა გამოკვლევას ავღანეთის მთავრობასთან ერთად ვაქვეყნებთ, როგორც ერთობლივი მუშაობის ნაყოფს. გამოკვლევა შემუშავებულ იქნა ავღანეთის მთავრობის ახალშექმნილ უწყებასთან ერთად, რომელიც ნარკოტიკების გავრცელებას ებრძვის."
ანგარიშის შემდგენელთა ვარაუდით, საერთაშორისო ბაზარზე ავღანეთში წარმოებული ოპიუმის გაყიდვით მიღებული საერთო შემოსავალი 30 მილიარდ დოლარს აღწევს. ამ თანხიდან ავღანელ ფერმერებსა და კონტრაბანდისტებს ორი მილიარდ სამასი მილიონი დოლარი რჩებათ, რაც ქვეყნის კანონიერი მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარს შეადგენს.
ბევრი ავღანელი გლეხისთვის ოპიუმის მოყვანა საკუთარი თავისა და ცოლ-შვილის გამოკვების ერთადერთი საშუალებაა. ამ კულტურის პოპულარობას ისიც ზრდის, რომ იგი იოლი მოსავლელი და ასევე იოლი გასაყიდია.
მიუხედავად ამისა, თალიბანის დიქტატორულმა რეჟიმმა ხუთ წელიწადში მოახერხა, თითქმის მთლიანად გაენადგურებინა ქვეყანაში არსებული ოპიუმის პლანტაციები და, შესაბამისად, თითქმის მთლიანად აღმოეფხვრა ნარკოტიკებით ვაჭრობა და კონტრაბანდა. მაგრამ 2001 წელს, თალიბანის რეჟიმის დამხობისთანავე, გლეხებმა ისევ აქტიურად მოკიდეს ხელი ოპიუმის მოყვანას.
პროფესორი სინდი ფეიზი, ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხთა ექსპერტი, ამბობს, რომ ავღანეთის მთავრობამ, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რათა გლეხები ისევ დაუბრუნდნენ სხვა კულტურების მოყვანას.
[სინდი ფეიზის ხმა] "აუცილებელია, ფერმერები სხვა მარცვლეული კულტურების მოყვანას დავუბრუნოთ და მერე ჩვენი პროგრამა ეტაპობრივად გავშალოთ. მაგრამ ვერაფრით ვერ იტყვი: აი, ჩვენც მოვედით, პროგრამა მოგიტანეთ, და ერთ წელიწადში ამ სენსაც დავამარცხებთო. როგორც წარსულის გამოცდილებამ გვიჩვენა, ამის გაკეთება მხოლოდ თალიბანისნაირი ტოტალიტარული, რეპრესიული რეჟიმის პირობებში შეიძლება. ხოლო თუ მიზნად დემოკრატიის დამკვიდრებას ისახავ, მაშინ ხალხი იმ გზას დაუჭერს მხარს, რომელიც მას ფულს მოუტანს."
პროფესორ სინდი ფეიზის ანგარიშის შემდგენლებიც ეთანხმებიან, რომელთა აზრით, ავღანეთის მთავრობამ მკაცრ ზომებს უნდა მიმართოს არა მარტო კონტრაბანდისტების, არამედ პროვინციათა იმ ხელმძღვანელების წინააღმდეგაც, რომლებიც ნარკოტიკებით ვაჭრობაში აქტიურად არიან ჩაბმული.