ახალგაზრდული პროგრამა

ყოველკვირეული პროგრამა.
იხ. აუდიოვერსია.
გამარჯობა!

მიუხედავად არჩევნების თემის აქტუალურობისა, დღეს საპარლამენტო არჩევნებს მხოლოდ სანახევროდ ვუთმობთ ახალგაზრდულ პროგრამას. მოგითხრობთ იმ ადამიანებზე, რომლებმაც იკისრეს, ალბათ, ყველაზე რუტინული სამუშაო საარჩევნო პერიოდში: ვგულისხმობ პარტიათა ახალგაზრდა წევრებსა თუ აქტივისტებს. იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებიან პოლიტიკურ ორგანიზაციებს ახალგაზრდები, ვესაუბრებით ბლოკ "გაერთიანებული დემოკრატების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, კოტე იაშვილს. გადაცემის პირველ ნახევარში კი ეკა წამალაშვილი საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ უმაღლეს სასწავლებელზე გესაუბრებათ. ესაა "კავკასიის ბიზნესის სკოლა", რომელმაც სულ ახლახან დაარსებიდან 5 წლის იუბილე აღნიშნა. 15-დან, 19 ოქტომბრის ჩათვლით, ამ სასწავლებელს ეწვივნენ სტუმრები საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან და ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რომელიც კავკასიის ბიზნესის სკოლის პარტნიორია. ამ სკოლის სტუდენტსა და კურსდამთავრებულთან საუბრით ეკა წამალაშვილი შეეცადა გაერკვია, ქართულ სინამდვილეში როგორ იზრდებიან პროფესიონალი ბიზნესმენები.


"კავკასიის ბიზნესის სკოლაში " ბიზნესმენთა ახალ თაობას - ფინანსების, აღრიცხვისა და აუდიტის, მარკეტინგის, მენეჯმენტის, საერთაშორისო ბიზნესის, ტურიზმის და სასტუმროს მენეჯმენტის, შრომითი რესურსების მართვისა და ჯანდაცვის ადმინისტრირების სპეციალობებით - ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამის მიხედვით ზრდიან. ეს არის საკმაოდ რთული პროგრამა, რომელიც, ბიზნესსკოლის ადმინისტრაციის განმარტებით, გამიზნულია იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ ღრმად შეისწავლონ ბიზნესისა და მენეჯმენტის საკითხები, დაიკავონ წამყვანი პოზიციები ბიზნესის მართვის სფეროში. მიზანი სერიოზულია, მისკენ სტუდენტებს დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებში განათლებამიღებული პედაგოგები უკვლევენ გზას და, როგორც ირკვევა, წარმატებითაც.

"კავკასიის ბიზნესის სკოლის" კურსდამთავრებული დათო ჭაბაშვილი - ის 25 წლისაა - ბიზნესსკოლის დამთავრების შემდეგ " გაერთიანებული გლობალური ტექნოლოგიების კომპანიაში" მუშაობს და საკუთარი ანაზღაურებით ახერხებს ოჯახის რჩენას. დათომ მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა გაიარა, რის შემდეგაც დღევანდელ სამსახურში რეკომენდაცია მას "კავკასიის ბიზნესის სკოლამ გაუწია". ეს გამონაკლისი შემთხვევა არ ყოფილა, ეს არის ერთგვარი ტრადიცია. დათოს ჯგუფში 30-მდე ახალგაზრდა სწავლობდა და დღეს ყველა მათგანი დასაქმებულია. ქართულ ბიზნესრეალობაში მათ მომზადებულებმა შეაბიჯეს, რადგან "ბიზნესის სკოლაში", თეორიის გარდა, საინტერესო პრაქტიკული კურსიც გაიარეს, კეისები, როგორც დათო ამბობს.

[დათო ჭაბაშვილის ხმა] " ეს კეისები იყო ამერიკულ რეალობაზე დაფუძნებული. მაგალითისთვის: ვთქავთ, წარმოიშვა რაღაც პრობლემა რომელიღაც მსხვილ კომპანიაში. ჩევნ უნდა განგვეხილა ეს პრობლემა, გადაგვეწყვიტა და შემდეგ მიდიოდა შედარება ჩვენი გადაწყვეტილებისა რეალურ გადაწყვეტილებასთან. მიმდინარეობდა დისკუსია, პრაქტიკული გამოთვლები და მათი დასაბუთებები. ამას გარდა, გვაგზავნიდნენ კომპანიებში და, თუ მათი სურვილიც იქნებოდა, ვახდენდით კვლევას მათთვის საინტერესო საკითხზე. მაშინ ჩვენ სტუდენტები ვიყავით და ამას, რა თქმა უნდა, ანაზღაურების გარეშე ვაკეთებდით. "

"კავკასიის ბიზნესის სკოლაში" სწავლების პროცესი რთულია - პირველ-მეორე კურსებზე ქართულ და ინგლისურ ენებზე, შემდეგ კი მხოლოდ ინგლისურ ენაზე. მოქმედებს ქულების 60 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის მოთხოვნა, რომლის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სტუდენტს სკოლიდან გარიცხვა ან კურსზე დატოვება ემუქრება, შესაბამისად, წლიური სოლიდური გადასახადის დაკარგვაც. სტუდენტები კარგად აცნობიერებენ, რომ ლექციის გაცდენა ან სწავლაში ჩამორჩენა ძვირი დაუჯდებათ და ცდილობენ არ გააცდინონ, არ ჩამორჩნენ.

"კავკასიის ბიზნესის სკოლის " მკაცრი მოთხოვნების პარალელურად, ამ სასწავლებლის მეორე კურსის სტუდენტი ანა ბასილაშვილი სტუდენტებსა და პედაგოგებს შორის მეგობრულ ურთიერთობას აღნიშნავს. ის არ წუწუნებს, პირიქით, კმაყოფილია იმის გამო, რომ სტუდენტობის პერიოდში გართობისთვის დრო არ რჩება.

[ანა ბასილაშვილის ხმა ] " ლექტორებსა და სტუდენტებს შორის ძალიან კარგი დამოკიდებულებაა, მეგობრული. ნებისმიერ დროს შეგვიძლია დავუკავშირდეთ მათ ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. სწავლა ძნელია. დილით გვეწყება ლექცია 9 საათზე და 12 საათაზე გვიმთავრდება, რის შემდეგაც მივდივარ სახლში და, ფაქტიურად, მთელი დღე ვმეცადინეობ. კმაყოფილი ვარ იმდენად, რომ ჩემს ძმასაც გავუწიე რეკომენდაცია და ისიც "კავკასიის ბიზნესის სკოლაში" სწავლობს, პირველ კურსზე. "

ანა სწავლის გაგრძელებას მარკეტინგის სპეციალობით აპირებს. თავისი შედეგებით , ქულებით ის კმაყოფილია და კმაყოფილია იმითაც, რომ "კავკასიის ბიზნესის სკოლაში" დამატებითი უცხო ენის შესწავლის საშუალებაც აქვს. ამ სასწავლებელში ინგლისური ძირითადი უცხო ენაა, რის გარდაც სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ დამატებითი სასწავლო უცხო ენა - ფრანგული ან თურქული. და კიდევ, მათ იციან, რომ მას, ვინც ყველაზე მაღალ ქულებს დააგროვებს და სარეიტინგო სისტემის პირველ სამეულში მოხვდება, სკოლის ადმინისტრაცია სასწავლებლად ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიავლენს.

ასეთი შანსი მესამე კურსიდან ჩნდება. მესამე კურსიდანვე "ბიზნესის სკოლის" სტუდენტები ყველა საგანს ინგლისურ ენაზე გადიან, რისთვისაც საფუძველი პირველ და მეორე კურსებზე ექმნებათ. კარგია თუ ცუდი ყველა საგნის უცხო ენაზე სწავლა, ამაზე შეიძლება განსხვავებული შეხედულებები არსებობდეს, სტუდენტებს კი ურჩევნიათ დასავლური სტანდარტების სახელმძღვანელოებით ისწავლონ. ისინი კი, ძირითადად, ინგლისურ ენაზეა გამოცემული. "კავკასიის ბიზნესის სკოლაში" სასწავლო ლიტერატურას ჯორჯიის უნივერსიტეტიდან ღებულობენ. ამავე სასწავლებლის ადმინისტრაცია სისტემატურდ აწყობს დასაქმების ფორუმებს, სადაც სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებს იწვევს და მათ საკუთარ სტუდენტებს აცნობს. ასეთი ღონისძიებების მიზანი ერთია : საქართველოში მოქმედი კომპანიები დაინტერესდნენ "კავკასიის ბიზნესის სკოლის" რესურსით და გამოიყენონ ის.

შეგახსენებთ: თქვენ უსმენთ რადიო თავისუფლების ახალგაზრდულ პროგრამას. გადაცემის მეორე ნახევარში იმ ახალგაზრდებზე ვისაუბრებთ, რომლებიც საარჩევნო პროცესში არიან ჩაბმულნი და პოლიტიკურ პარტიებსა თუ ფიგურებს ეხმარებიან. შემოგთავაზებთ ინტერვიუს გაერთიანებული დემოკრატების ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერთან, კოტე იაშვილთან.