"ახალი მემარჯვენეები" ხშირად იწონებენ თავს იმით, რომ მათი პარტიის ლიდერები ჭეშმარიტად საქმიანი ადამიანები არიან: მათ იციან, როგორ მიაღწიონ დასახულ მიზანს, რაც ბიზნესში წარმატებული საქმიანობით დაადასტურეს.
არადა, დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძე, საზოგადოებრივი საქმიანობის ყველაზე პრაგმატულ სფეროში - პოლიტიკაში - რომანტიზმის პრინციპებს ამკვიდრებს.
პირველ ოქტომბერს "ახალმა მემარჯვენეებმა" გაამჟღავნეს, რომ ლევან გაჩეჩილაძე ბლოკის სიაში მხოლოდ და მხოლოდ 77-ე ადგილს დაიკავებს. შესაბამისად, თუ "ახლების" პარტიის ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამინდელი მეორე ლიდერი ვაკის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნებს წააგებს, იგი პარლამენტის მიღმა აღმოჩნდება. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება?
თავად ლევან გაჩეჩილაძე ნდობის ფაქტორზე მიუთითებს: თუ ვაკის ამომრჩეველი არ მენდობა, პარტიული სიით პარლამენტში შესვლა და იქიდან მათი დამოძღვრა ამორალურ საქციელად მიმაჩნიაო. ეს ლოგიკა გასაგები და მისაღებია, - ოღონდ, უბრალო ადამიანისთვის და არა პოლიტიკოსისთვის. ვაკის საარჩევნო ოლქში დიდი კონკურენციაა და ლევან გაჩეჩილაძეს მოგების შანსიც აქვს და წაგებისაც. ასე რომ, შესაძლოა იგი აქტიური პოლიტიკის მიღმა აღმოჩნდეს. რატომ დაუშვეს ეს შესაძლებლობა პარტიის სხვა ლიდერებმა? დღეს ყველა დადებით კონტექსტში იხსენებს გაჩეჩილაძის გადაწყვეტილებას, რომ დაეტოვებინა პარლამენტი თვითმმართველობის არჩევნების წინ. არადა, ამ გადაწყვეტილებას მისთვის კარგი არაფერი მოუტანია: პარლამენტიც დატოვა და ვერც საკრებულოს თავმჯდომარე გახდა. პოლიტიკას უყვარს ასეთი სიურპრიზები, რადგან არ უყვარს რომანტიზმი. ახლა ლევან გაჩეჩილაძე საკუთარ შეცდომას იმეორებს, ოღონდ, კიდევ უფრო გაზრდილი მასშტაბით.
ჩნდება ეჭვი, რომ ვიღაცის ფარული ხელი გაჩეჩილაძის პოლიტიკურ რომანტიზმს, რომელიც უდავოდ ბუნებითი მოვლენაა, ხელოვნურად აღვივებს. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ლევან გაჩეჩილაძე პარტიის თავმჯდომარე იყო და გამორჩეულად მაღალი რეიტინგი ჰქონდა. დღეს პარტიის თავმჯდომარე, სიის პირველი ნომერი და პრეზიდენტობის კანდიდატი დავით გამყრელიძეა. როგორღაც ისე მოხდა, რომ გაჩეჩილაძემ პარლამენტი ჯერ ერთი წლით დატოვა, ახლა კი, შესაძლოა, ოთხი წლით აღმოჩნდეს მის კედლებს მიღმა. კიდევ ერთი ფაქტორი: ვიდრე გაჩეჩილაძე ვაკის ოლქზე იქნება მიჯაჭვული, გამყრელიძე მთელ საქართველოს მოივლის; ბოლოს და ბოლოს, ყველა შეიგნებს, რომ იგია პარტიის პირველი და ერთადერთი ლიდერი. ლოგიკურია, რომ როდესაც პარტიაში ორი ლიდერია, ერთი უნდა გაიწიროს იმისათვის, რომ მეორე დაწინაურდეს. ასე რომ, შესაძლოა, გამყრელიძესა და გაჩეჩილაძეს შორის დისტანციის ზრდის სავალდებულო "ოპერაცია" სულ მალე წარმატებით დასრულდეს.