აღორძინების კავშირი ძველიდან ახალ არჩევნებამდე

1999 წლის არჩევნების ორი მთავარი სუბიექტი - მოქალაქეთა კავშირი და აღორძინების კავშირი - 2 ნოემბრის არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის წინაშე განახლებული შემადგენლობით და, რაც მთავარია, ახალი სტრატეგიით წარსდგება. მოქალაქეთა კავშირის შესახებ საზოგადოებისთვის თითქმის ყველაფერი ცნობილია. მაგრამ რა ხდება აღორძინების კავშირში?
1999 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის აჭარის ავტონომიის მეთაური და აღორძინების კავშირის თავმჯდომარე ასლან აბაშიძე საგანგებოდ მოემზადა. მან დიდი სამუშაო ჩაატარა იმისათვის, რომ რამდენიმე პარტია მიეზიდა, მათ ლიდერებს შორის თანხმობისთვის მიეღწია და ძლიერი ბლოკი ჩამოეყალიბებინა. ამჟამინდელ არჩევნებში აღორძინების კავშირი დამოუკიდებელ ერთეულად გამოვა. არის თუ არა ახალი სტრატეგია იმის შედეგი, რომ ბლოკმა არ გაამართლა?

ერთი შეხედვით, ეს მარტივი შეკითხვაა, რადგან ბლოკი დიდი ხანია დაიშალა და მისი შემადგენელი პარტიები სწორედ იმ ძალების გვერდით აღმოჩნდნენ, რომლებსაც აღორძინების კავშირი თავდადებით ებრძოდა: სოციალისტები სახელისუფლო ბანაკს შეუერთდნენ, ტრადიციონალისტები კი - "ბურჯანაძე-დემოკრატების" ბლოკს. შესაძლოა, მავანმა იფიქროს, რომ ამ ღალატმა ასლან აბაშიძეს გული ატკინა და სამუდამოდ ააღებინა ხელი სხვა პარტიებთან კავშირზე.

სინამდვილეში, საქმე, ალბათ, სხვაგვარადაა. აჭარის ლიდერმა ძალიან კარგად იცოდა, რისთვის სჭირდებოდა ბლოკი წინა არჩევნებში. ბლოკმაც თავისი ფუნქცია დიდებულად შეასრულა. კერძოდ: ასლან აბაშიძის მიზანი 1999 წლის არჩევნების მოგება არ ყოფილა. მას სურდა, მრავალწევრიანი ბლოკის მეშვეობით, ბათუმში ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი შეექმნა და ამ გზით შიგნიდან გაემკვრივებინა აჭარის ავტონომიის ხელშეუვალობა თბილისის ცენტრის მხრიდან. ბლოკის შექმნის მთავარი მიზანი სწორედ ჩოლოქსგაღმა საქართველოს ჩაკეტვა იყო და არა - ჩოლოქს გამოღმა საქართველოში ასლან აბაშიძის ძალაუფლების გავრცობა. ალექსანდრე ჭაჭია, რომელიც მაშინ ბათუმში საქმიანობდა ასლან აბაშიძის მეგობრისა და მრჩეველის სტატუსით, აჭარის ლიდერს სთავაზობდა, უარი ეთქვა თბილისური პარტიების დაფინანსებაზე და საარჩევნო სია გავლენიანი პიროვნებებით შეევსო. ალექსანდრე ჭაჭიას გეგმა, რომლის შესახებ ახლა დაწვრილებით არ ვისაუბრებთ, მართლაც გულისხმობდა არჩევნების მოგების მცდელობას. მაგრამ ასლან აბაშიძემ ეს გეგმა უყოყმანოდ უარყო. მას საკუთარი გეგმა ჰქონდა, რომელიც მისი ძალაუფლების გამყარებას უზრუნველყოფდა აჭარაში და არა სადმე სხვაგან.

იმის მიუხედავად, რომ ბლოკმა "საქართველოს აღორძინება" პარლამენტში 60 ადგილი მოიპოვა და უმცირესობაში აღმოჩნდა, მან თავისი მთავარი ფუნქცია წარმატებით შეასრულა: განამტკიცა ასლან აბაშიძის ძალაუფლება და გაზარდა მისი, როგორც ალტერნატიული ცენტრის ლიდერის, პოლიტიკური წონა. მაგრამ ბლოკი, რომელიც ხელოვნურად იყო შეკოწიწებული, დაიშალა მაშინვე, როგორც კი მისი შემაკავშირებელი რესურსი განილია. ძნელი სათქმელია, რა სახის იყო ეს რესურსი: ფინანსური, იდეოლოგიური, თუ ორივე ერთად. ფაქტია, რომ არჩევნების წინ ბევრს საუბრობდნენ აჭარის ლიდერის პრორუსულ ორიენტაციაზე და მის მხარდაჭერაზე რუსეთის გარკვეული წრეების მხრიდან. სადღაც ვიღაცას დასჭირდა აჭარისგან შეუვალი ციხე-სიმაგრის შექმნა და შექმნა კიდეც. მოგვიანებით, როგორც ჩანს, აქცენტები შეიცვალა. სწორედ ის ფაქტი, რომ ასლან აბაშიძეს შემოაკლდა ძლიერი მეგობრების მხარდაჭერა, შეიძლება ხსნიდეს შემდეგ განვითარებულ პროცესს: დაიშალა ბლოკი, გაუქმდა პოლიტიკური ცენტრი და თავად პარტიაც დასუსტდა. თუ 1999 წლის არჩევნებში აღორძინების კავშირის სახეს გიორგი თარგამაძე და ვალერი გელბახიანი წარმოადგენდნენ, დღეს ამ პარტიის სახელით ჯემალ გოგიტიძე და სანდრო ბრეგაძე საუბრობენ.

აღორძინების კავშირის დამოუკიდებელი ძალებით მონაწილეობა 2 ნოემბრის არჩევნებში, შესაძლოა, პირველ რიგში მიუთითებდეს იმ ფაქტზე, რომ ასლან აბაშიძემ დაკარგა ფუნქცია და, მასთან ერთად, რესურსიც, რომელიც ალტერნატიული ცენტრის შენარჩუნებას სჭირდებოდა. მაგრამ აჭარის ლიდერი მომავალ არჩევნებს ცუდი სასტარტო პირობებით არ ხვდება: ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, საარჩევნო კომისიებში სწორედ მას ჰყავს წარმომადგენლობა, რომელიც ანგარიშგასაწევია სახელისუფლო ბლოკისთვის. ასე რომ, ვერც წესიერად და ვერც უწესოდ, აღორძინების ლიდერთან შეთანხმების გარეშე, საარჩევნო ხმები ვერ დაითვლება. ეს ის ნაშთია, რომელიც ასლან აბაშიძეს ძველი დიდებიდან ერგო. ამ განძის მიუხედავად, არჩევნების საბოლოო შედეგი, ალბათ, მაინც ადეკვატურად ასახავს, რად უღირს საქართველოს მოსახლეობას აღორძინების კავშირი.