საჯარო და არასაჯარო ინფორმაცია

რას ეფუძნება საზოგადოების ნდობა საინფორმაციო საშუალებების მიმართ? გაზეთის მკითხველი, რადიოს მსმენელი თუ ტელემაყურებელი ინფორმაციის მიღებისას იშვიათად აანალიზებს იმ ფაქტორებს,
რომლებიც მისი ნდობის თუ უნდობლობის ველს ქმნის კონკრეტული მედიასეგმენტის მიმართ.

ქართულ პრესაში მკაფიოდ არის გამიჯნული გაზეთები, რომლებიც უპირატესად საჯარო ინფორმაციაზე მუშაობენ და გაზეთები, რომლებიც კულუარულ ინფორმაციას მოიპოვებენ. მაგალითად, "24 საათი" უნდობლად ეკიდება არასაჯარო ინფორმაციას და ამით ცდილობს მკითხველის ნდობის მოპოვებას. მეორე მხრივ, "ალია" ყოველთვის ფლობს მეტ-ნაკლებად საიდუმლო ცნობებს, რომლებიც კონკურენტებისთვის ხელმიუწვდომელია. ეს გაზეთი მკითხველს სწორედ სახელისუფლო კაბინეტების შიდა ამბებით იზიდავს. ინფორმაციის არასაჯარო ხასიათის მიუხედავად, საზოგადოების ნაწილი სწორედ "ალიას" ენდობა.

თავისთავად, პრესას საჯარო ინფორმაციაც სჭირდება და არასაჯაროც. თუმცა, მეორე მხრივ, ნებისმიერი ფაქტი შეიძლება გადმოიცეს მაღალ ან დაბალ პროფესიულ დონეზე, საინტერესოდ ან უინტერესოდ. ყოფილა შემთხვევა, რომ ტელეეთერში გაუშუქებიათ სხდომა, რომელიც დაგეგმილი კი იყო, მაგრამ აღარ ჩატარებულა. ჟურნალისტი, რომელსაც ჩაუტარებელი სხდომა ჩატარებული ჰგონია და მის შესახებ მაყურებელს ესაუბრება, ცხადია, ნდობას აღარ იმსახურებს, თუნდაც მხოლოდ საჯარო ინფორმაციაზე მუშაობდეს.

მეორე მხრივ, არსებობენ ჟურნალისტები, რომლებიც ხშირად წერენ ისეთ ფაქტებზე, რომელთა გადამოწმება შეუძლებელია. მაგრამ თუ მათ მიერ მოპოვებული არასაჯარო ინფორმაცია შემდგომ განვითარებული პროცესებით დასტურდება, მათ მიმართ ნდობის ხარისხი მაღალია. ასე რომ, საზოგადოების ნდობა ჟურნალისტების და მედია საშუალებების მიმართ არ არის დაკავშირებული მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის საჯარო ან არასაჯარო ხასიათთან.

მაგრამ თავად ჟურნალისტები კი მკაფიოდ განსხვავდებიან თავისი გემოვნების მიხედვით: ზოგს მხოლოდ საჯარო ინფორმაცია იზიდავს, ზოგს - მხოლოდ საიდუმლო ამბების მოპოვების ჟინი ამოძრავებს. საჯარო ინფორმაციაზე მუშაობა ჟურნალისტს საშუალებას აძლევს, გაემიჯნოს ინფორმაციის წყაროს და არ შევიდეს მჭიდრო კონტაქტში იმ ადამიანებთან, ვისზეც წერს, შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა. ხოლო თუ ჟურნალისტი მუდმივად მოიპოვებს კულუარულ ინფორმაციას, ცხადია, იგი დაახლოებულია წყაროებთან და მეტ-ნაკლებად დამოკიდებულიც არის მათზე. მისი დამოუკიდებლობის ხარისხი დაბალია, მაგრამ მის მიერ მოპოვებული ინფორმაცია განსაკუთრებულია. სწორედ ეს განასხვავებს ჟურნალისტებს ერთმანეთისგან: რას ანიჭებს მავანი უპირატესობას - დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს თუ ექსკლუზიური ინფორმაციის მოპოვების უნარს. სიმართლე ორივეს ნამუშევარში შეიძლება იყოს, ისევე, როგორც - ტყუილი. საინტერესო ერთის ნამუშევარიც შეიძლება იყოს და მეორისაც. მათ მიმართ ნდობა კი მოქალაქის პირად გემოვნებაზე და პიროვნულ არჩევანზეა დამოკიდებული.