რას უთმობს და რას არ უთმობს ჟვანია ბურჯანაძეს

იმის შემდეგ, რაც "ბურჯანაძე-დემოკრატების" საარჩევნო გაერთიანება შეიქმნა, პრესა სვამს კითხვას: ვინ იქნება ბლოკის საპრეზიდენტო კანდიდატი 2005 წელს. ეს კითხვა ლოგიკურია იმ თვალსაზრისით,
რომ გაერთიანებას ორი ლიდერი ჰყავს - ბურჯანაძე და ჟვანია. მაგრამ არალოგიკურია იმ ჟურნალისტური ვერსიის გავრცელება, თითქოს, ჟვანიამ ბურჯანაძეს ნებაყოფლობით დაუთმო საპრეზიდენტო ასპარეზი.

რას უთმობს და რას არ უთმობს ჟვანია ბურჯანაძეს?

ზურაბ ჟვანიას პოლიტიკური მხარდამჭერები გაგებით შეხვდნენ გაერთიანებული დემოკრატებისა და ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ პარტნიორობას. თუმცა ერთიანი საარჩევნო კამპანიის პირველივე კვირამ ჟვანიას მომხრეთა ნაწილი საკმაოდ გააღიზიანა.

საქმე ის არის, რომ ბლოკის ორ ლიდერს შორის ერთ-ერთი, კერძოდ, ნინო ბურჯანაძე, აშკარად უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ჟვანია თავის საჯარო გამოსვლებს მთლიანად უთმობს ბურჯანაძის ძლიერი მხარეების აღწერასა და წარმოჩენას. თავად ნინო ბურჯანაძე კი პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეზე თითქმის არ საუბრობს. პირველ სატელევიზიო სარეკლამო რგოლებში მაყურებელი მხოლოდ და მხოლოდ ბურჯანაძეს ხედავს. დედაქალაქში გავრცელებულ პირველ პლაკატსაც მთლიანად ნინო ბურჯანაძის სახე ფარავს. მხოლოდ წარწერა "ბურჯანაძე-გაერთიანებული დემოკრატები" შეახსენებს ამომრჩეველს, რომ პარლამენტის ამჟამინდელი თავმჯდომარის გვერდით ყოფილი თავმჯდომარეც უნდა იგულისხმოს. ჟურნალისტთა შეკითხვაზე - დათანხმდება თუ არა ჟვანია, რომ ბლოკმა საპრეზიდენტო კანდიდატად ბურჯანაძე წარადგინოს, ჟვანია დადებითად უპასუხებს; ბურჯანაძე კი აცხადებს, რომ საკითხის განხილვა ნაადრევია. ცხადია, ზემოთ ჩამოთვლილ რეალობათა ჯამი მეტ-ნაკლებად აღიზიანებს ჟვანიას სტაბილურ ამომრჩეველს.

რას გვიკარნახებს პოლიტიკური ლოგიკა? ბურჯანაძის პოლიტიკური ფიგურა, განსაკუთრებული რეიტინგის გამო, არჩევნების წინ ანდამატივით იზიდავდა რამდენიმე პოლიტიკურ ჯგუფს. ალბათ, შეიძლება ითქვას, რომ ჟვანიამ მოიგო ნინო ბურჯანაძესთან პარტნიორობისთვის გამართული კონკურსი; ისევე, როგორც მრავალი წლის წინ სწორედ მან მოუგო ედუარდ შევარდნაძესთან დაახლოების ყველა მსურველს. თავის მხრივ, ნინო ბურჯანაძემაც პრაგმატული არჩევანი გააკეთა, როდესაც მასთან თანამშრომლობის მოსურნე ძალებს შორის საკუთარ საყრდენად ჟვანიას გუნდი შეარჩია. ამ გუნდს მდიდარი საარჩევნო გამოცდილება და გამართული პარტიული ქსელი აქვს.

ზურაბ ჟვანიას საკუთარი სამომავლო პერსპექტივისთვის საპარლამენტო არჩევნებში მაქსიმალური წარმატება სჭირდება. ამ მიზნის მისაღწევად ყველაზე საიმედო გზა ბურჯანაძის როლის ხაზგასმაა. ეყოლება თუ არა ბლოკს პრეზიდენტობის კანდიდატი და ვინ იქნება იგი, მხოლოდ ბლოკის საარჩევნო შედეგზეა დამოკიდებული. ასე რომ, ჟვანია ძველებურად პრაგმატიკოსია და არა ახლებურად ალტრუისტი, რაც მკაფიოდ დადასტურდება არჩევნების შემდეგ პერიოდში.