ახალი სტიმული ოპოზიციის გასაერთიანებლად

ოპოზიციის გაერთიანების მრავალთვიანი მცდელობა მარცხით დასრულდა. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ უმთავრეს მიზეზს, რის გამოც პარტიებმა საერთო ენა ვერ მოძებნეს,
- და თუ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესსაც შევაფასებთ, - აშკარად დავინახავთ ახალ გარემოებას, რომელიც ოპოზიციას ისევ დაახლოებისკენ უბიძგებს.

მართალია, დოკუმენტური მასალა ოპოზიციური პარტიების მოლაპარაკებების შესახებ არ არსებობს, მაგრამ პოლიტიკური ანალიზი დამაჯერებელ პასუხს იძლევა შეკითხვაზე: "რატომ ვერ გაერთიანდა ოპოზიცია?"

საქმე ისაა, რომ ოპოზიციური ლიდერების უმრავლესობა პრეზიდენტობაზე ფიქრობს. ამავდროულად, თითოეულ მათგანს სერიოზულ და საშიშ კონკურენტად მიაჩნია არა სახელისუფლო ბანაკის რომელიმე ლიდერი, არამედ თავისივე კოლეგები ოპოზიციური ბანაკიდან. ამიტომ ზოგიერთმა ოპოზიციურმა ლიდერმა გადაწყვიტა, საპარლამენტო არჩევნები გამოეყენებინა არა მხოლოდ სახელისუფლო ბლოკის დამარცხების საშუალებად, არამედ საპრეზიდენტო მარათონში დაწინაურების ხერხადაც. ჯერ შალვა ნათელაშვილი, შემდეგ დავით გამყრელიძე და, ბოლოს, მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდნენ ის პოლიტიკოსები, რომლებმაც უარი თქვეს ოპოზიციურ ძალებთან გაერთიანებაზე.

ცხადია, ამ ლიდერებიდან თითოეულს თავისი მოტივი აქვს. შალვა ნათელაშვილმა არ ისურვა საკუთარი პოპულარობის გაყოფა მომავალ კონკურენტებთან, რადგან ბოლო არჩევნები მისმა პარტიამ საუკეთესო შედეგით დაასრულა. მიხეილ სააკაშვილსაც ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს. იგი, კარგა ხანია, საქართველოს სხვადასხვა კუთხეს სტუმრობს და სურს, თავისი გარჯის შედეგიც ერთპიროვნულად მოიმკას. დავით გამყრელიძეს ამომრჩევლის განსაკუთრებული მხარდაჭერა არ გააჩნია, მაგრამ, ჩანს, რომ სერიოზული ფინანსები აქვს. ამ ფინანსების სხვა პარტიებზე გადანაწილება და საკუთარი მეტოქეების გაძლიერება, ცხადია, მის ინტერესებს არ შეესაბამება.

ოპოზიციური ლიდერების მოტივაცია ნათელია, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ არ გაითვალისწინეს სახელისუფლო ბლოკის ლიდერების თავგანწირული სულისკვეთება: რადაც არ უნდა დაუჯდეთ, მოიგონ საპარლამენტო არჩევნები, რადგან, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ედუარდ შევარდნაძის დღევანდელი გარემოცვა დაკარგავს ყველაფერს, შესაძლოა, საკუთარი თავის ჩათვლით. ამიტომ სახელისუფლო ბლოკი არც ისე ადვილი მეტოქეა, როგორც თავიდან ჩანდა. ყველა მოვლენა, რაც ბოლო დღეებში ხდება და "სახელმწიფო კურსის შეცვლად" ფასდება, გამოწვეულია სახელისუფლო ბლოკისა და მისი ლიდერის გადაწყვეტილებით, რომ ნებისმიერი გზით იბრძოლონ ხელისუფლების შესანარჩუნებლად. ამიტომ, დადგა დრო, როდესაც ოპოზიციამ რეალურად უნდა შეაფასოს ხელისუფლების ძალა და საფრთხე, რომელიც მისგან მომდინარეობს. ლოგიკური იქნება, ამ საფრთხემ ოპოზიციურ პარტიებს ისევ დაახლოების სტიმული აღუძრას. ოღონდ ეს ეხება მხოლოდ იმ პარტიებს და იმ ლიდერებს, რომლებსაც გულწრფელად აღელვებთ სახელმწიფო კურსის შესაძლო ცვლილება.