არჩევანი სამართლიანობასა და კეთილდღეობას შორის

ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანია, როგორც ჩანს, ორი მთავარი ნიშნით წარიმართება: ზოგიერთი პარტია ამომრჩეველს შესთავაზებს სამართლიანობის დამყარებას ქვეყანაში,
ზოგიერთი კი კეთილდღეობას შეჰპირდება. რას მიანიჭებს უპირატესობას საქართველოს მოსახლეობა?


მიხეილ სააკაშვილი ის პოლიტიკური ლიდერია, რომელიც ყველა საჯარო გამოსვლაში დაბეჯითებით იმეორებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მაღალი რანგის ჩინოვნიკებს დაუსაბუთებელ ქონებას ჩამოართმევს და მათგან არაერთს ციხეშიც ჩასვამს.

დავით გამყრელიძე ის პოლიტიკური ლიდერია, რომელიც მოსახლეობას ჰპირდება ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას, დასაქმებას და აღმშენებლობას ხელისუფლებაში მოსვლიდან 900 დღის განმავლობაში.

ეს ორი ლიდერი თითქმის სრულად ასახავს ოპოზიციური პარტიების ზოგად პოზიციას.

პირველ რიგში, საკითხავი ის არის, დაუჯერებს თუ არა უბრალო ადამიანი ან ერთ და ან მეორე პარტიას. მაგრამ თუ დაუჯერებს, რომელს მიანიჭებს უპირატესობას?

დავით გამყრელიძე მთავარ აქცენტს კეთილდღეობაზე აკეთებს, მიხეილ სააკაშვილი კი - სამართლიანობის დამკვიდრებაზე. კეთილდღეობა ნიშნავს ქვეყნის პოლიტიკის და ეკონომიკის სწორ განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას და მეტ-ნაკლებად მაღალი ხელფასების უზრუნველყოფას. სამართლიანობა კი ნიშნავს ყველასათვის კუთვნილის მიზღვას - სწორედ ისე, როგორც ალექსანდრე ჭავჭავაძე ნატრობდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს: “რომელნიც ამწარებთ ღარიბთ ცხოვრებას/ და ჰსთხოვთ ურცხვად, უსამართლოდ მონებას,/ მოელოდეთ მათთან თანასწორობას./ არ მარადის იშვათ/ მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით”.

მაგალითად, რა სარგებლობას მიიღებს რომელიმე გაჭირვებული ოჯახი ლანჩხუთის ან ამბროლაურის რაიონში, თუკი მიხეილ სააკაშვილი მართლაც ჩამოართმევს დაუსაბუთებელ ქონებას ყოფილ მინისტრებს ან ციხეში ჩასვამს მათ? ცხადია, ვერაფერს და არც ფიქრობს ვინმე, რომ იმ ჩამორთმეული ქონებიდან თუნდაც უმნიშვნელო წილი მის ოჯახსაც შეხვდება. თუ ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მუქარები მოსახლეობას დადებითად აღელვებს, მიზეზი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ უსამართლობის მძაფრი განცდა.

სწორედ ამ განცდის აღმოსაფხვრელად დაჰპირდა ედუარდ შევარდნაძე თავის ამომრჩეველს 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ: დამნაშავეების დასასჯელად ხელი არ ამიკანკალდებაო. მის წინასაარჩევნო განცხადებებს შორის ხალხმა ყველაზე უკეთ სწორედ ეს დაპირება დაიმახსოვრა.

გაჭირვებულ ქვეყანაში სანატრელია კეთილდღეობაც და სამართლიანობაც. იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიცია გაერთიანდებოდა, ეს ორი დაპირება ერთმანეთს შეავსებდა. ახლა კი თითოეულმა ამომრჩეველმა, რომელიც ოპოზიციურ ლიდერებს ენდობა, თავისთვის უნდა გადაწყვიტოს: რა უფრო სჭირდება მომავალი ხელისუფლებისგან და რა უფრო რეალურია - სამართლიანობის დამყარება დღემდე უსამართლო ქვეყანაში, თუ კეთილდღეობის შეტანა დღემდე უკიდურესად გაჭირვებულ საზოგადოებაში.