ერაყელების რეაქცია სადამ ჰუსეინის ორი ვაჟის მკვლელობასთან დაკავშირებით

ანდრო ეული, პრაღა 24 ივლისს მრავალმა სატელევიზიო არხმა უჩვენა ფოტოსურათები, რომლებზეც ქალაქ მოსულში სამშაბათს მომხდარი ბრძოლის დროს მოკლული ძმების, ერაყის დამხობილი დიქტატორის ვაჟების,
უდაი და ქუსაი ჰუსეინების გვამებია გამოსახული. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ერაყელი ხალხი ახლა კი დარწმუნდება იმაში, რომ სადამ ჰუსეინის ოჯახი განადგურებულია.


იმ დროს, როცა მრავალ ერაყელს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ფოტოსურათებზე მართლაც უდაი და ქუსაი ჰუსეინების გვამებია გამოსახული, არაერთ საინფორმაციო უწყებას ეთიკური თვალსაზრისით გაუმართლებლად მიაჩნია ხსენებული ფოტოსურათების დემონსტრირება. ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა განაცხადა, რომ ფოტოსურათების გამოქვეყნებაზე გადაწყვეტილების მიღება არ ყოფილა ადვილი, და მაინც მიაჩნია, რომ ეს, სწორი ნაბიჯი იყო [დონალდ რამსფელდის ხმა]: "ეს ორი ადამიანი განსაკუთრებით სახიფათო პიროვნებები იყვნენ. ისინი აღარ არიან ცოცხალი. ჩვენ ეს ვიცით. საგულდაგულოდ მოხდა მათი ამოცნობა. ერაყელი ხალხი ამ ცნობის დადასტურებას ელოდება და ვფიქრობ ღირსიცაა მიიღოს ამგვარი დადასტურება".

დუბაის ტელეარხმა "ალ-არაბიამ" ხუთშაბათის გადაცემაში უჩვენა ვიდეოფირი, რომელზეც ყუმბარმტყორცნებით შეიარაღებული ნიღბიანი მამაკაცები ამბობენ, რომ სადამის ბედუინთა მილიციის წევრები არიან და აცხადებენ, რომ უდაი და ქუსაი ჰუსეინების მოკვლისათვის სამაგიეროს გადაუხდიან ამერიკელებს. სამშაბათიდან მოყოლებული, ერაყში 5 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ქამალ სამარი საზოგადოებრივი ორგანიზაციის ემნისტი ინტერნეიშენალის წევრია და თვლის, რომ უმჯობესი იქნებოდა არ ეჩვენებიათ ტელევიზიით ფოტოსურათები, რომლებზეც სადამ ჰუსეინის მოკლული ვაჟების გვამებია გამოსახული. ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში ქამალ სამარიმ განაცხადა [ქამალ სამარის ხმა]: "მართალია, ომთან დაკავშირებით მიღებული კანონები არ კრძალავს დახოცილთა გვამების ფოტოსურათების ჩვენებას, თუმცა მორალური პრინციპებიდან გამომდინარე პატივი უნდა ვცეთ ყველა მკვდრისა თუ ცოცხლის, იქნება ეს ერაყელი, ამერიკელი, ბრიტანელი თუ კიდევ სხვა მოქალაქის ღირსებას. ამდენად, მიგვაჩნია, რომ უკეთესი იქნებოდა, თუკი ფოტოსურათებს არ აჩვენებდნენ".

ენტონი ლოვფტედი ვენაში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის თანამშრომელია. აი რა განაცხადა მან მოკლული უდაი და ქუსაი ჰუსეინების ფოტოსურათების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით:
"სადამ ჰუსეინის ვაჟები უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი პიროვნებები არიან. ამდენად, საზოგადოება უფლებამოსილია იცოდეს, რა ბედი ეწია მათ და რა ვითარებაში მოხდა ეს. ამ პრინციპიდან გამომდინარე შეიძლებოდა ფოტოსურათების გამოქვეყნება. მაგრამ სასიკვდილო ჭრილობების ასე ახლოდან ჩვენება არ იყო გამართლებული".

ახლახან მიღებული ცნობის თანახმად, პარასკევს ამერიკელმა სამხედროებმა დამოუკიდებელ ჟურნალისტებს სადამ ჰუსეინის მოკლული ვაჟების: უდაი და ქუსაის გვამები უჩვენეს.