სახელისუფლო ლიდერების ძლიერი და სუსტი მხარეები

ქართული პრესა პოლიტიკურ ლიდერებს ხშირად ყოფს პარტიულ და ჩინოვნიკურ ლიდერებად. ამგვარი დაყოფის მიღმა თვისებების და გარემოებების მკვეთრი გამიჯვნა იგულისხმება: პარტიული ლიდერები
წმინდა პოლიტიკური ფიგურები არიან, ხოლო ჩინოვნიკური ლიდერების ყოფნა პოლიტიკაში მხოლოდ მათი თანამდებობით არის განპირობებული. ამ კრიტერიუმს თუ გავითვალისწინებთ, სამთავრობო ბლოკი ჩინოვნიკური ლიდერების ბლოკია და მათი ძალაც და სისუსტეც მათ თანამდებობებში უნდა მოვძებნოთ.

სამთავრობო ბლოკში ორი მეტ-ნაკლებად რეიტინგული პარტიული ლიდერია - ირინა სარიშვილი-ჭანტურია და ვახტანგ რჩეულიშვილი. თუ ვიკითხავთ, რატომ მოხვდნენ პარტიული ლიდერები ჩინოვნიკური ლიდერების ბლოკში, პასუხი ერთმნიშვნელოვანია: სადეპუტატო მანდატის მოსაპოვებლად.

რა არის პარტიული ლიდერების ძლიერი მხარე, რის გამოც სახელისუფლო ბლოკს ხელს აძლევს სოციალისტების და ეროვნულ-დემოკრატების მიღება საკუთარ წიაღში? საარჩევნო ხმების შემომატების მხრივ, ამ ორი პარტიის შესაძლებლობები სახარბიელო არ არის; რეგიონალური სტრუქტურები სახელისუფლო ბლოკს საკუთარი აქვს; რაიმე გამოცდილება, რომლის გაზიარება ჩინოვნიკურ ლიდერებს თავისთვის სასარგებლოდ მიაჩნდეთ, ნამდვილად არ იგულისხმება. რჩება მხოლოდ ერთი ფაქტორი: პარტიული ლიდერის ფუნქცია. ესე იგი, ირინა სარიშვილი-ჭანტურიას და ვახტანგ რჩეულიშვილის ძლიერ მხარედ იმ რეალობაში, როდესაც ისინი სახელისუფლო ბლოკის წევრები არიან, უნდა მივიჩნიოთ მათი არაჩინოვნიკური, წმინდა პარტიული სტატუსი. სახელისუფლო ბლოკს, დღევანდელი შემადგენლობის გამო, ვეღარავინ დასწამებს, რომ მას პოლიტიკასთან მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე სკამი და სავარძელი აკავშირებს. პიროვნული თვალსაზრისით, ირინა სარიშვილი-ჭანტურიას ძლიერ მხარედ რჩება მწყობრი აზროვნება და საკუთარი პოზიციის დამაჯერებელი არგუმენტაცია; აგრეთვე, პოლიტიკური დებატების თავისთვის სასარგებლოდ წარმართვის უნარი. ვახტანგ რჩეულიშვილს კი სხვებზე უკეთ ეხერხება არაპოპულარული და ზოგჯერ სკანდალური ინფორმაციის მსუბუქად მიტანა საზოგადოებამდე. ამ უნარს სახელისუფლო ბლოკი აუცილებლად გამოიყენებს.

ნიშანდობლივია, რომ ჩინოვნიკური ლიდერები, როგორც პოლიტიკური ფიგურები, ერთმანეთს გვანან, პარტიული ლიდერები კი მკაფიოდ განსხვავდებიან. ირინა სარიშვილი-ჭანტურია და ვახტანგ რჩეულიშვილი ბლოკში, მართლაც, ინდივიდუალურ სახეებს ქმნიან. რაც შეეხება მათ სისუსტეებს, ამ თემაზე საუბარი იმით ამოიწურება, რომ ოპოზიციური პარტიული ლიდერები არჩევნების წინ სახელისუფლო ბლოკში აღმოჩნდნენ. ეს თავგანწირული ნაბიჯი პოლიტიკური ხარაკირის ტოლფასია.

თავად ჩინოვნიკური ლიდერები ბლოკში მრავლად არიან და, როგორც ვთქვით, ინდივიდუალური სახით არ გამოირჩევიან. ამიტომ მათი ძლიერი და სუსტი მხარეებიც იდენტურია. არსებითი ფაქტორი, რაც ამ ბლოკს ადუღაბებს და რაც ბლოკის ლიდერების, უდავოდ, ძლიერ მხარედ უნდა მივიჩნიოთ, არჩევნების მოგების მოტივაციაა. ავთანდილ ჯორბენაძე, ლევან მამალაძე, ვანო ზოდელავა, აკაკი ჩხაიძე და დანარჩენებიც, არჩევნების წაგების შემთხვევაში, არა მხოლოდ თანამდებობებს კარგავენ, არამედ, საკუთარი აღქმით, პირდაპირ "ლომის ხახაში" ხვდებიან. ამიტომ, მათი ენერგია, მატერიალური თუ სულიერი რესურსი თითქმის უნაშთოდ ჩაიდება 2 ნოემბრის არჩევნებში. და ეს ადამიანები გულწრფელად ეცდებიან ერთმანეთის გაძლიერებას. რაგინდ სასიცოცხლო აუცილებლობად მიაჩნდეთ ოპოზიციურ ლიდერებს არჩევნების მოგება, მათი მოტივაცია მაინც ვერ გაუტოლდება სახელისუფლო ბლოკის ლიდერების მოტივაციას.

რაც შეეხება სუსტ მხარეებს, აქ საკმარისი იქნება სახელისუფლო ლიდერების საზოგადოებრივი იმიჯის დასახელება. ეს იმიჯი მეტად შელახულია სხვადასხვა კუთხით, რომელთა შორის უმთავრესია კორუფცია. მართალია, რიგითმა მოქალაქემ მხოლოდ ყურმოკვრით იცის, ვის რა დასაბუთებული თუ დაუსაბუთებელი ქონება აქვს, მაგრამ იმას კი დანამდვილებით ხედავს, რომ ქვეყანა არასწორად იმართება. ეს სახელისუფლო ბლოკის და მისი ლიდერების ყველაზე სუსტი მხარეა საარჩევნო ხმების მოზიდვის თვალსაზრისით.

მომავალი არჩევნები საგანგებო ინტერესს და მნიშვნელობას იძენს იმის გამო, რომ, ბოლოს და ბოლოს, დანამდვილებით გაირკვევა, რომელია მჯობნის მჯობნი დღევანდელ საქართველოში: ჩინოვნიკური ლიდერების მოტივაცია თუ საზოგადოებრივი ინტერესი.