ნინო ბურჯანაძესთან ინტელიგენციის სტუმრობის პოლიტიკური ქვეტექსტი

2 ივლისს პარლამენტის თავმჯდომარეს შემოქმედებითი ინტელიგენციის ერთი ჯგუფი ესტუმრა, რათა მისთვის ნდობა დაედასტურებინა და თანადგომაც შეეთავაზებინა.
საზოგადოებისთვის უაღრესად პატივსაცემმა ადამიანებმა დაბეჯითებით მოითხოვეს “ჯანსაღი ოპოზიციის” გაერთიანება ბურჯანაძის ირგვლივ.

არჩევნების წინ ასეთი შეხვედრა ბუნებრივად გამოიყურება. არაბუნებრივად მხოლოდ ის შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სტუმრების დიდი ნაწილი 2 ივლისამდე ცნობილი იყო, როგორც ზურაბ ჟვანიას აქტიური მხარდამჭერი.



იმ ადამიანებმა, რომლებიც პოლიტიკური კონტექსტის მიღმა პოლიტიკურ ქვეტექსტს ვერ კითხულობენ, ნინო ბურჯანაძესთან ინტელიგენციის სტუმრობა ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აღიქვეს. პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ გამოთქმული ნდობა, მისი აღიარება ოპოზიციის პირველ ლიდერად, ბურჯანაძის ირგვლივ პოლიტიკური პარტების შემოკრების მოთხოვნა - შესაძლოა, ადამიანურად, მართლაც, გულსატკენი იყო პრეზიდენტისთვის.

მაგრამ არსებობს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ შევარდნაძეს ეს შეხვედრა უფრო მეტად გაახარებდა, ვიდრე გულს დასწყვეტდა. ამგვარი ვარაუდის არგუმენტებით გასამყარებლად რამდენიმე ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. არსებითი დეტალი ის არის, რომ ნინო ბურჯანაძის სტუმრების დიდი ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და შემდგომ პერიოდშიც მხარს ზურაბ ჟვანიას უჭერდა. ამავდროულად, შეხვედრის კოორდინატორად დასახელდა ელდარ შენგელაია, რომელიც ჟვანიას გუნდის აქტიური წევრია.

საფიქრებელია, რომ შეხვედრის ინიციატორი თავად გაერთიანებული დემოკრატების ლიდერი იყო. პოლიტიკურად ნეიტრალური მოქალაქეები, რომლებიც ზურაბ ჟვანიას თავის ლიდერად არ აღიარებენ, სიამოვნებით უჭერენ მხარს ნინო ბურჯანაძეს. ბურჯანაძის მაღალი რეიტინგი ბუნებრივად იზიდავს ჟვანიას პარლამენტის ამჟამინდელი თავმჯდომარისკენ, რომელიც, თავის მხრივ, დასაყრდენ ძალას ეძებს. პოლიტიკური პროცესის დღევანდელ ეტაპზე ჟვანიასა და ბურჯანაძის ინტერესები ორმხრივად თანხვედრია.

მაგრამ ვის წინააღმდეგ ერთიანდებიან ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე? საფიქრებელია, რომ უფრო მეტად კონკურენტული ოპოზიციური პარტიების, ვიდრე - სახელისუფლო ბლოკის. შეხვედრისას უარყოფით კონტექსტში დასახელდნენ ახალი მემარჯვენეები, რომლებმაც, ერთ-ერთი სტუმრის შეფასებით, ჩაშალეს ოპოზიციის გაერთიანება და მოატყუეს საზოგადოება. თუმცა საფიქრებელია, რომ ეს ღონისძიება, რომელზეც შემოქმედებითმა ინტელიგენციამ ნინო ბურჯანაძე ოპოზიციის პირველ ლიდერად აღიარა, უფრო მეტად მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ იყო ჩაფიქრებული, ვიდრე სხვების. რადგან პირველ ლიდერობაზე პრეტენზიას სწორედ სააკაშვილი აცხადებს. მოწოდება, რომ ქარიზმატული ლიდერის დრო წავიდა, ხოლო მამაკაცებმა კეთილი უნდა ინებონ და ღირსეულად იტვირთონ მეორე ლიდერობა - ცხადია, სააკაშვილისკენ იყო მიმართული.

ვიდრე ჟვანიასა და სააკაშვილის გუნდებს შორის კოორდინაცია ჯერ კიდევ არსებობდა, მაშინ, დახურულ კარს მიღმა, არაერთხელ ითქვა, რომ ჟვანიას პოლიტიკური ინტელექტისა და სააკაშვილის პოპულარობის დაპირისპირება ორივე პოლიტიკოსისთვის სავალალო შედეგს გამოიღებდა. თუ ისინი საარჩევნოდ გაერთიანდებოდნენ, ეს მათ ურთიერთდაპირისპირებას ააცილებდა. ხოლო თუ გაერთიანება ვერ მოხერხდებოდა, ცხადი იყო, ჟვანიასა და სააკაშვილს ერთმანეთის “ჩაძირვაზე” უნდა ეზრუნათ, ღიად თუ არა, ფარულად მაინც. ეს ყველაფერი წინასწარ და გულწრფელად ითქვა რამდენიმე თვის წინ. ჟვანიას და სააკაშვილის გუნდის წევრები ერთმანეთს აფრთხილებდნენ, რომ ისინი იმდენად მძიმე კონკურენტები და საშიში მეტოქეები აღმოჩნდებოდნენ ერთმანეთისთვის, რომ მათი დაპირისპირების შემთხვევაში მოიგებდა არა რომელიმე მათგანი, არამედ ვინმე სხვა.

და მაინც, ამ ორმხრივი განმარტებების მიუხედავად, გაერთიანებული დემოკრატებისა და ნაციონალური მოძრაობის საარჩევო პარტნიორობა არ შედგა. სამაგიეროდ, როგორც ჩანს, დაიწყო დაპირებული ბრძოლა ერთმანეთის წინააღმდეგ. მართალია, ის ადამიანები, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარეს სტუმრობდნენ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არ არიან, მაგრამ მათ შეუვალი საზოგადოებრივი ავტორიტეტი აქვთ. ამიტომ, მათი მხარდაჭერა მხოლოდ მათ საარჩევნო ხმებს არ ნიშნავს, ეს ნიშნავს მათ თაყვანისმცემელთა ხმების მოზიდვას ნინო ბურჯანაძის სასარგებლოდ. ასეთი კი საზოგადოების დიდი ნაწილია.

გამოდის, ჟვანიამ სააკაშვილის პოპულარობას ბურჯანაძის წონა და იმიჯი დაუპირისპირა. გაერთიანებული დემოკრატები მაქსიმალურად ისარგებლებენ პარლამენტის თავმჯდომარის საარჩევნო რესურსით. უპარტიო ბურჯანაძე კი პარტიულ ლიდერებზე მეტად ვერასოდეს გაძლიერდება. ამიტომ, დაპირისპირების ხაზი ყოველთვის ჟვანიასა და სააკაშვილს შორის გაივლის. ეს არის პოლიტიკური ქვეტექსტი, რომელიც უსათუოდ ახლდა ინტელიგენციის შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან. საფიქრებელია, რომ სწორედ ამ ქვეტექსტით ისიამოვნებდა პრეზიდენტი ინტელიგენციის მიერ ახალი ფავორიტის - ნინო ბურჯანაძის - დასახელებისას.