პროფესიული საარჩევნო გაერთიანებები

ბოლოხანს საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებაში სიახლე შეიმჩნევა: ამა თუ იმ დარგის წარმომადგენლები საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ქმნიან დარგობრივი პრინციპით. მათ დამფუძნებელ შეკრებებს
ხელისუფლების პირველი პირები ესწრებიან და, უეჭველია, რომ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებს საზოგადოება საარჩევნო სიაში იხილავს.

რა მნიშვნელობა აქვს პროფესიულ გაერთიანებებს სახელისუფლო ბლოკისათვის?

სახელისუფლო ბლოკზე დაკვირვება რამდენიმე მოსაზრებას იწვევს. პირველი: ამ ბლოკში ხვდებიან მხოლოდ ის პარტიები და გაერთიანებები, რომელთა ლიდერები უსიტყვოდ აღიარებენ ედუარდ შევარდნაძის ავტორიტეტს. მეორე: ამ ბლოკში ერთიანდებიან ძალები, რომლებსაც ხელს აძლევს ქვეყანაში ამჟამად არსებული სტაგნაციის შენარჩუნება. მესამე: ამ ბლოკში საკუთარ რესურსს დებენ თანამდებობის პირები, რომლებიც ბევრ რამეს დაკარგავენ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში.

ამ პრინციპებიდან გამომდინარე, ბუნებრივად გამოიყურება საარჩევნო პროფესიული გაერთიანებების შექმნის იდეა. ედუარდ შევარდნაძე მოიზიდავს დარგის ხელმძღვანელობის ჯიბეებში დალექილ თანხებს და სხვა რესურსს; დარგის ლიდერები კი, რომელთა მონაწილეობა მსხვილ კორუფციაში საზოგადოების ეჭვს არ იწვევს, შეეცდებიან, საკუთარი ხელით შეიქმნან სამომავლო გარანტიები.

წინა საპარლამენტო არჩევნებში არც სახელისუფლო პარტიას და არც ოპოზიციას პროფესიული გაერთიანებების შექმნა არ უცდია. მაშინ ორივე ბანაკი პარტიულ პრინციპს დაეყრდნო. თუმცა ასლან აბაშიძესთან არჩევნების წინ საგანგებოდ დამეგობრებული ალექსანდრე ჭაჭია "აღორძინების" ლიდერს სწორედ იმას ურჩევდა, წვრილ-წვრილი პარტიების პატრონობაზე ფულს და ენერგიას ნუ დახარჯავო. შეგახსენებთ ნაწყვეტს 1999 წლის 26 ნოემბერს, არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ, "დილის გაზეთში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან. ამ ინტერვიუში ალექსანდრე ჭაჭია განმარტავს, რატომ წააგო არჩევნები "აღორძინების" ბლოკმა: "სიაში ყოველი გვარი უნდა ყოფილიყო ნიშანდობლივი ამა თუ იმ რაიონისთვის ან დარგისთვის. ჩვენი პარტიები კი ამ პრინციპისგან შორს დგანან. მე ბატონ ასლანს რეგიონალური საზოგადოებრივი ორგანიზაციების შექმნას ვთავაზობდი. რეგიონალურ პრინციპს იმიტომ ვაქცევდი ძირითად ყურადღებას, რომ მრეწველობა და სოფლის მეურნეობა პარალიზებულია, რის გამოც დარგობრივი პრინციპი მეორეხარისხოვანი ხდება. თუმცა მისი გამოყენება ზოგიერთ სფეროში ჯერ კიდევ შეიძლება."

ამ ციტატამ შეუძლებელია არ გაგვახსენოს სვანების საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც ერთ-ერთი პირველი შეუერთდა სახელისუფლო ბლოკს.

გამოდის, ის რჩევები, რომლებიც არ გამოიყენა ასლან აბაშიძემ გასულ საპარლამენტო არჩევნებში, ახლა საარჩევნო სტრატეგიად იქცა ედუარდ შევარდნაძის ბანაკისთვის. ცხადია, რომ სახელისუფლო ბლოკს ასულდგმულებს თავგანწირულთა სულისკვეთება. არჩევნების წაგება ამ ბლოკის წევრებისთვის ლამის დარჩენილი ცხოვრების წაგებაა. რიგითმა ამომრჩეველმა სწორედ ეს ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს: ასე უმტკივნეულოდ ამ ადამიანების შენარჩუნება ან მათგან გათავისუფლება სხვა დროს ვეღარ მოხერხდება.