ირინა სარიშვილი-ჭანტურია და ნინო ბურჯანაძე - ორი პოლიტიკური სახე

ირინა სარიშვილი-ჭანტურია ამჟამად სახელისუფლო ბლოკის სპიკერია. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, გახდება თუ არა ნინო ბურჯანაძე გაერთიანებული ოპოზიციის პოლიტიკური სახე და ერთ-ერთი ლიდერი.
თუმცა სრულიად აშკარაა, რომ ეს ორი ფიგურა არჩევნებში სხვადასხვა ბანაკს გააძლიერებს. ალბათ, სწორედ ამიტომ, საზოგადოების მხრიდან ისინი ერთმანეთის საპირწონედ აღიქმებიან.

ირინა სარიშვილი-ჭანტურია ხელისუფლებაში ეროვნული მოძრაობიდან, ესე იგი, ქუჩიდან მოვიდა, ნინო ბურჯანაძე კი - ოჯახური სათბურიდან. ეს არსებითი გარემოება დიდწილად განსაზღვრავს მათ პოლიტიკურ სახეს.

ირინა სარიშვილი-ჭანტურიას უპირატესობა ადამიანური გამოცდილებაა: მან ბევრი გაჭირვება და დიდი უბედურება გადაიტანა, შესაბამისად, საზოგადოებისგან დიდი თანადგომაც მიიღო. ნინო ბურჯანაძის ცხოვრება კი მეტისმეტად უღრუბლოდ გამოიყურება: მამა - ანზორ ბურჯანაძე, მეუღლე - ბადრი ბიწაძე, ორი ჭკვიანი შვილი, კარგი განათლება, მუდმივი კეთილდღეობა და წარმატებები. ასეთი ბიოგრაფია გაჭირვებულ ქვეყანაში განსაკუთრებულ თანაგრძნობას არ იწვევს.

პოლიტიკოსების გარეგნული სახეც მათი ბიოგრაფიის შესატყვისია: სარიშვილი-ჭანტურია ყოველთვის სადად არის ჩაცმული და საზოგადოების რიგით წევრად გამოიყურება. ეს მას ჩვეულებრივ ადამიანებთან აახლოებს. ბურჯანაძე კი საქმიანი ქალის იმიჯს წუთითაც არ თმობს და ყოველთვის საგანგებო ფორმაშია, რაც მის მიმართ პატივისცემას აძლიერებს, მაგრამ დისტანციას ზრდის.

მნიშვნელოვანია ამ ორი პოლიტიკური ფიგურის მეტყველების მანერა. ირინა სარიშვილი-ჭანტურია გაცილებით არგუმენტირებულად და მოკლედ საუბრობს. მისი ხედვა, როგორც წესი, საინტერესოა. ნინო ბურჯანაძის მეტყველება კი მონოტონურია, მასში იშვიათად ჩნდება ემოციური ბირთვები. სამაგიეროდ, სარიშვილ-ჭანტურიას უყვარს ცინიზმი, რაც მის მიმართ გაუცხოებას ბადებს; ნინო ბურჯანაძის მეტყველებაში კი მეტი პრინციპულობაა, რაც მის მიმართ სიმპათიას იწვევს.

ირინა სარიშვილი-ჭანტურიას რეიტინგი, ტრადიციულად, მაღალი იყო და მისი გვარი ხშირად ედუარდ შევარდნაძის შემდეგ მეორე გრაფას იკავებდა. დღეს ნინო ბურჯანაძის რეიტინგი შეუდარებლად მეტია. რატომ?

მთავარი, რაც ამ ორ პოლიტიკურ ფიგურას ერთმანეთისგან განასხვავებს, მათი კარიერის ვექტორია. დიდი გამოცდილების და საგანგებო უნარების მიუხედავად, ირინა სარიშვილი-ჭანტურიას საქმიანობა, კარგა ხანია, მინუს ნიშნით მიმდინარეობს, ნინო ბურჯანაძე კი მუდმივად წარმატებულია. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა, რომელზეც იგი მხოლოდ პოლიტიკური მომენტის გავლენით აღმოჩნდა, ბურჯანაძემ გონივრულად გამოიყენა. როგორც ჩანს, მან ბევრი შრომა გასწია, ბევრი იმუშაკა და შედეგად ის მიიღო, რომ დღეს პოლიტიკური ჯგუფები მის მიმხრობას დაჟინებით ცდილობენ.

საბოლოოდ, რეალობა ასეთია, რომ ირინა სარიშვილი-ჭანტურია ეროვნული მოძრაობიდან პრეზიდენტის გვერდით აღმოჩნდა; ნინო ბურჯანაძე კი, პრეზიდენტის მეგობარი ოჯახის შვილი, ოპოზიციის გვერდით დადგა. ვნახოთ, რომელი ხედვა და პოლიტიკური გადაწყვეტილება უფრო პერსპექტიული აღმოჩნდება სამომავლოდ.