სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ არასუნიტი ერაყელებისგან შემდგარი ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფები იმედოვნებენ, რომ მათი ლიდერები ქვეყნის მართვაში უფრო აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ,
ვიდრე აქამდე იღებდნენ. ეს განსაკუთრებით ითქმის ჩრდილოეთში მცხოვრებ ქურთებზე, რომლებმაც ავტონომიისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში დაიწყეს. ხომ არ შეიძლება, ავტონომიისკენ ერაყელი ქურთების სწრაფვა რეგიონში ახალი დაძაბულობის მიზეზად იქცეს?
ამ ორიოდე დღის წინათ ბაღდადში გაიმართა შეხვედრა, რომლის მონაწილე 200-მდე დელეგატმა სადამ ჰუსეინის შემდგომ პერიოდში ერაყის სახელმწიფო მოწყობის გზებზე იმსჯელა. შეხვედრის მონაწილეთა შორის იყვნენ როგორც ქურთისტანის პატრიოტული კავშირის, ისე ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები, თუმცა, ისევე, როგორც ორი კვირით ადრე, ნასირიაში გამართული ანალოგიური შეხვედრის დროს, ამ ორგანიზაციების ლიდერებმა ჯალალ თალაბანიმ და მასუდ ბარზანიმ ამჯერადაც შინ დარჩენა ამჯობინეს. ერთმაც და მეორემაც 15 და 28 აპრილის შეხვედრები მეტისმეტად დაბალი რანგის ფორუმებად მიიჩნიეს საიმისოდ, რომ ისინი თავიანთი მონაწილეობით გაეკეთილშობილებინათ.
მაგრამ არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ ერაყელი ქურთები (მათი რიცხვი კი სხვადასხვა მონაცემით ოთხიდან ექვს მილიონამდე აღწევს) ყოველ ღონეს იხმარენ, რათა ქვეყანაში შექმნილი ვითარება საკუთარი მიზნების მისაღწევად გამოიყენონ.
ამ აზრს იზიარებს ბრიტანელი ისტორიკოსი დევიდ მაკდაუელი, რომელიც ქურთული ნაციონალიზმის ისტორიის ავტორიტეტიანი მკვლევარი გახლავთ:
[დევიდ მაკდაუელის ხმა] "არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 1918 წლიდან მოყოლებული ერაყელ ქურთებს ახლა პირველად ეძლევათ საშუალება, მესოპოტამიაში თავიანთი ადგილი იმგვარად დაიმკვიდრონ, როგორც სურთ. ბაღდადში მთავრობა არ არსებობს, და როცა შეიქმნება კიდეც, მეტად სუსტი იქნება."
ქურთები არ მალავენ, რომ ერაყში ფედერალური სახელმწიფოს შექმნას უჭერენ მხარს, რასაც, სხვათა შორის, შიიტ მაჰმადიანთა დიდი ნაწილიც ემხრობა. თუ გავრცელებული ინფორმაციით ვიმსჯელებთ, ფედერაციის შექმნის მომხრეთა შორის არის აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუშიც, მაგრამ რაიმე ოფიციალური გეგმა ერაყის მომავალი სახელმწიფო მოწყობის შესახებ ვაშინგტონს ჯერ არ გამოუქვეყნებია.
გასულ კვირაში ჩრდილოეთ ერაყში იმოგზაურა ერაყის დროებითი სამოქალაქო ადმინისტრაციის ამერიკელმა ხელმძღვანელმა ჯეი გარნერმა, რომელმაც ბაღდადში დაბრუნებისთანავე ბევრისთვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, თითქოს ქურთები სულაც არ ესწრაფიან ფედერალიზმს.
[ჯეი გარნერის ხმა] "ბოლო ორი დღე ბატონ თალაბანისთან და ბატონ ბარზანისთან ერთად გავატარე და მათ ეს სიტყვა ერთხელაც არ უხმარიათ. ორივე დემოკრატიულ პროცესებზე საუბრობდა, აღნიშნავდა იმას, რომ საჭიროა ისეთი ქვეყნის აშენება, რომელიც მთელი ერაყის მოზაიკა იქნებოდა, რომელშიც გაერთიანდებოდა ყველა ეთნიკური ჯგუფი თუ ტომი, ყველა კულტურა, ყველა სარწმუნოება და პროფესია. მაგრამ ფედერალიზმი მათ ერთხელაც არ უხსენებიათ."
ამ განცხადებამ ერთი მხრივ, თითქოს ცივი წყალი გადაასხა ერაყელი ქურთების იმედს, მაგრამ სულ რამდენიმე დღეში იმავე გარნერმა ქებით მოიხსენია ქურთების მიერ ჩრდილოეთი ერაყის დე ფაქტო მართვის 12-წლიანი გამოცდილება და ამ რეგიონის ერთ-ერთ მთავარ ქალაქს, ქირქუქს, "ქურთების ქალაქი" უწოდა.
ამ სიტყვებს თურქეთის მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. ანკარამ ვაშინგტონს შეახსენა ადრინდელი დაპირება, რომ ქირქუქი ქურთების ხელში არ გადავიდოდა. თურქეთი შიშობს, რომ ჩრდილოეთი ერაყის მდიდარი ბუნებრივი რესურსები ხელს შეუწყობს ავტონომიისკენ ქურთების სწრაფვას და ამიტომ დაჟინებით მოითხოვს, რომ მთელი ეს რეგიონი ბაღდადის იურისდიქციის ქვეშ დარჩეს.
თუმცა, როგორც უტრეხტის უნივერსიტეტის პროფესორმა, მარტინ ვან ბროინესენმა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს ჟან-კრისტოფ პეკს უთხრა, ერაყის მეზობლებიდან თურქეთი ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ქურთებისთვის ავტონომიის მინიჭებას. ქურთების პრობლემებში ღრმად ჩახედული ჰოლანდიელი ექსპერტის თქმით, ერაყელი ქურთების გააქტიურება არანაკლებ აშფოთებთ სირიასა და ირანს, რომლებსაც თვითონაც ჰყავთ ქურთული უმცირესობა.
პროფესორი ვან ბროინესენი დასძენს, რომ ვაშინგტონს დანის პირზე სიარული უხდება: ერთი მხრივ, მოკავშირე თურქებს ეუბნება, ნურაფრის გეშინიათო, ხოლო, მეორე მხრივ ცდილობს, თავი მოუქონოს ქურთებს, რომლებიც მას სადამ ჰუსეინის დამხობაში დაეხმარნენ. საკითხავია, რამდენ ხანს შეძლებს ვაშინგტონი დანის პირზე სიარულს?